
ესპანეთში სექტემბრის რეკორდული ტემპერატურა – 45.7°C დაფიქსირდა
მიმდინარე კვირას ესპანეთში სექტემბრისთვის რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა. ქვეყნის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტოს (AEMET) მონაცემებით, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ელ-გრანადოში 3 სექტემბერს თერმომეტრის ნიშნულმა 45.7 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.
ამ მაჩვენებლით 2016 წელს ქალაქ მონტოროში დაფიქსირებული რეკორდი განმეორდა. აღსანიშნავია, რომ ორივე ქალაქი ანდალუსიის სამხრეთ რეგიონში მდებარეობს.
ხუთშაბათს დაფიქსირებული მონაცემი მიმდინარე წელს ესპანეთში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურაა. ამ კვირაში ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში სიცხემ 40 გრადუსს გადააჭარბა.
AEMET-ის ინფორმაციით, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდი ესპანეთის ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი მკაფიოდ აღემატება წინა ოთხ ყველაზე თბილ პერიოდს, რომლებიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაფიქსირდა.
"ეს იმის უტყუარი ნიშანია, რომ ესპანეთში დათბობის პროცესი ჩქარდება", – აცხადებენ სააგენტოში.
მანამდე მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ივლისი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცხელ თვედ გამოაცხადა.
ექსტრემალური სიცხე კონტინენტზე ათასობით ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. ესპანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მონაცემებით, 1 ივნისიდან მოყოლებული, ქვეყანაში სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის თითქმის 4 500 შემთხვევა აღირიცხა.
გვალვამ და მდინარეებში წყლის დონის კლებამ ეკონომიკური აქტივობაც შეაფერხა, ტემპერატურული რეკორდები კი მთელ ევროპაში მოიხსნა.
"Euronews"–ის ინფორმაციით, ესპანეთი ევროკომისიას მოუწოდებს, კლიმატის ადაპტაცია ეკონომიკურ და უსაფრთხოების მთავარ პრიორიტეტად აქციოს. მადრიდი მიიჩნევს, რომ ევროპა ვეღარ დაეყრდნობა მხოლოდ რეაქტიულ ზომებს, რადგან ექსტრემალური ამინდი სულ უფრო ხშირი და ძვირად ღირებული ხდება.
BM.GE
წყარო: bm.ge