
"ეს რაღაცით ჰგავს იმას, რაც 2006 წელს მოხდა" - „თბილღვინო“ რუსეთში ქართული სასმელების აკრძალვაზე
კომპანია „თბილღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ზურაბ მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთში ქართული სასმელების ნაწილის იმპორტის აკრძალვა კომპანიას გარკვეულ დანაკარგს მოუტანს, თუმცა რუსეთის ბაზარზე დაბალი დამოკიდებულების გამო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალის მოლოდინი არ აქვს.
როგორც მარგველაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, „თბილღვინოს“ პროდუქცია დაახლოებით 30 ქვეყანაში გააქვს, რუსეთი კი კომპანიისთვის ერთ-ერთი დაბალი წილის მქონე ბაზარია.
„ჩვენ 30-მდე ქვეყანაში ვყიდით ქართულ ხარისხიან ღვინოს და რუსეთში ძალიან ცოტა პროდუქცია გაგვაქვს. ჩვენთვის რუსეთის ბაზრის წილი ძალიან დაბალია, რუსეთზე დამოკიდებულება მაღალი არ გვაქვს. გარკვეული დანაკარგი არის, მაგრამ, პრინციპში, ალბათ, ერთ-ერთი იშვიათი კომპანია ვართ, რომელსაც რუსეთზე ძალიან დაბალი დამოკიდებულება აქვს“, - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.
2006 წლის მარტში რუსეთმა საქართველოდან ღვინის ექსპორტი აკრძალა. ამ პერიოდისთვის მთლიანი ექსპორტის 20% ანუ $153 მილიონი სწორედ რუსეთზე მოდიოდა. ბლოკადის შედეგად, პირველივე წელს ექსპორტი განახევრდა.
ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზარს კვლავ ცენტრალური ადგილი უკავია — ბოლო წლებში მეზობელ ქვეყანაზე გაყიდვების 60%-ზე მეტი მოდის.
ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო 2022 წლიდან გახდა. თუ 2020 წელს რუსეთის წილი ქართული ღვინის ექსპორტში 56.8%-ს შეადგენდა, 2022 და 2025 წლებში ამ მაჩვენებელმა 63.7%-ს მიაღწია.
თუმცა, 2026 წლის პირველ 5 თვეში რუსეთში ღვინის ექსპორტის მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით შემცირდა. ექსპორტიორების შეფასებით, კლების მთავარი მიზეზები რუსეთში ღვინოზე სააქციზო გადასახადის ზრდა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსულ ბაზარზე გაყიდვების ზოგადი შემცირებაა.
"ერთ-ერთი იშვიათი კომპანია ვართ, რომელსაც რუსეთზე ძალიან დაბალი დამოკიდებულება აქვს“ - „თბილღვინო“ იმპორტის შეზღუდვაზე
რუსული გამოცემა RBC-ის ინფორმაციით, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა („როსპოტრებნადზორი“) ქართული წარმოების ზოგიერთი სასმლის იმპორტისა და გაყიდვის დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. გამოცემის ცნობით, შეზღუდვა შეეხო „თბილღვინოს“, „თელიანის ველის“, „ასკანელი ძმებისა“ და „ვაინმენის“ ღვინოებს, „ასკანელი ძმების“ კონიაკს, „ქართული ლუდის კომპანიის“ ლუდს, საქართველოში წარმოებულ Coca-Cola-სა და „ჰელსი უოთერის“ მინერალურ წყალს „ნაბეღლავს“.
BM.GE
წყარო: bm.ge