„ფალსიფიკაცია და მონოპოლია ერთად იყრის თავს“| დეპუტატი - „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონპროექტზე
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები კორუფციულ რისკებს შეიცავს და შესაძლოა, მევენახეობა-მეღვინეობის სექტორი სპირტის ბიზნესად აქციოს, განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქციის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ.
დეპუტატის შეფასებით, კანონპროექტით ალკოჰოლური სასმელებისა და სპირტის კონტროლი მთლიანად ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელში გადავა, რაც ფალსიფიკაციისა და მონოპოლიის რისკებს ქმნის.
კერესელიძისთვის გაუგებარია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობაც. იგი ხაზს უსვამს, რომ კონსულტაციები არც სპეციალისტებთან, არც ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულა.
„არსებული კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივ ბაზარზე განთავსებული ალკოჰოლური სასმელების სახელმწიფო კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, ხოლო წარმოების და გადამუშავების კონტროლს - ღვინის ეროვნული სააგენტო. [...] სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების კონტროლი სურსათის უვნებლობიდან გადის და ღვინის ეროვნული სააგენტოს გარდა, სპირტებთან და ალკოჰოლურ სასმელებთან შეხება აღარავის ექნება. რატომ?! [...] ღვინის ეროვნულ სააგენტოში გინდათ, შექმნათ დამატებითი სამსახური და ჯგუფები, ვინც მარტო სპირტის კონტროლზე იმუშავებს და ღვინის სააგენტომ გინდათ, გაკონტროლოს სრული პროცესი?! ნუთუ ვერ ხედავთ კორუფციულ რისკებს?!“, - განაცხადა დეპუტატმა.
კანონპროექტის კრიტიკისას მან ბოლო წლების რთველის დაფინანსების მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2024 წელს რთველი სახელმწიფო ბიუჯეტს 130 მლნ ლარი დაუჯდა, 2025 წელს თანხა 240 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2026 წელს ხარჯმა საერთოდაც 270 მლნ ლარს მიაღწია.
ამასთან, კერესელიძის თქმით, 2025 წელს ყურძნის მოსავალმა დაახლოებით 335 ათასი ტონა შეადგინა, რომლის თითქმის ნახევარი სახელმწიფომ შეისყიდა, 2026 წელს კი, მიუხედავად სუბსიდირების გაუქმებისა და ვენახების გაშენებაზე შეზღუდვების დაწესებისა, რთველის ვალდებულებების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან დამატებით 170 მლნ ლარი გამოიყო.
„ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტს 2026 წლის რთველი 270 მილიონი ლარი დაუჯდა - 30 მილიონით მეტი, ვიდრე 2025 წელს და 140 მილიონით მეტი, ვიდრე 2024-ში. თქვენ ეს პროცესი ჯანსაღად მიგაჩნიათ, რომ უწყება 2026 წელს სუბსიდიიდან გამოვიდა და რთველი უფრო ძვირი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს, ვიდრე გასული წლების სუბსიდირებული რთველი ჯდებოდა?!“, - განაცხადა დეპუტატმა და იქვე დასძინა, რომ რთველის მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ლარი იხარჯება, თუმცა მევენახე-ფერმერების შემოსავლები არ იზრდება.
კერესელიძე ასევე დაბალი ხარისხის ყურძნის შესყიდვას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო თანხას ისეთ ყურძენშიც იხდის, რომელიც "არც ღვინის, არც სპირტის, არც წვენის წარმოებისთვის და არც საკვებად არის გამოსადეგი".
„როგორ ხდება ეს ყველაფერი, რომ საქართველოში ყურძნის მოსავალი და მოსავლიანობა იზრდებოდეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რთველის დასაფინანსებლად ასეულობით მილიონი ლარის სუბსიდირებას და მხარდაჭერას ახდენდეს, მევენახე-ფერმერები კი ღარიბდებოდნენ და შემოსავლები გაზრდის ნაცვლად, ყოველ ჰექტარზე ყოველწლიურად უმცირდებოდეთ? ნორმალურად აღიქვამთ 30-50 თეთრის გადახდას იმ ყურძენში, რომელიც, სააგენტოს საჯარო განმარტებით, გადასაყრელია, არ ვარგა არც საღვინედ, არც სასპირტედ, არც წვენისთვის, არც საჭმელად? და ასეთ გამოუსადეგარ ყურძენში სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს იხდით?!“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
დეპუტატმა ასევე სავარაუდო კორუფციულ სქემაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტის ხარჯზე შესყიდული ყურძნით დამზადებული სპირტი აუქციონზე მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად იყიდება, შემდეგ კი მას იაფფასიან - ჭარხლისა და კარტოფილის იმპორტირებულ სპირტს ურევენ. კერესელიძე ამტკიცებს, რომ მიღებული პროდუქტი ღვინის სპირტად სერტიფიცირდება და ადგილობრივ ბაზარზე იყიდება ან ექსპორტზე გადის.
„სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით შესყიდული ყურძნისგან მზადდება ღვინის სპირტი, ხოლო შემდეგ ეს ღვინის სპირტი ფასის შემცირების პრინციპით რამდენიმე მცდელობით გააქვთ აუქციონზე და გავლენიან მეღვინეებზე 18-20-ლარიან სუფთა ღვინის სპირტს მესამედ ფასში ყიდიან. ეს არის კორუფციული სქემის პირველი ეტაპი“, - განაცხადა დეპუტატმა.
კერესელიძის თქმით, სწორედ ამ პროცესების კონტროლის ერთ უწყებაში მოქცევას უკავშირდება კანონპროექტის მიმართ მისი ეჭვები. დეპუტატის განმარტებით, საუბარია დაახლოებით 300-მილიონიან ბიზნესზე, რომელშიც ფალსიფიცირებული პროდუქცია მზადდება და ექსპორტზე გადის.
„კანონში წარმოდგენილი ცვლილებებით სააგენტოს სურს, თავიდან ბოლომდე თავადვე მართავდეს და აკონტროლებდეს პროცესებს. ანუ, აქ თავს იყრის ფალსიფიკაციაც და მონოპოლიაც, რომელიც ჯამში ქმნის სისტემურ კორუფციას“, - განაცხადა კერესელიძემ.
აღსანიშნავია, რომ კერესელიძის მიერ გამოთქმული ბრალდებები თავად დეპუტატის შეფასებებია. წარმოდგენილ ინფორმაციაში მათი დამადასტურებელი დამოუკიდებელი მტკიცებულებები ან შესაბამისი უწყებების პასუხები არ არის მოცემული.
შეგახსენებთ: პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით მიიღებს ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფუნქციებს ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული ალკოჰოლიანი სასმელის სახელმწიფო კონტროლი, ღვინის კომპანიებში ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის მოძრაობის, ნაშთების აღრიცხვისა და პროდუქციის სერტიფიცირების კონტროლი დაემატება. ასევე შეიქმნება სახელმწიფო ენოთეკა, რომლის მართვაც სააგენტოს პრეროგატივა იქნება. საკანონმდებლო პაკეტი ხუთ კანონპროექტს აერთიანებს.
