
იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთი დაემატება LPG ბაზარს - თხევადი გაზის იმპორტიორთა ასოციაცია
ყაზახეთი განიხილება ერთ-ერთ ბაზრად, საიდანაც საქართველომ შესაძლოა თხევადი გაზი შემოიტანოს. ეს „საქმიან დილაში“ თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნარიმან ფიცხელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, წლებია სანქციების გამო ირანიდან თხევადი გაზის შემოტანა ვერ ხერხდება, რის გამოც ქართული ბაზრის ძირითადი მომწოდებელი თითქმის 99%-ით რუსეთია. სექტორს აქვს სურვილი, რომ იმპორტი სხვა ალტერნატიული წყაროებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდანაც განახორციელოს, თუმცა გარკვეული ტექნიკური ბარიერების გამო ვერ ახერხებს.
წლებია სანქციებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება ირანიდან თხევადი გაზის შემოტანა და ამ პროდუქტის ძირითადი მომწოდებელი თითქმის 99%-ით რუსეთია. ვითარება შემდეგნაირია: ჩვენ გვაქვს სურვილი, პროდუქტი სხვა ქვეყნებიდანაც შემოვიტანოთ იქნება ეს აზერბაიჯანი, ყაზახეთი თუ თურქმენეთი, მაგრამ არსებობს გარკვეული პარამეტრები, რეგულაციები და ხარისხობრივი მაჩვენებლები, რომელთა შესაბამისადაც უნდა მოხდეს ამ პროდუქტის შემოტანა, განთავსება და რეალიზაცია საქართველოში.
მაგალითად, რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის აწარმოებს თხევად გაზს, თუმცა მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიმართულებით. საავტომობილო დანიშნულებით მას ვერ ვიყენებთ, რადგან სათანადო გაწმენდა არ აქვს გავლილი მოჰყვება მინარევები და ა.შ. კი, მუშაობს, მაგრამ გარკვეულ პრობლემებს იწვევს. ყაზახეთს რაც შეეხება, მას ექსპორტზე საკუთარი შეზღუდვები აქვს დაწესებული, თუმცა გვაქვს იმედი, რადგან ორი კვირის წინ საქართველოდან დელეგაცია იყო ჩასული ყაზახეთში სავაჭრო ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ამ პროდუქტის შემოტანის კიდევ ერთი ალტერნატიული გზა დაგვემატოს", - აცხადებს ნარიმან ფიცხელიანი.
ასოციაციის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა თხევადი გაზის მზარდ ტარიფებზეც და აღნიშნა, რომ ფასის მატებას როგორც საგარეო, ისე შიდა ფაქტორები განაპირობებს. საერთაშორისო ბაზარზე ფასს ირანში არსებული კონფლიქტი და რუსეთ-უკრაინის ომი ზრდის. შიდა ბაზარზე კი მისი თქმით, ფასწარმოქმნაზე ნეგატიურად აისახება თბილისის მერიიდან დაკისრებული ჯარიმები. ფიცხელიანი ამბობს, რომ კვირის ბოლომდე თხევადი გაზი შესაძლოა, 1.8 ლარამდე გაძვირდეს.