
ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის წლისთავზე დონალდ ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს დაურეკა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრები გამართა. ზარები 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართული „მშვიდობის სამიტის“ პირველ წლისთავს მიეძღვნა.
მედიის თანახმად, აზერბაიჯანისა და აშშ-ის ლიდერებს შორის საუბარი მეგობრულ და თბილ ატმოსფეროში წარიმართა.
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ლიდერებმა ვაშინგტონის სამიტის შემდეგ გასული წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები, აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესი, TRIPP პროექტის იმპლემენტაცია და ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს.
საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდა და არ მომხდარა ინციდენტები, რომლებსაც სამშვიდობო პროცესისთვის საფრთხის შექმნა შეეძლო.
ლიდერებმა ასევე პოზიტიურად შეაფასეს სომხეთში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტი, ტვირთების ტრანზიტი და ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების დაწყება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს გასულ წელს „მშვიდობის სამიტის“ მასპინძლობისთვის და ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად გაწეული პირადი ძალისხმევისთვის.
მათივე ცნობით, ფაშინიანი და ტრამპი მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ ვაშინგტონის სამიტმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნამდვილი მშვიდობა დაამყარა, რაც ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი აღმოჩნდა. ამასთან, საუბრისას ლიდერებმა TRIPP-ის პროექტის მიმდინარეობაც განიხილეს.
BM.GE
წყარო: bm.ge