ეკონომიკა მხოლოდ პრეზენტაციებით არ ცხოვრობს|რეალობა ბედნიერი რიცხვების მიღმა - ნიკა ალავიძის ბლოგი
BM.GE|bm.ge
BMG გთავაზობთ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, საზოგადოებრივი მოძრაობა "ჯერ საქართველოს" თანადამფუძნებელ ნიკოლოზ ალავიძის ბლოგს.
სახელმწიფო საწარმოები, ფარული ფისკალური რისკები და 700 მილიონიანი კითხვა„ბედნიერი ციფრების“ საგის გაგრძელებაThis blog is bilingual. The English version follows below.
„თუ მონაცემებს საკმარისად აწამებ, ისინი ყველაფერს აღიარებენ.“
გამოთქმა, რომელიც ხშირად მიეწერება ნობელის პრემიის ლაურეატ ეკონომისტ რონალდ კოუზს, ზუსტად აღწერს საქართველოს ეკონომიკური ნარატივის მთავარ პრობლემას.
პრობლემაა არა ის, რომ ყველა ციფრი მცდარია, არამედ პრობლემა უფრო სახიფათოა - შერჩეული ციფრები შეიძლება ტექნიკურად სწორი იყოს, მაგრამ რეალობის შესახებ შეცდომაში შემყვან სურათს ქმნიდეს. საჯარო განცხადებებში ყველაფერი შეიძლება მოწესრიგებულად ჩანდეს: ეკონომიკური ზრდა, სახელმწიფო ვალის დაბალი დონე, ფისკალური დისციპლინა, ინფრასტრუქტურული გეგმები და რეფორმის სტრატეგიები, მაგრამ ეკონომიკა მხოლოდ პრეზენტაციებით არ ცხოვრობს. ის ცხოვრობს ყოველდღიურობაში, ტარიფებში, სახელმწიფო ვალში, გადადებულ ინვესტიციებში, სუსტ ინფრასტრუქტურაში და იმ ვალდებულებებში, რომლებიც ბიუჯეტში პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ ბოლოს მაინც მოქალაქის გადასახდელი ხდება.
სახელმწიფო საწარმოები სწორედ ის ადგილია, სადაც საქართველოს „გაბრწყინებული ეკონომიკის“ ისტორია ყველაზე უხერხულ კითხვას აჩენს. ეს აღარ არის მხოლოდ ბუღალტრული ან ტექნიკური საკითხი. ეს არის ქვეყნის პოლიტიკური ეკონომიკის საკითხი, თუ როგორ იმართება საჯარო აქტივები, როგორ იხარჯება მოქალაქის ფული, სად იმალება ფისკალური რისკი და როგორ შეიძლება სახელმწიფო კომპანიები გადაიქცეს არა განვითარების ინსტრუმენტად, არამედ ხარჯის გადავადების, დასაქმების პოლიტიზების და ბიუჯეტის ჩრდილოვანი გაგრძელების მექანიზმად.
შეფასება, რომელიც არ უნდა დავაიგნოროთ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის Investment Climate Statement საქართველოს დადებითად აფასებს როგორც მცირე, ღია ეკონომიკას, რომელსაც აქვს ვაჭრობის, ლოგისტიკისა და რეგიონული დაკავშირებადობის პოტენციალი, მაგრამ იმავე ანგარიშში დასახელებულია პრობლემები, რომლებსაც სერიოზული ინვესტორი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები გვერდს ვერ აუვლიან. დაბალი ნდობა სასამართლოს მიმართ და ინსტიტუტის უნარი კომერციული დავები დამოუკიდებლად და დროულად განიხილოს; მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებების არაეფექტიანი პროცესი; ეფექტიანი ანტიმონოპოლიური პოლიტიკის სისუსტე; პოლიტიკური ჩარევის ბრალდებები; კანონებისა და რეგულაციების, მათ შორის კომერციული კანონების, შერჩევითი აღსრულება; ქონებრივი უფლებების დავების მოგვარების სირთულე. (State Department)
ეს შეფასება მნიშვნელოვანია, რადგან ის ქმნის ხიდს ორ რეალობას შორის: ერთ მხარესაა მაკროეკონომიკური ოპტიმიზმი, მეორე მხარეს ინსტიტუციური სისუსტე. ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს ზრდა და მაინც აგროვებდეს მმართველობით რისკს. შეიძლება ჰქონდეს ფისკალური დისციპლინა ქაღალდზე და პარალელურად მალავდეს მომავალ ხარჯს სახელმწიფო საწარმოებში. შეიძლება იზიდავდეს ინვესტიციას და ამავე დროს ასუსტებდეს ინვესტორის ნდობას გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებებითა და არაპროგნოზირებადი აღსრულებით.
