მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 15-21 ივნისი
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 15-21 ივნისი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 15-21 ივნისი

BM.GE21 ივნისი, 2026, 09:27|bm.ge

გთავაზობთ 15-21 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.

2026 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა

საქსტატმა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პირველი კვარტალის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პერიოდის განმავლობაში საქართველოს მშპ მიმდინარე ფასებში 24.8 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო რეალური ეკონომიკური ზრდა კი 9% იყო. ეკონომიკის სექტორებიდან ზრდით კვლავ პირველ ადგილზეა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორი, რომელიც IT სექტორსაც აერთიანებს. სექტორის ზრდამ 36% შეადგინა, ხოლო თანხობრივად სექტორის ზომამ 2.25 მილიარდი ლარი შეადგინა, რითაც საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორის შემდეგ მეორე პოზიცია დაიკავა. ზრდის ტემპით მეორე ადგილზეა ტრანსპორტის, ანუ ლოგისტიკის სექტორი, სადაც მატება 18%-ს შეადგენს, ხოლო სექტორის ზომამ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა, მესამე ადგილზე კი წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის სექტორია 17.4%-ის ზრდით, ხოლო სექტორის ზომამ კი 214 მილიონი ლარი შეადგინა.

შესაბამისად, საქსტატის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის ორ სექტორში - მშენებლობასა და სოფლის მეურნეობაში 2026 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის ნაცვლად 2% და 3.3%-ის კლება დაფიქსირდა.

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა. სებ-ი მიუთითებს, რომ მაისში ინფლაციის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა აჩენს მოლოდინს, რომ ნავთობპროდუქტებზე გაზრდილი ფასები ეტაპობრივად შემცირდება და ამ მიმართულებიდან ინფლაციაზე მომავალ წნეხს შეამცირებს.

"მაისში წლიურმა ინფლაციამ 5.7 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზრდა მეტწილად ენერგორესურსების ფასების მნიშვნელოვანმა მატებამ განაპირობა. აღნიშნული ინფლაციური წნეხი ძირითადად საგარეო ფაქტორებით არის განპირობებული და საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასების მაღალი მერყეობისა და მიწოდების შეფერხებების შედეგს წარმოადგენს. ამავდროულად, შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორები, რომლებიც გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს უკეთ ასახავენ, ბოლო პერიოდში მცირედით დაჩქარდა. კერძოდ, მაისში საბაზო ინფლაციამ (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) 3.5 პროცენტი, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.8 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება მთლიან ინფლაციას, თუმცა მათი დინამიკა მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერების რისკებს საყურადღებო ფაქტორად ტოვებს. მეორე მხრივ, ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასების მნიშვნელოვანი კორექცია მოხდა. აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართ გაზრდილი ოპტიმიზმის ფონზე, ნავთობის საერთაშორისო ფასები პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან თანხვედრაშია. კერძოდ, ცენტრალური სცენარი მოიაზრებდა, რომ ინფლაციაზე საგარეო შოკით გამოწვეული ზეწოლა ყველაზე ძლიერი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში იქნებოდა, რის შემდეგაც მისი გავლენა ეტაპობრივად შესუსტდებოდა. შესაბამისად, ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2026 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირების ტენდენციას გააგრძელებს და 2026 წელს საშუალოდ 4.9 პროცენტი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს."

2026 წლის 5 თვეში საქართველოს ექსპორტი 3.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტმა 3.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.8%-ით მეტია. მთლიან ექსპორტში ყველაზე დიდი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, თუმცა ამ კატეგორიაში ექსპორტი შემცირებულია, მაშინ როდესაც ნავთობპროდუქტებისა და მადნების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საექსპორტო ბაზრების მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანა კვლავ ყირგიზეთია, სადაც ექსპორტმა 355.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. მეორე ადგილზე ჩინეთია 327.5 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი 269.3 მლნ დოლარით.

# საექსპორტო საქონელი მლნ დოლარი ზრდა/კლება 1 მსუბუქი ავტომობილები $735 -25% 2 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $367 886% 3 ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $256 87% 4 ფეროშენადნობები $131 77% 5 სპილენძის მადნები და კონცენტრატები $112 207% 6 სპირტიანი სასმელები $95 -4% 7 ყურძნის ნატურალური ღვინოები $93 -5% 8 მინერალური და მტკნარი წყლები (შაქრის დანამატების გარეშე) $83 13% 9 მინერალური და გაზიანი წყლები (შაქრის შემცველობით) $80 26% 10 აზოტოვანი სასუქები $78 48% 11 დანარჩენი საქონელი – სულ $1,079 14%

საშუალო ხელფასი 2,364 ლარამდე გაიზარდა

საქსტატმა 2026 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით საქართველოს საშუალო ხელფასების ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში გაცემული საშუალო ხელფასი 8.9%-ით, ანუ 194 ლარით გაიზარდა და 2,364 ლარს მიაღწია. აღნიშნული ხელფასი არის მთლიანი დარიცხული ხელფასი, შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის 20%-ის გამოკლებით ის 1,891 ლარს შეადგენს.

