
"გახსოვდეთ:ყოველთვის იყავით სიმართლის მხარეს და არა-ნეიტრალურნი“ - ქრისტიან ამანპური CNN-ს ტოვებს
CNN-ის ლეგენდამ, არხის მთავარმა საერთაშორისო წამყვანმა კრისტიან ამანპურმა დღეს განაცხადა, რომ ტელეკომპანიას ტოვებს. 68 წლის ჟურნალისტის ყოველდღიური საავტორო გადაცემა “ამანპური” მიმდინარე წლის ბოლოს დაიხურება.
„მრავალთვიანი ფიქრისა და რამდენიმე უძილო ღამის შემდეგ, გადავწყვიტე, დავემშვიდობო CNN-ს რომელთან ერთადაც 43 ფანტასტიკური წელი გავატარე!“ - აღნიშნა ამანპურმა.
ამანპური, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც უშიშარი კორესპონდენტი, 2009 წლიდან CNN International-ზე საკუთარი სახელწოდების მქონე ყოველდღიურ ინტერვიუ-გადაცემას უძღვება. ამანპურმა განაცხადა, რომ „მოუთმენლად ელის ახალ, საინტერესო პროექტებს. ის ყოველთვის უგულშემატკივრებს CNN-ს და მხარს დაუჭერს არხის დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ტრადიციას.
გახსოვდეთ: ყოველთვის იყავით სიმართლის მხარეს და არა - ნეიტრალურნი“, - ამბობს იგი.
2027 წლის იანვრიდან გადაცემა კვირაში ერთხელ გავა ეთერში - მაისამდე, როდესაც ის საბოლოოდ დასრულდება.
CNN-ის ხელმძღვანელმა, მარკ ტომპსონმა, ამანპურის გადაწყვეტილების შესახებ კოლეგებს ორშაბათს დილით გაგზავნილ წერილში აცნობა. „კრისტიანმა ეს გადაწყვეტილება კარგად აწონ-დაწონა; ჩვენ ამ საკითხზე უკვე რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ, - წერს ტომპსონი. — ისევე, როგორც CNN-ის ბევრი თანამშრომელი, ვინც დღეს ამ სიახლეს გაიგებს, მეც ძალიან ვწუხვარ მისი წასვლის გამო, თუმცა მესმის, რომ მისთვის ეს სწორი დროა - როგორც პირადი, ისე პროფესიული თვალსაზრისით“.
ტომპსონმა მას უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე სანდო და საყვარელი ჟურნალისტი“ და აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „მომავალ წელს, მის წასვლამდე“ სათანადოდ აღნიშნავს მის ღვაწლს.
ამანპურმა განაცხადა, რომ გააგრძელებს პოდკასტს „The Ex Files“, რომელსაც ყოფილ მეუღლესთან, ჯეიმი რუბინთან ერთად უძღვება.
შეგახსენებთ, ქრისტიან ამანპურმა CNN-ში მუშაობა 1983 წელს დაიწყო და საერთაშორისო ამბების განყოფილებაში რეპორტიორის პოზიცია დაიკავა. 2009 წლიდან ის საავტორო შოუს უძღვებოდა, მანამდე კი სპარსეთის ყურის, ბოსნიის, რუანდის, ავღანეთისა და უკრაინის ომებს აქტიურად აშუქებდა.
BM.GE
წყარო: bm.ge