
EU-ს ქვეყნები უკრაინისთვის გაჭიანურებული €6.6 მილიარდის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის 6.6 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდნენ - პროგრამა 2023 წლიდან იყო შეჩერებული, მას შემდეგ, რაც უნგრეთმა ინიციატივას ვეტო დაადო და პროცესი პარალიზებული დატოვა.
პოლიტიკურ დონეზე შეთანხმებას პარასკევს, ბრიუსელში, პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მიაღწიეს.
"ეს კარგი ამბავია უკრაინისთვის და ცუდი ამბავი რუსეთისთვის. მოსკოვის ჰიბრიდული თავდასხმები ევროპის დაშინებასა და უკრაინის მხარდაჭერის შემცირებას ისახავს მიზნად, თუმცა ევროპა საპირისპიროდ მოქმედებს", - დაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელში.
ომის პირველ წლებში აღნიშნული ფონდი ბლოკის დახმარების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად ითვლებოდა და ის რეგულარულად ივსებოდა ახალი ფინანსებით.
თუმცა 2023 წლის მაისში უნგრეთმა, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, ინიციატივას ვეტო დაადო და პროგრამა სრულად შეაჩერა.
ბუდაპეშტი უკმაყოფილო იყო კიევის გადაწყვეტილებით, უნგრეთის უმსხვილესი კომერციული ბანკი "OTP Bank" "ომის საერთაშორისო სპონსორების" სიაში შეეყვანა. დასავლელი მოკავშირეების ზეწოლის შემდეგ, ეს რეესტრი 2024 წელს გაუქმდა.
ამის მიუხედავად, უნგრეთმა ვეტო ძალაში დატოვა, რამაც სხვა ევროპული დედაქალაქების გაღიზიანება გამოიწვია. დროთა განმავლობაში ფონდმა აქტუალობა დაკარგა, რადგან ბრიუსელმა დახმარების ახალი მექანიზმები აამუშავა.
ჩიხური სიტუაციის გარღვევა მხოლოდ მიმდინარე წელს მოხერხდა, როდესაც აპრილში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ორბანი დამარცხდა და ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი მოვიდა. მას შემდეგ წევრი სახელმწიფოები 6.6 მილიარდი ევროს გამოყოფის პირობებზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
კალასის განმარტებით, პარასკევს მიღწეული შეთანხმება თანხას სამ ძირითად ნაწილად ყოფს:
4.7 მილიარდი ევრო - კომპენსაციებისთვის (ქვეყნებისთვის გაწეული სამხედრო ხარჯების ასანაზღაურებლად);
1 მილიარდი ევრო - სამხედრო ტექნიკის ერთობლივი შესყიდვებისთვის;
900 მილიონი ევრო - ევროკავშირის იმ მისიისთვის, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წვრთნის.
კალასმა ქვეყნების დაკონკრეტების გარეშე აღნიშნა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო 4.7-მილიარდიანი კომპენსაციიდან საკუთარ წილს პირდაპირ უკრაინას გადაურიცხავს.
ვიდრე თანხა რეალურად გამოიყოფა, მანამდე რამდენიმე საკანონმდებლო აქტის მიღებაა საჭირო.
BM.GE
წყარო: bm.ge