საქსტატის თანახმად, ყველაზე მაღალი ხელფასები შემდეგ დარგებში ფიქსირდება:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 5,952 ლარი, საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 4,761 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 7.9 პროცენტით); • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4,290 ლარი, საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 3,432 ლარი (გაიზარდა 3.1 პროცენტით); • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 3,230 ლარი, საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 2,584 ლარი (გაიზარდა 11.8 პროცენტით); • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3186 ლარი, საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 2,548 ლარი (გაიზარდა 7.1 პროცენტით).

მაისში ფულადი გზავნილები 340 მილიონ დოლარამდე გაიზარდა

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 340 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მაისში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან გადმოიგზავნა 64 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი. მეორე პოზიციას 56 მილიონი დოლარით იკავებს იტალია, საიდანაც გზავნილები 6%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან გადმორიცხული თანხა კი 11%-ით, 49 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

2026 წლის მაისის ფულადი გზავნილების სტატისტიკა

# ქვეყანა გადმორიცხული თანხა - მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 1 აშშ $64 8% 2 იტალია $56 6% 3 რუსეთის ფედერაცია $49 11% 4 გერმანია $30 10% 5 ისრაელი $29 23% 6 საბერძნეთი $27 9% 7 თურქეთი $11 13% 8 ესპანეთი $9 8% 9 ყაზახეთი $7 3% 10 საფრანგეთი $6 10%

სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ირაკლი კობახიძის ვიზიტი ტაჯიკეთში

სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, რომელიც მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა თბილისში. ვიზიტის მთავარი შედეგი და სიახლე გახდა სერბეთის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ, რაც, ორივე მხარის შეფასებით, ახალ იმპულსს მისცემს ქვეყნებს შორის დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს.

ირაკლი კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ტაჯიკეთში გაემგზავრა,სადაც სულ ხელი მოეწერა 11 სხვადასხვა ორმხრივ შეთანხმებასა და მემორანდუმს.მთავრობის ინფორმაციით, ხელმოწერილი დოკუმენტები მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას.

კორუფციული სქემა საქართველოს რკინიგზაში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 16 ივნისს გამართული ბრიფინგის თანახმად, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე შავი ლითონის მითვისებისა და რელსების შედუღების სამუშაოებთან დაკავშირებული თაღლითურ სქემაში იყო ჩართული. სუს-ის განცხადებით, საქმეზე რვა პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, საიდანაც ექვსი დაკავებულია, ორს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიების ვერსიით, ერთ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა შავი ლითონი მიითვისეს, რომელიც შემდგომში 17.39 მილიონ ლარად გაიყიდა, ხოლო მეორე ეპიზოდში რელსების შედუღების სამუშაოების მოცულობა ხელოვნურად გაზარდეს, რის შედეგადაც კონტრაქტორმა კომპანიამ დამატებით 403 844 ლარი მიიღო. სუს-ის თანახმად, დანაშაულებრივი სქემები რკინიგზაში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა. დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა და ამ პოზიციას 2025 წლის მაისის ჩათვლით იკავებდა და ამ პერიოდში ხელფასის სახით 1,661,861 ლარი მიიღო.

საქართველოს სკოლის ფორმები 45 მილიონ ლარად ჩინეთში შეიკერება

განათლების სამინისტრო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეკერვისთვის კონტრაქტს ჩინურ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისთან" გააფორმებს. კომპანია საქართველოში 2026 წლის 10 მარტს დარეგისტრირდა და მისი დირექტორის თანამდებობას ლიუ ქსიაოლინ იკავებს, ქსიალონი საჯარო რეესტრში ასევე კომპანიის 100%-ის მფლობელია. კონტრაქტი ტენდერის გარეშე პირდაპირი მოლაპარაკების გზით გაფორმდა. "2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს. კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასტრის“ სამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული.

