
ჰორმუზის სრუტის აღდგენის შემდეგ, 2027 წელს ნავთობის მნიშვნელოვანი სიჭარბეა მოსალოდნელი - IEA
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA) აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვისგან გამოწვეული კრიზისის გადალახვის შემდეგ, 2027 წელს, ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვანი სიჭარბე დაფიქსირდება.
კერძოდ, IEA-ს შეფასებით, ომმა ახლო აღმოსავლეთში ნავთობის მოპოვება დღეში 14 მილიონზე მეტი ბარელით შეზღუდა. 2027 წლის პირველად პროგნოზში კი სააგენტო აღნიშნავს, რომ მომავალ წელს ნავთობის ბაზარი მნიშვნელოვან სიჭარბეს განიცდის, რადგან მიწოდება დღეში 8 მილიონი ბარელით გაიზრდება, ხოლო მოთხოვნა - მხოლოდ 2 მილიონი ბარელით.
"2027 წელს მიწოდების დიდმა სიჭარბემ შესაძლოა ბაზარს სასურველი შვება მისცეს და შექმნას ამოწურული მარაგების შევსების ან ახალი სტრატეგიული რეზერვების შექმნის შესაძლებლობა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როცა ქვეყნები კრიზისის საპასუხოდ საკუთარ ენერგოსტრატეგიებსა და პოლიტიკას გადახედავენ", - განაცხადა IEA-მ.
IEA-ს ცნობით, ივნისის დასაწყისისთვის სრუტეში ტრანზიტი უკვე იზრდებოდა. ეს ომანის ყურეში გემიდან გემზე გადატვირთვის ოპერაციების გახშირებამ განაპირობა, რამაც ახლო აღმოსავლეთის მთლიანი ნაკადები მაისის მინიმუმიდან (9.6 მლნ ბარელი) დაახლოებით 12 მილიონ ბარელამდე გაზარდა.
"თუ შეთანხმება ძალაში დარჩება, სპარსეთის ყურიდან ექსპორტი და წარმოება ეტაპობრივად უნდა აღდგეს - მით უმეტეს, რომ აშშ-ის ბლოკადის მოხსნის შემდეგ ირანული ნავთობის ექსპორტის სრულად განახლება გახდება შესაძლებელი", - აცხადებს სააგენტო, რომელიც ინდუსტრიულ ქვეყნებს კონსულტაციას უწევს.
თუმცა, როგორც სააგენტო აღნიშნავს, პოლიტიკური და საოპერაციო შეზღუდვები, მათ შორის გახანგრძლივებული განაღმვითი სამუშაოები და ტრანზიტთან დაკავშირებული მოუგვარებელი საკითხები, ახლო აღმოსავლეთის აღდგენის პროგნოზში დაღმავალ რისკებს ტოვებს.
მთლიანობაში, IEA-ს პროგნოზით, 2026 წელს ნავთობის მიწოდება 3.9 მილიონი ბარელით შემცირდება, რადგან ახლო აღმოსავლეთში წარმოების დანაკარგები ამერიკის კონტინენტზე მოპოვების ზრდას გადააჭარბებს.