სახელმწიფო საწარმოები არ არის “გვერდითი მოვლენა”. ეს არის ტესტი, რამდენად რეალურია ეკონომიკა „ბედნიერი ციფრების“ მიღმა.
რეფორმა ქაღალდზე და რეალობა ციფრებში
საქართველომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა 2023–2026 წლების კომპლექსური სტრატეგიის ფორმით განაახლა. ფორმალურად, მიმართულება სწორია, უკეთესი ანგარიშგება, ფისკალური რისკების მონიტორინგი, კორპორაციული მართვის გაძლიერება და საკუთრების პოლიტიკის მოწესრიგება, მაგრამ რეფორმა სტრატეგიის არსებობით არ იზომება. რეფორმა შედეგით იზომება.
IMF-ის უახლესი ტექნიკური შეფასება პროგრესს აღიარებს ფისკალური რისკების გამჟღავნებასა და ანგარიშგებაში, თუმცა მთავარი გზავნილი უფრო მკაცრია, შემდეგი ეტაპი უნდა იყოს არა ფორმების გაუმჯობესება, არამედ რეალური ფუნქცია, ანგარიშვალდებული მართვა, პროფესიული საბჭოები და შედეგზე ორიენტირებული ზედამხედველობა. (IMF)
ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშში კიდევ უფრო მკაფიო რიცხვია:2024 წელს სახელმწიფო საწარმოები ქმნიდნენ დამატებული ღირებულების მხოლოდ 4.2%-ს, თუმცა დასაქმების, დაახლოებით, 8%-ს.
ეს თანაფარდობა თავისთავად განაჩენი არ არის. ყველა სახელმწიფო საწარმო ერთნაირად არ მუშაობს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში დასაქმების წილი შეიძლება მაღალი იყოს, მაგრამ ეს მაინც სერიოზული სიგნალია: ეკონომიკაში მათი პირდაპირი წონა შეზღუდულია, დასაქმებაში კი თითქმის ორჯერ მეტი. საქართველოს დასაქმების საერთო მაჩვენებელზე დაყრდნობით, ეს დაახლოებით 111–112 ათას ადამიანს ნიშნავს. ეს უკვე მცირე სექტორი აღარ არის. ეს არის დიდი საჯარო-საწარმოო ფენა ეკონომიკის შიგნით.
რამდენი სახელმწიფო საწარმოა სინამდვილეში?
ფინანსთა სამინისტროს ძველ აგრეგირებულ ანგარიშებში ფიგურირებდა 310 საწარმო. IMF-ის უახლესი მონაცემებით, 2025 წლის ფისკალური რისკების ანალიზში განხილულია 301 სახელმწიფო საწარმო: 142 ცენტრალური მთავრობის, ხოლო 159 ადგილობრივი თვითმმართველობების საკუთრებაში. (Ministry of Finance / SOE Aggregate and Fiscal Risks Report, tdb.co.nz)
ამიტომ, მთავარია არა ის ფაქტი, რომ „ბევრი საწარმოა“, ფაქტია, რომ საქართველო ფლობს ფართო, ფრაგმენტირებულ და რთულად სამართავ საჯარო-საწარმოო პორტფელს, სადაც თავმოყრილია მილიარდობით ლარის აქტივი, ვალდებულება, საინვესტიციო საჭიროება, საოპერაციო ხარჯი და ფისკალური რისკი.
ფინანსთა სამინისტროს პირდაპირი ფისკალური ზედამხედველობა, დღეს ვრცელდება მხოლოდ 7 საკვანძო საწარმოზე, ესენია: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა. ენგურჰესი. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. საქართველოს რკინიგზა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია.საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია.
ზედამხედველობა ყოველდღიურ მართვას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს ფისკალური რისკების კონტროლს: ვალდებულებების, ვალის, საინვესტიციო გეგმების, სუბსიდირების საჭიროებისა და კვაზი-ფისკალური ხარჯების მონიტორინგს.
ამ შვიდეულზე საუბრისას ჩვეულებრივ კომპანიებზე არ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ენერგეტიკაზე, რკინიგზაზე, გაზზე, აეროპორტებზე, წყალმომარაგებაზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ანუ ქვეყნის კონომიკურ უსაფრთოებაზე. მათი ფინანსური სისუსტე მხოლოდ „კომპანიის ზარალი“ არ არის. ის შეიძლება მარტივად გარდაიქმნას ტარიფებში, სუბსიდიებში, სახელმწიფო ვალში, გადადებულ რემონტში, შეჩერებულ ინვესტიციებში და უფრო მოწყვლად სახელმწიფოში.
რატომ უნდა ვაინტერესებდეთ IMF-ს, მსოფლიო ბანკს და ინვესტორებს?
სახელმწიფო საწარმოების პრობლემა მხოლოდ კორპორაციული მართვის საკითხი არ არის, ის ფისკალური პოლიტიკის სანდოობას და საინვესტიციო გარემოს ხარისხს ეხება პირდაპირ. თუ საჯარო ხარჯი ბიუჯეტს გარეთ გროვდება, თუ ვალდებულებები სახელმწიფო საწარმოებში ილექება, ხოლო დანაკარგები მომავალში ტარიფით, სუბსიდიით ან ახალი ვალით იფარება, მაშინ ქვეყნის რეალური ფისკალური სურათი იმაზე სუსტია, ვიდრე სახელმწიფოს მიერ შემოთავზებული სათაურები აჩვენებს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომელიც თავს შუა დერეფნის, ენერგეტიკული კავშირის და ლოგისტიკური ჰაბის როლში წარმოაჩენს. რკინიგზა, ენერგოგადამცემი ქსელი, გაზის ინფრასტრუქტურა, აეროპორტები და წყალმომარაგება მხოლოდ ეკონომიკური აქტივები არ არის. ეს არის გეოეკონომიკური ინფრასტრუქტურა.
სუსტი SOE მმართველობა ამახინჯებს ფისკალურ დისციპლინას, ზრდის ტარიფებზე ზეწოლას, აფერხებს ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს და ასუსტებს ნდობას სტრატეგიული აქტივების მიმართ. საბოლოოდ, ეს აკნინებს ქვეყნის სტრატეგიულ პოზიციონირებას და ზრდის მის მოწყვლადობას გარე შოკების მიმართ
ინვესტორი მხოლოდ გეოგრაფიას არ აფასებს. ინვესტორი აფასებს მმართველობას.
700 მილიონი ლარის „დაზოგვა“ - რეფორმა თუ აღიარება?
მთავრობის განცხადება, რომ სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციით წელიწადში 700 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა, ძალიან სერიოზული განცხადებაა. თუ ეს მაჩვენებელი ზუსტია, ეს კარგი ამბავია, არაეფექტიანობის შემცირება მოქალაქისთვის სასარგებლოა, მაგრამ ეს ერთდროულად მძიმე აღიარებაცაა. სისტემა, რომელსაც ერთ წელიწადში 700 მილიონი ლარის დაზოგვა შეუძლია, მანამდე ძალიან დიდ არაეფექტიანობას ატარებდა. ეს თანხა ჰაერიდან არ ჩნდება. ის უნდა მოდიოდეს კონკრეტული წყაროდან ჭარბი და არაეფექტიანი დასაქმებიდან, შესყიდვებიდან, ადმინისტრაციული ხარჯებიდან, ვალის მომსახურებიდან, ზარალის შემცირებიდან, პროექტების გადახედვიდან ან ხარჯების გადავადებიდან.
ამიტომ აუდიტირებული, საწარმოებად და ხარჯის კატეგორიებად ჩაშლილი ანგარიშის გარეშე ეს რიცხვი რეფორმის მტკიცებულებად ვერ გამოდგება. ის რჩება პოლიტიკურ გზავნილად, რომელიც დეტალურ გადამოწმებას მოითხოვს. თუ 700 მილიონი ლარი რეალური დანაზოგია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომელ საწარმოებში დაიზოგა, რა მექანიზმით, რამდენია ნაღდი ფულადი დანაზოგი და რამდენი უბრალოდ გადავადებული ხარჯი, სად ჩაიდო ეს თანხა და რა კონკრეტული შედეგი უნდა მიიღოს ქვეყანამ.
სხვა შემთხვევაში, 700 მილიონი ლარი არა რეფორმის შედეგი, არამედ სისტემის არაეფექტიანობის აღიარებაა.
ტარიფის წინააღმდეგობაყველაზე მკაფიო წინააღმდეგობა ელექტროენერგიის ტარიფში ჩანს.გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ტექნიკური არგუმენტი და განმარტება, მოხმარების ზრდა, იმპორტდამოკიდებულება, გადამცემი ქსელის რეაბილიტაცია და საინვესტიციო საჭიროებები იყო. ეს მიზეზები შეიძლება რეალური იყოს, მაგრამ ისინი არ და ვერ გადაფარავს მთავარ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კითხვას. თუ სახელმწიფო საწარმოებში ასეულობით მილიონი ლარი დაიზოგა და ეს რესურსი სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში, მათ შორის ენერგოსისტემაში, უნდა დაბრუნდეს, რატომ გახდა საჭირო იმავე პერიოდში დამატებითი ტვირთის გადატანა მოსახლეობასა და ბიზნესზე ტარიფის ზრდით?
კითხვა არ დგას რეალურად სჭირდება თუ არა ენერგოსისტემას ინვესტიცია? სჭირდება. საკითხი დგას თუ როგორ იყოფა ეს ტვირთი სახელმწიფოს, სახელმწიფო საწარმოებს, ბიზნესსა და მოქალაქეებს შორის.
ერთ მხარეს გვაქვს „დაზოგილი“ 700 მილიონი ლარი. მეორე მხარეს გაზრდილი ტარიფი, რისი მობილიზებითდ შესაძლო შემოსავალი წელიწადში არსებული მოხმარებით შესაძლოა 350–450 მილიონი ლარის ფარგლებში იქნეს მობილიზებული. აშკარად დანაზოგზე ნაკლები. ამიტომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული სურათი სად წავიდა დანაზოგი, რა დააფინანსა ტარიფმა და რომელი კონკრეტული პროექტები მიიღებს ამ დამატებით რესურსს.
გამჭვირვალობის გარეშე ოპტიმიზაცია “მთავრობის წარმატების” მსუბუქი პრესრელიზია, ხოლო რეალური ინვოისი ოჯახებსა და ბიზნესზე გადადის.
რა არის ნამდვილი რეფორმა?
„რისი გაზომვაც არ შეგიძლია, იმას ვერც გააუმჯობესებ.“ლორდ კელვინი
ნამდვილი რეფორმა განცხადება არ არის. ნამდვილი რეფორმა არის საჯარო, აუდიტირებული და საწარმოებად ჩაშლილი რუკა, რომელიც აჩვენებს სად იყო არაეფექტიანობა, რომელი ხარჯი შემცირდა, რამდენია რეალური ფულადი დანაზოგი, რამდენი თანხა რეინვესტირდა, რომელ პროექტში ჩაიდო, რა ვადაში უნდა მივიღოთ შედეგი და ვინ არის პასუხისმგებელი შესრულებაზე.
ეს ზედმეტი გამჭვირვალობა არ არის. ეს არის საჯარო აქტივების ელემენტარული მართვა. შესაბამისად, ვიდრე ასეთი სურათი არ არსებობს, სახელმწიფო საწარმოების „ოპტიმიზაცია“ დასრულებულ რეფორმად ვერ ჩაითვლება. ის რჩება პასუხგაუცემელ კითხვად ფარული ფისკალური რისკების, სუსტი ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქის ფულთან დამოკიდებულების შესახებ.
სახელმწიფო საწარმოები ქაღალდზე კომპანიებად გამოიყურებიან. მაგრამ როცა მათი ვალი მოქალაქეზე გადადის, ზარალი ბიუჯეტით იფარება, არაეფექტიანობა ტარიფში ჩნდება, ხოლო ინვესტიციის დეფიციტი ქვეყნის ინფრასტრუქტურას აწვება, ისინი ჩვეულებრივი კომპანიები აღარ არიან.
ეს საუკეთესო პრაქტიკით მართული ბიზნესი არ არის. ეს არის ბიუჯეტის ჩრდილოვანი გაგრძელება. ხარჯი რომელიც დღეს ბიუჯეტის ანგარიშში არ ჩანს, მაგრამ ხვალ მოქალაქის ქვითარში, გადასახადში ან სახელმწიფო ვალში ჩნდება.