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია 10 წელში 40 მილიარდი ლარის პროექტების თანადაფინანსებას გეგმავს

"გეგმავთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში მხარს დავუჭერთ 40 მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში," - განაცხადა ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ, რომელიც კორპორაციის გუნდს 18 ივნისს, ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქართული ეკონომიკის ზრდას და განვითარებას, ესენია: ექსპორტის მხარდაჭერა, ასევე კორპორაციის მიზანია, ხელი შეუწყოს სასესხო ინსტრუმენტების გამრავალფეროვნებას და დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოზიდვას“ - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

აღსანიშნავია, რომ სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში" რეორგანიზაციის და ყოფილი "საქართველოს განვითარების ფონდის" საფუძველზე დაფუძნდა. კორპორაციის ხელმძღვანელად დაინიშნა ირაკლი გაბრიაძე, რომელიც წარსულში სსიპ “აწარმოე საქართველოში”-ს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ახალი კორპორაცია ძირითადად გადაიბარებს იმ პროგრამებს, რომლებიც "აწარმოე საქართველოში"-ს ჰქონდა, რაც ძირითადად ბიზნესის საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსებაში გამოიხატებოდა. გარდა ამისა, კორპორაციამ შესაძლოა გააგრძელოს პირდაპირი სასესხო დაფინანსების გაცემაც, რასაც წარსულში "საქართველოს განვითარების ფონდი" ახორციელებდა, თუმცა ამ მიმართულებით კორპორაციის გეგმების შესახებ ჯერჯერობით თითქმის არაფერი არ არის ცნობილი.

მთავრობა გასტრონომიის სსიპ-ს ქმნის

მთავრობა გასტრონომიის სსიპ-ს ქმნის. შესაბამისი დადგენილებები ირაკლი კობახიძის ხელმოწერით 18 ივნისს გამოიცა. კერძოდ, ახალ სსიპ-ს გასტრონომიის ეროვნული სააგენტო დაერქმევა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. გარდა ამისა, ამავე სამინისტროს ქვეშ იქმნება კიდევ ერთი სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო. დადგენილებების მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უნდა უზრუნველყოს ახალი სააგენტოების უფროსების დანიშვნა და მათი დებულების დამტკიცება. ორივე დადგენილება 20 ივლისიდან ამოქმედდება.

ე.წ. "სოციალური კალათის" ფასდაკლებების ვებგვერდის შექმნა 53,000 ლარი დაჯდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შეიქმნება ერთიანი ციფრული პლატფორმა, რომელიც მოქალაქეებს ფასდაკლებული პირველადი მოხმარების პროდუქტების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, პროექტის განხორციელება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დაევალა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროექტის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთიანი ციფრული სივრცის შექმნა, რათა მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია ფასდაკლებული პირველადი მოხმარების პროდუქტების შესახებ. გამოყოფილი ბიუჯეტით იგეგმება: „სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების“ ელექტრონული ვებპლატფორმის დამზადებ და აღნიშნული პლატფორმის გამართვისთვის საჭირო თანმდევი მომსახურების შესყიდვა. ვებპლატფორმის შესაქმნელად ფული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იხარჯება. განკარგულების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს უნდა გამოუყოს არაუმეტეს 53 000 ლარი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

EU ავიაკომპანიებს უფასო ხელბარგისა და გაუმჯობესებული კომპენსაციების უზრუნველყოფას ავალდებულებს - რა იცვლება?

EU ავიაკომპანიებს უფასო ხელბარგისა და გაუმჯობესებული კომპენსაციების უზრუნველყოფას ავალდებულებს - რა იცვლება?

BM.GE

რომელ სექტორებში/კომპანიებში ჩაიდო I კვარტალში ყველაზე მეტი იაპონური ინვესტიცია საქართველოში?

რომელ სექტორებში/კომპანიებში ჩაიდო I კვარტალში ყველაზე მეტი იაპონური ინვესტიცია საქართველოში?

BM.GE

ნავთობპროდუქტების დეფიციტის გამო, ყირიმში საწვავის ყიდვას მხოლოდ საოკუპაციო უწყებები შეძლებენ

ნავთობპროდუქტების დეფიციტის გამო, ყირიმში საწვავის ყიდვას მხოლოდ საოკუპაციო უწყებები შეძლებენ

BM.GE

ბათუმში საზაფხულო სეზონი 150-მდე მეწარმის გამოფენითა და მუსიკალური პროგრამით გაიხსნა

ბათუმში საზაფხულო სეზონი 150-მდე მეწარმის გამოფენითა და მუსიკალური პროგრამით გაიხსნა

BM.GE