
₾12 000-ზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ - ირაკლი კობახიძე
12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც "რადიო თავისუფლებამ" მას პენსიონერებისა და მაღალჩინოსნების ხელფასების ზრდის თანაფარდობასა და მთავრობის მიერ 20 ლარის მაგივრად პენსიების 45 ლარით ზრდის მიზეზების შესახებ ჰკითხა.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მაღალჩინოსნების ხელფასების ჯამი არის ბიუჯეტის 0.1 პროცენტზე ნაკლები.
„საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასები ერთად დავაჯამოთ და წარმოვიდგინოთ, რომ არცერთი საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირი არ იღებს ერთ ხელფასს არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც ერთი დეპუტატი, არც ერთი მინისტრი, არც ერთი მინისტრის მოადგილე არ იღებს ხელფასს, სულ გავანულოთ ეს ხელფასები თეორიულად, პენსია გაიზრდებოდა 3 ლარზე ნაკლებით. ასეთია მომცემულობა. ამ ხელფასების ჯამი არის ბიუჯეტის 0.1 პროცენტზე ნაკლები. ამიტომ როცა შედარება მოგყავთ, ადარებენ ხოლმე, რომ ერთ დეპუტატს მაგალითად აქვს 30 პენსიონერის ხელფასი ან პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს აქვს 40 პენსიონერის ხელფასი, შეგიძლიათ ნახოთ გერმანია, სადაც ანალოგიურია, გერმანიაში მინიმალური პენსიასა და კანცლერის ხელფასს შორის დაახლოებით 30-მაგი სხვაობაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით სულ მცირე 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ანაზღაურება, რომელიც მაქვს, მაგრამ მე მზად ვარ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში უარი ვთქვა ზრდაზე, რაც არის გათვალისწინებული. წელს არის 8.4% მთლიანად საჯარო სექტორში, შეიძლება გარკვეული უხერხულობები ამან გამოიწვიოს, მაგალითად კონკრეტული სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი გადამასწრებს თავისი ხელფასით, უხერხულობებს გამოიწვევს, მაგრამ მზად ვარ ამისათვის, მაგრამ მე სუბიექტური ვარ.
გადავალ მინისტრებზე. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მინისტრს თუ მისცემ იმაზე ნაკლებ ხელფასს, რაც აქვს, რაც არის ზუსტად არ ვიცი, ხელზე იღებენ ალბათ დაახლოებით 12 000 ლარს ახალი მაჩვენებლებით. 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ. კერძო სექტორში ხელფასები არის რადიკალურად გაზრდილი და მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით მინიმუმ 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ 12 000 ლარი მინისტრისთვის არის ბევრი, ნორმალურია ეს? არ არის ბევრი მინისტრს 12 000 ლარი ხელფასი აუცილებლად უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge