ენერგეტიკის ახალი აუქციონის ფარგლებში ტარიფების 7-22%-ით ზრდაა მოსალოდნელი - Gal&Taggart
საინვესტიციო ბანკ Gal&Taggart-ის შეფასებით, ენერგეტიკის ახალი მხარდამჭერი აუქციონის ფარგლებში ტარიფების ზრდაა მოსალოდნელი.
როგორც “საქმის კურსის“ ეთერში Gal&Taggart-ის წამყვანმა ანალიტიკოსმა განაცხადა, სხვადასხვა ტექნოლოგიების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ტარიფი 7-22%-ის ფარგლებში მოიმატებს.
როგორც ანა ჯეჯელავა აღნიშნავს, ტარიფების ზრდა, მათ შორის, იქიდან გამომდინარეა მოსალოდნელი, რომ ინვესტორები მასში სავარაუდოდ, გენერაციის შეზღუდვის რისკებს ასახავენ.
“ჩვენ ვაფასებთ, თუ რამდენით შეიძლება, გაიზარდოს ტარიფები და ერთ-ერთი ძირითადი კონტრიბუტორი ფასების ზრდისა ის რისკებია, რომელსაც ხედავენ ინვესტორები და ფინანსური ინსტიტუტები. ერთ-ერთი ასეთი მზარდი რისკი ზაფხულის გენერაციის შეზღუდვებია. თუ გენერაციის შეზღუდვების რისკი მაღალი იქნება, რა თქმა უნდა, ამას ტარიფში ასახავენ სადგურები და შესაბამისად, ტარიფიც უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ტარიფი შეიძლება, საშუალოდ 7-22%-ით გაიზარდოს ტექნოლოგიების მიხედვით განსხვავებულად. ყველაზე მეტად ეს ალბათ, მოდინებაზე ჰესებს შეეხება”, - განაცხადა ანა ჯეჯელავამ.
ამასთან, საინვესტიციო ბანკში მიაჩნიათ, რომ ენერგეტიკის სექტორში ახალი მხარდამჭერი აუქციონის ფარგლებში ისეთი ტექნოლოგიები უნდა წახალისდეს, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემისთვის მნიშვნელოვანია. ასეთ ტექნოლოგიებად საინვესტიციო ბანკში, პირველ რიგში, რეზერვუარიან ჰესებს ასახელებენ, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, ზაფხულში ჭარბად გამომუშავებული ენერგია ზამთარში გამოიყენონ.
“ჩვენი შეფასებით, უნდა მოხდეს იმ ტექნოლოგიების წახალისება სიმძლავრის აუქციონით, რომლებიც საჭიროა ელექტროსისტემისთვის. პირველ რიგში, აღვნიშნავდი იმას, რომ 2026 წლის მონაცემებით ცალსახად ჩანს სეზონური დისბალანსი. ანუ ჩვენ ზამთარში გვჭირდება იმპორტი და თბოსადგურების გენერაცია იმისთვის, რომ ადგილობრივი მოხმარება დავაკმაყოფილოთ, ხოლო ზაფხულში პირველად გამოიკვეთა სიჭარბე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ის ტექნოლოგიები წახალისდეს, რომლებიც ზამთარში გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და ზაფხულში სიჭარბეს არ აღრმავებს.
პირობითად, ეს შეიძლება, იყოს რეზერვუარიანი ჰესები, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა, მართონ საკუთარი გენერაცია, დააგროვონ წყლის რესურსები და იმ პერიოდში გამოიმუშავონ, როდესაც ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ამის გარდა, მათ სისტემური უპირატესობებიც აქვთ – ქსელს უსაფრთხოს ხდიან და მედეგობას ზრდიან, იქიდან გამომდინარე, რომ ინერციას აწვდიან და სიმძლავრის მართვა ხდება.
ქარის სადგურებს, მაგალითისთვის, შეუძლიათ, ზამთარში უფრო მეტი გამოიმუშაონ, ვიდრე ზაფხულში, სეზონურობიდან გამომდინარე. რაც შეეხება მოდინებაზე ჰესებს, ისინი გაზაფხულ-ზაფხულში უფრო მეტს კი გამოიმუშავებენ, მაგრამ ამავდროულად, ინერციას აძლევენ სისტემას. ხოლო მზის სადგურებს თუ შევხედავთ, მათი გენერაციის პროფილი შუადღის საათებშია ძირითადად და ემთხვევა ზაფხულის სიჭარბის საათებს. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს და რა საჭიროებებიც აქვს [ენერგეტიკულ ქსელს], იმ ლიმიტებში უნდა გამოცხადდეს სიმძლავრის აუქციონი”, - განაცხადა ანა ჯეჯელავამ.
