
Google-ი მალაიზიაში $15 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს
Alphabet-ის შვილობილი კომპანია Google-ი 2027-2028 წლებში მალაიზიაში $15 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის განცხადებით, ეს თანხა მონაცემთა ახალი ცენტრების მშენებლობას, სუფთა ენერგიის განვითარებას, წყლის უსაფრთხოების გაძლიერებასა და მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებას მოხმარდება.
Alphabet-ისა და Google-ის პრეზიდენტმა და მთავარმა საინვესტიციო დირექტორმა რუთ პორატმა აღნიშნა, რომ ეს ინვესტიცია ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს პასუხობს და ინოვაციების დანერგვისთვის საჭირო გამოთვლით სიმძლავრეებს უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ Google-ი მონაცემთა ახალი ცენტრების აშენებას სელანგორისა და ნეგრი-სემბილანის შტატებში გეგმავს. კომპანიის გათვლებით, მშენებლობის ეტაპი მალაიზიის მთლიან შიდა პროდუქტს ყოველწლიურად საშუალოდ $1.1 მილიარდს შემატებს და წელიწადში 37,000-ზე მეტ ადგილობრივ სამუშაო ადგილს შექმნის. ობიექტების ამოქმედების შემდეგ კი კომპანია ყოველწლიურად 9,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს, ხოლო თანამშრომელთა საშუალო ანაზღაურება ქვეყნის მედიანურ მაჩვენებელს 45%-ით გადააჭარბებს.
პარალელურად, Google-ი მალაიზიის ეროვნულ ელექტროქსელში 1 გიგავატზე მეტი სიმძლავრის სუფთა ენერგიის დამატებას აპირებს. კომპანია მონაცემთა ცენტრების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 100%-ს, ასევე ქსელთან მისაერთებლად საჭირო პირდაპირ ინფრასტრუქტურულ ხარჯებს სრულად დაფარავს. ამას გარდა, ტექნოლოგიური გიგანტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ოთხი ახალი საგანმანათლებლო პროგრამის მეშვეობით 800,000 ადგილობრივ მოქალაქეს გადაამზადებს
.ცნობისთვის, მალაიზიაში Google-ის პირველი მონაცემთა ცენტრი სელანგორის შტატში, Elmina Business Park-ში უკვე ფუნქციონირებს.
BM.GE
წყარო: bm.ge