
სოხუმი ქართულ მხარეს დომინოს ჩემპიონატის პოლიტიზებაში ადანაშაულებს - Netgazeti
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში აფხაზი სპორტსმენების მონაწილეობას პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებას ცდილობს ცდილობს. უწყებამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც დომინოს საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აფხაზეთში ჩაატაროს.
დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებით, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები ხალხებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
„სპორტი პოლიტიკური კონიუნქტურის მიღმა უნდა დარჩეს. თუმცა საქართველო არაერთხელ ცდილობს, საერთაშორისო ღონისძიებებში აფხაზი სპორტსმენების მონაწილეობა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, მსგავსი მიდგომები საერთაშორისო სპორტული თანამშრომლობის სულისკვეთებასა და ჰუმანიტარული ურთიერთქმედების პრინციპებს ეწინააღმდეგება.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2027 წელს დომინოს მსოფლიო ჩემპიონატის აფხაზეთში ჩატარების გადაწყვეტილება დომინოს საერთაშორისო ფედერაციის გენერალურმა ასამბლეამ 2026 წლის 8 ოქტომბერს ერთხმად მიიღო.
უწყების განცხადებით, ესპანეთში მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეებს აფხაზეთის შესახებ ვიდეორგოლი აჩვენეს. ამასთან, გაიმართა დომინოს საერთაშორისო ფედერაციის დროშის გადაცემის ცერემონია – ესპანეთმა დროშა დომინოს აფხაზეთის ფედერაციას გადასცა, როგორც მომდევნო ჩემპიონატის მასპინძელ მხარეს.
საქართველოს დომინოს ფედერაციის პრეზიდენტის, ბადრი მანწკავას განცხადებით, საქართველოს ფედერაციამ დომინოს საერთაშორისო ფედერაციას წერილით მიმართა და განუმარტა, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. მანწკავას თქმით, საქართველოს ფედერაცია მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან აფხაზეთი საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე ცალკე წევრად არის წარმოდგენილი.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge