მანდარინის მოსავალი ექსპორტის შესაძლებლობებს სამჯერ აღემატება – ვაჟა მკურნალიძე 20-30 ათასი ტონის გაფუჭებას პროგნოზირებს
დასავლეთ საქართველოში წელს მოსალოდნელი ციტრუსის მოსავალი არსებულ საექსპორტო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აღემატება. როგორც მკურნალიძემ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, რეგიონში 80-90 ათას ტონამდე მანდარინი მოვა, მაშინ როდესაც საქართველოდან ექსპორტზე გასული წლების განმავლობაში მაქსიმუმ 30 ათასი ტონა ციტრუსი გადიოდა. მისი პროგნოზით, რეალიზაციისა და შენახვის შესაძლებლობების სიმწირის გამო, შესაძლოა 20-30 ათასი ტონა მანდარინი გაფუჭდეს და გადასაყრელი გახდეს.
„როცა ოფიციალური ორგანოები, სამინისტრო ამ შემთხვევაში პროგნოზს აკეთებს, ის მხოლოდ აჭარის მაგალითზე აკეთებს პროგნოზს, თუმცა ექსპორტის კუთხით, როცა მანდარინის რეალიზაციაზე მიდგება საქმე, ამ 45 ათას ტონაზე გაცილებით მეტი არის ციტრუსის მოსავალი. მხოლოდ აჭარაში იქნება მინიმუმ 60 ათასი ტონა მოსავალი, იმიტომ რომ კარგი მოსავალია წელს. ამას ემატება დაახლოებით 20-25 ათასი ტონა გურიის მოსავალი და ცოტათი ნაკლები, დაახლოებით 10 ათას ტონამდე სამეგრელოს ზონაში. ანუ ჯამში 80-90 ათასი ტონა მოსავალი არის წელს დასავლეთ საქართველოში“, - განაცხადა ვაჟა მკურნალიძემ.
მისი თქმით, მოსავლის ამ მოცულობის რეალიზაციის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი საექსპორტო შესაძლებლობების სიმწირეა. მკურნალიძე განმარტავს, რომ მანდარინის წარმოების შემთხვევაში პროდუქციის დიდი ნაწილის რეალიზება ახალ ხილად არის აუცილებელი, რადგან მისი სამრეწველო გადამუშავება შეზღუდულია.
„მანდარინის შემთხვევაში მისი წარმოებული პროდუქციის მინიმუმ 80% ხილის სახით უნდა გაიყიდოს. ციტრუსის ექსპორტი არის ძირითადი განმაპირობებელი პროდუქციის რეალიზაციისთვის, იმიტომ, რომ ციტრუსი, ყურძნისგან განსხვავებით, არის ხილი, ამიტომ მისი სამრეწველო გადამუშავება არ ხდება. მოსავალი ძალიან დიდია, იმაზე სამჯერ მეტი არის მოსავალი, ვიდრე რესურსი არის ექსპორტისა. ამას თავისი ზედა ზღვარი აქვს. გასულ წლებში მაქსიმუმ 30 ათასი ტონა არის ექსპორტზე გასული. ესაა მაქსიმუმი.
ვფიქრობ, მინიმუმ 20-30 ათასი ტონა მანდარინი დალპება და გადაიყრება. სტატისტიკურად ყოველთვის ასე იყო, საექსპორტო პროდუქციის 95% გადის ექსპორტზე ახალ წლამდე. ახალი წლის შემდეგ პრაქტიკულად ექსპორტი ჩერდება. რჩება ადგილობრივი ბაზარი და ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარი“, - განაცხადა მკურნალიძემ.
მისივე განმარტებით, სექტორს არ დამატებია ახალი საექსპორტო ბაზრები, ექსპორტიორები და ლოგისტიკური ცენტრები, სადაც ციტრუსის სათანადო პირობებში შენახვა იქნებოდა შესაძლებელი. მისი შეფასებით, საცავების არსებობა ფერმერებს პროდუქციის ეტაპობრივად რეალიზების საშუალებას მისცემდა და ადგილობრივ ბაზარზე ქართული მანდარინის მიწოდების პერიოდსაც გაახანგრძლივებდა.
„არ დაგვმატებია არავითარი ექსპორტიორი, არ დაგვმატებია არავითარი ახალი ბაზარი, არ დაგვმატებია არავითარი ლოგისტიკური ცენტრი, რომ გარკვეული მოცულობის პროდუქციის სამაცივრე მეურნეობებში შენახვა უზრუნველყოს და შემდეგ თუნდაც ადგილობრივი ბაზრისთვის ეტაპობრივად მიწოდება შესაძლებელი იყოს. არა გვაქვს ლოგისტიკური ცენტრები, სადაც სათანადო ტექნოლოგიური პირობების დაცვით ციტრუსის შენახვა მოხდება და მინიმუმ სამი თვის განმავლობაში შეგვეძლება ადგილობრივი ბაზრის ჩვენი პროდუქციით მომარაგება. ამ შემთხვევაში ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაცია მინიმუმ სამჯერ გაიზრდება“, - განაცხადა ვაჟა მკურნალიძემ.
