
გენერაციის შეზღუდვით ძალიან ბევრი ჰიდროელექტროსადგურის შემოსავალი 60%-მდე შემცირდა - მაია მელიქიძე
ზაფხულის პერიოდში მოთხოვნა-მიწოდების სიჭარბის გამო დაწესებულმა გენერაციის შეზღუდვებმა კერძო სექტორს მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმა მიაყენა.
განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, ზოგიერთი ელექტროსადგურის შემთხვევაში შემოსავლების კლებამ 60%-საც კი მიაღწია.
სექტორულ გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ მომავალი წლისთვის სახელმწიფო სტრატეგია აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რათა გენერაციის შეზღუდვის პასუხისმგებლობა სრულად კერძო სექტორზე არ გავრცელდეს.
“სექტორი რეალურად ითხოვს იმას, რომ მომავალ 2027 წელს გათვალისწინებული იყოს თხოვნა, რომ რაღაც თვალსაზრისით არა მხოლოდ კერძო სექტორმა აიღოს ამ მიმართულებით პასუხისმგებლობა, არამედ გადანაწილდეს სახელმწიფო ჰიდროელექტროსადგურებზეც. აქ იგულისხმება ბუნებრივია პრო-რატა გადანაწილება, სადაც ვგულისხმობთ, რომ 100%-ით არ შეიზღუდოს კერძო სექტორი, როგორც ეს მოხდა, არამედ სახელმწიფომაც გაინაწილოს ამ შეზღუდვებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა და ამხელა ფინანსური დარტყმა არ მიიღოს კერძო სექტორმა, რის გამოც საბოლოო ჯამში მათი შემოსავლები არა მხოლოდ 15-20%-ით შემცირდა როგორც ეს წინა წლების განმავლობაში იყო, არამედ ძალიან ბევრ ჰიდროელექტროსადგურთან მიმართებაში შემოსავლების შემცირება დაახლოებით 60%-საც კი აღწევდა. ჩვენ ამის დათვლას ახლა ვახორციელებთ და საბოლოო კალკულაციას რა თქმა უნდა წარვუდგენთ შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს, რათა ჩავაყენოთ საქმის კურსში, რომ მომავალ წელს სტრატეგია აუცილებლად უნდა იყოს შეცვლილი.
ჩვენ უშუალოდ კონკრეტულ თანხას ვთვლით და ამასთანავე იმ კილოვატ საათების რაოდენობას, რომლის დანაკარგსაც ჰქონდა ადგილი მთელი ამ ორი თვის განმავლობაში. აი ამ მონაცემთა ბაზას, რომელიც უტყუარია და რეალურია რა თქმა უნდა წარვუდგენთ პასუხისმგებელ უწყებებს და ამასთანავე შევთავაზებთ ჩვენს ხედვას, თუ როგორ უნდა მოხდეს მომავალ წელს დაბალანსება, ისე რომ არც სახელმწიფომ მიიღოს ზიანი და კერძო სექტორმაც ნახოს შემოსავალი, იმიტომ რომ კომერციული ბანკებისადმი აღებული ვალდებულებების გასტუმრებას შეექმნა ძალიან სერიოზული გამოწვევა.
მრავალი სახის სცენარი შეგვიძლია განვიხილოთ, მათ შორის კომბინირებულიც. ბუნებრივია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ცალსახად კრიტიკულია და აუცილებელი, როგორც უშუალოდ მეზობლებთან, საუბარი არის აზერბაიჯანზე, თურქეთზე და რა თქმა უნდა სომხეთზე. ასევე აუცილებლად უნდა განხილული იქნეს ის პროცესი, რომ დაჩქარდეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტები იმისათვის, რომ სხვადასხვა მიმართულებით უზრუნველვყოთ ჩვენი ელექტროენერგიის ექსპორტი.
არის კიდევ ერთი გამოსავალი, ეს არის ელექტროენერგიის დასაწყობება, ანუ შეგროვება. აქ ვგულისხმობ ბატარეებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გავითვალისწინოთ, რამდენად დიდი ხანი შეუძლიათ ბატარეებს ელექტროენერგიის შენახვა, იმიტომ რომ წლის განმავლობაში ხშირ შემთხვევაში ვერ ინახავს ეს ბატარეები ელექტროენერგიას. ეს რა თქმა უნდა ძვირადღირებულია, მაგრამ რეალურად გამოსავალი ერთ-ერთი, არა ერთადერთი, შესაძლოა ესეც იყოს..”- აცხადებს მაია მელიქიძე.
ენერგეტიკოს დავით მირცხულავას განცხადებით, ზაფხულის პერიოდში გენერაციის შეზღუდვით სექტორის ჯამური დანაკარგი დაახლოებით 100 მილიონი ლარია.
საინვესტიციო ბანკ გალტ & თაგარტის შეფასებით, მაისი-ივნისი-ივლისის პერიოდში გენერაციის შეზღუდვა დაახლოებით 5%-ს შეადგენდა, ხოლო თურქეთთან ბარტერის გარეშე ეს მოცულობა 10-15%-მდე გაიზრდებოდა.
BM.GE
წყარო: bm.ge