ევროპის 10 საუკეთესო საშობაო ბაზრობა 2027 წელს
ნოემბრის მიწურული ახლოვდება, რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: მთელ ევროპაში საშობაო ბაზრობები იხსნება. ტრადიცია, რომელსაც საფუძველი გერმანიაში ჩაეყარა, მთელ კონტინენტზე გავრცელდა და დღეს 11 800-ზე მეტ ლოკაციას მოიცავს.
საშობაო სეზონის მოახლოებასთან ერთად, პლატფორმა European Best Destinations-მა ევროპის 2027 წლის საუკეთესო საშობაო ბაზრობები დაასახელა.
მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მკითხველთა 1 897 783 ხმის საფუძველზე, წინასწარ შერჩეული 27 საშობაო ბაზრობიდან ფინალურ რეიტინგში 10 საუკეთესო მოხვდა.
მოგზაურთა შეფასებით, 2027 წლის საუკეთესო საშობაო ბაზრობის ტიტული რუმინეთის ქალაქ კრაიოვას ერგო.
სამხრეთ-დასავლეთ რუმინეთში მდებარე კრაიოვამ პირველი ადგილი წარსულში ორჯერ დაიკავა, საპრიზო სამეულში კი კიდევ ხუთჯერ მოხვდა. ქალაქში საშობაო ბაზრობა 2027 წლის 3 იანვრამდე გაგრძელდება და 100-ზე მეტი მოვაჭრე სტუმრებს ტრადიციულ ტკბილეულს, ხელნაკეთ საჩუქრებსა და ქუჩის კერძებს სთავაზობს.
წელს მეორე ადგილი ლატვიის დედაქალაქ რიგას ერგო, რომელიც შთამბეჭდავი საშობაო ილუმინაციებით გამოირჩევა.
მესამე ადგილი კი ბულგარეთის დედაქალაქმა, სოფიამ დაიკავა. კულტურის ეროვნული სასახლის წინ გაშლილ ბაზრობაზე გიგანტური საციგურაო მოედანი და 90-ზე მეტი სადგომია მოწყობილი.
მიუხედავად იმისა, რომ საშობაო ბაზრობების სამშობლოდ გერმანია ითვლება, წლევანდელ რეიტინგში ქვეყნის ყველაზე მაღალი შედეგი ქალაქმა ტრირმა აჩვენა, რომელმაც მხოლოდ მე-14 ადგილი დაიკავა.
ევროპის 10 საუკეთესო საშობაო ბაზრობა 2027 წელს:
• კრაიოვა, რუმინეთი • რიგა, ლატვია • სოფია, ბულგარეთი • Wonderland Lisboa (ლისაბონი), პორტუგალია • ასტი-გოვონე და სან-დამიანო-დ'ასტი (პიემონტი), იტალია • სალამანკა, ესპანეთი • ვალკენბურგი, ნიდერლანდები • მონბელიარი, საფრანგეთი • დებრეცენი, უნგრეთი • ბრიუგე, ბელგია