„გაბრწყინებული ეკონომიკის“ მთავარი უხერხულობაც სწორედ აქაა,თუ ციფრები ასე ბედნიერია, რატომ ვიხდით უფრო მეტს?
დანართისახელმწიფო საწარმოები რიცხვებში
4.2% — სახელმწიფო საწარმოების წილი დამატებულ ღირებულებაშიწყარო: European Commission, Georgia Report 2025
8% — სახელმწიფო საწარმოების წილი დასაქმებაშიდასაქმების წილი თითქმის ორჯერ აღემატება მათ ეკონომიკურ წილს, რაც ეფექტიანობისა და მმართველობის პრობლემაზე მიუთითებს.წყარო: European Commission, Georgia Report 2025
1.4025 მლნ — დასაქმებულთა საერთო რაოდენობა საქართველოში, 2024 წ. ამ მაჩვენებელზე 8%-იანი წილის მისადაგებით, სახელმწიფო საწარმოებში დასაქმება დაახლოებით 112 ათას ადამიანს უახლოვდება.წყარო: Geostat
1.3897 მლნ — დასაქმებულთა საერთო რაოდენობა საქართველოში, 2025 წელს. იმავე დაშვებით, სახელმწიფო საწარმოებში დასაქმება დაახლოებით 111 ათასი ადამიანის ფარგლებშია.წყარო: Geostat
301 საწარმო — 2025 წლის ფისკალური რისკების ანალიზში განხილული SOE პორტფელი. აქედან 142 ცენტრალური მთავრობის, ხოლო 159 ადგილობრივი თვითმმართველობების მფლობელობაშია.წყარო: IMF Technical Assistance Report 2026
7 საკვანძო საწარმო — ფინანსთა სამინისტროს პირდაპირი ფისკალური ზედამხედველობის ქვეშ:სახელმწიფო ელექტროსისტემა, ენგურჰესი, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს რკინიგზა, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, აეროპორტების გაერთიანება და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია.წყარო: Ministry of Finance / IMF
2023–2025, IMF-ის Stand-By Arrangement-ის შეჩერებული მიმოხილვების პერიოდი. პროგრამის მიმოხილვები 2023 წლიდან შეჩერებული იყო, მათ შორის SOE რეფორმაში არასაკმარისი პროგრესის გამო. პროგრამა 2025 წლის ივნისში ამოიწურა.წყარო: IMF Article IV 2025
700 მლნ ლარზე მეტი — მთავრობის მიერ გაცხადებული წლიური დანაზოგი SOE ოპტიმიზაციით. ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა, მაგრამ მისი სერიოზულობა მოითხოვს აუდიტირებულ, საწარმოებად და ხარჯის კატეგორიებად ჩაშლილ დასაბუთებას.წყარო: Government / BM.GE / 1TV
+5 თეთრი / კვტსთ — ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა მოსახლეობისთვის. საშუალო ზრდა დაახლოებით 27.2%, რაც მოქალაქეებზე დამატებითი ფინანსური ტვირთია.წყარო: Galt & Taggart
+4–7 თეთრი / კვტსთ — ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ბიზნესისთვის. საშუალო ზრდა დაახლოებით 20%, რაც საბოლოოდ პროდუქტისა და მომსახურების ფასებშიც შეიძლება აისახოს.წყარო: Galt & Taggart
700-მილიონიანი კითხვა
1. რომელ სახელმწიფო საწარმოებში და რა კატეგორიებში დაიზოგა 700 მილიონი ლარი?არსებობს თუ არა საწარმოებად ჩაშლილი ცხრილი შტატები, შესყიდვები, ადმინისტრაციული ხარჯები, ვალის მომსახურება, პროექტების გადახედვა ან ზარალის შემცირება?
2. რამდენია რეალური ფულადი დანაზოგი და რამდენი ხარჯის გადავადება?რეფორმა მხოლოდ მაშინ არის რეფორმა, თუ ის ხარჯს არ მალავს მომავალში.
3. სად წავიდა ეს თანხა?რკინიგზაში, ენერგოსისტემაში, გადამცემი ხაზების რეაბილიტაციაში, ვალის მომსახურებაში თუ სხვა მიმართულებით?
4. თუ დანაზოგი სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში ბრუნდება, რატომ გახდა საჭირო ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა?საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა დააფინანსა „დაზოგილმა“ თანხამ და რა დააფინანსა გაზრდილმა ტარიფმა.