EBRD-ი სომხეთს სასაზღვრო პუნქტების მოდერნიზებისთვის €19.6 მილიონამდე სესხს გამოუყოფს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სომხეთს სასაზღვრო გამშვები პუნქტების მოდერნიზებისთვის €19.6 მილიონამდე მოცულობის სესხს გამოუყოფს.
სომხეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა შესაბამის შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს.
პროექტის ფარგლებში, რომელიც სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის სასაზღვრო გამშვები პუნქტების მოდერნიზებას ითვალისწინებს, ქვეყანა დაფინანსებას ორ ტრანშად მიიღებს.
რაც შეეხება პროექტის მიზნებს, დაფინანსება სასაზღვრო გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის განახლებასა და სასაზღვრო კონტროლის თანამედროვე აღჭურვილობის დანერგვას მოხმარდება. ამას გარდა, შეთანხმება ქვეყანაში ახალი საბაჟო ლაბორატორიის შექმნასაც ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ეს ნაბიჯები საზღვრისა და საბაჟო მართვის შესაძლებლობებს გააძლიერებს და საბაჟო პროცედურებს უფრო ეფექტიანს გახდის.
აღსანიშნავია, რომ სასესხო შეთანხმება სომხეთის ფინანსთა მინისტრ ვაჰე ჰოვჰანისიანსა და EBRD-ს დელეგაციას შორის გამართულ შეხვედრაზე გაფორმდა. ვაჰე ჰოვჰანისიანმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სტრატეგიული, მათ შორის სასაზღვრო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერებისთვის EBRD-ს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
