
ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების აღარავითარი რესურსი აღარ არსებობს - კობახიძე ღარიბაშვილზე
ამის [პოლიტიკაში დაბრუნების] აღარავითარი რესურსი არ არსებობს, როდესაც პირდაპირი კორუფციული დანაშაულია სახეზე - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ხედავს თუ არა რესურსს, ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ დაბრუნდეს პოლიტიკაში.
იქამდე, კობახიძემ თქვა, რომ ღარიბაშვილის წერილებს მმართველი გუნდისთვის არავითარი დისკომფორტი არ შეუქმნია, განსხვავებით იმისგან, რა [კორუფციულ] საქმიანობასაც ის პრემიერობის დროს ეწეოდა.
„დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით. ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტია და ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა. კორუფციის ბრალდებით მას მოუწია ციხეში წასვლა. უმჯობესი იყო, რა თქმა უნდა, რომ მას არ ჰქონოდა ასეთი საქმიანობა წარსულში, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, დისკომფორტი იქნებოდა ნაკლები. მე კიდევ ერთხელ მინდა ერთი რამ აღვნიშნო - კორუფცია არის ძალიან ცუდი და როდესაც ადამიანს აქვს წაყენებული კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება და როდესაც ეს ბრალდება არის შემდეგ დადასტურებული, ამას ვერანაირად ვერ ჩამოირეცხავ განცხადებებით თუ წერილებით, ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ წარსულზე. კორუფცია არის ცუდი და ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ცუდი. შესაბამისად, კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან ბევრმა დაიწყო რაღაცების საუბარი, განცხადებების გავრცელება, მაგრამ იმდენად სუფთად მუშაობს ხელისუფლება მთლიანობაში, რომ არცერთ ასეთ მცდელობას არ ჰქონია არავითარი წარმატება.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასდროს არ ჰქონია რაიმე შედეგი. მიზეზი არის ერთადერთი, რომ გუნდი, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მუშაობს ძალიან სუფთად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, "იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასოდეს ჰქონია შედეგი".
„თუ რაიმე გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაელოდოთ. იყო არაერთი შემთხვევა, როცა სხვადასხვა ბრალდებით და ძირითადად ეს კორუფციული ბრალდებები იყო, კონკრეტული თანამდებობის პირები საპატიმროში აღმოჩნდნენ, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მათ რაღაცების ლაპარაკი სცადეს, თუმცა ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ამ ლაპარაკს არასდროს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. იმდენად სუფთაა ჩვენი საქმიანობა და წესები, რომ ხელისუფლებაზე ვერაფერი ვერ თქვეს. აქ მათ შორის ვგულისხმობ ირაკლი ღარიბაშვილს და არა მარტო მას - წარსულშიც გახსოვთ მათ შორის სუს-ის სისტემის წარმომადგენელი, რომელმაც რაღაცების ლაპარაკი დაიწყო, თუმცა ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ დასმული კითხვის პასუხად.
• 17 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ყოფილმა ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც თებერვალში კორუფციული ბრალდება აღიარა და საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა. მისი განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის აღიარება შესთავაზეს, რათა პოლიტიკაში მისი დაბრუნების 1%-იანი „რისკი“ დაეზღვიათ. • 18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში ღარიბაშვილმა დაასახელა წერილის გამგზავნიც — მამუკა მდინარაძე, რომელიც სხვადასხვა დროს ვიცე-პრემიერის, მინისტრის, სუსის ხელმძღვანელისა და საპარლამენტო ლიდერის თანამდებობებს იკავებდა. ღარიბაშვილის თქმით, მან ყველაფერი გააკეთა გუნდთან და „ძვირფას ადამიანებთან“ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად და სწორედ ამით ახსნა კორუფციის შესახებ ბრალის აღიარება. • 24 აგვისტოს ღარიბაშვილს ახალი კორუფციული ბრალი პირადად წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების ვერსიით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე, მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენის, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამის სახით მიღებული 1.5 მლნ ლარიდან 750 ათასი ლარი რამდენიმე ეტაპად ნაღდი ფულის სახით პირადად გადასცა ღარიბაშვილს. • 27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ მოულოდნელად გამართულ ბრიფინგზე თანამდებობიდან გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილებაზე მან პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა და აღნიშნა: „მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“. იმავე დღეს, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, მდინარაძემ ღარიბაშვილის მიერ წერილის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია უარყო: „არავისთვის არასდროს გამიგზავნია წერილი. პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით მე არასდროს ვყოფილვარ დაკავებული“. • 31 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სამინისტრო, რომელსაც ის მანამდე ხელმძღვანელობდა, გაუქმდებოდა, ხოლო უწყება, რომლის ხელმძღვანელიც ის უნდა გამხდარიყო, აღარ შეიქმნებოდა.
BM.GE
წყარო: bm.ge