
ინდექსაციის წესით 20 ლარით პენსიის ზრდა ჩამორჩება ჩვენს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით თავდაპირველად გათვალისწინებული 20-ლარიანი მატების ნაცვლად, პენსია ჯამში 45 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების საშუალება ეკონომიკურმა ზრდამ მისცა მთავრობას, რადგან კანონით დადგენილი ინდექსაციის წესით განსაზღვრული 20-ლარიანი ზრდა არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებს ჩამორჩებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ცვლილებისთვის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში დამატებით 128 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.
„როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ინდექსაციის წესი, მათ შორის, 70 წლის ასაკის მიუღწეველ პენსიონერებზეც. ამ ინდექსაციის წესის მიხედვით, გათვალისწინებული იყო 20 ლარით პენსიის ზრდა, რაც ჩამორჩება ჩვენს ეკონომიკურ ზრდას. ნომინალური ეკონომიკა 10%-ზე მეტით გაიზრდება წლის ბოლომდე და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ჩვენ ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას. სწორედ ამით ვისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს.
ვნახეთ იმის რესურსი, რომ დამატებით პლუს 25 ლარით, ანუ ჯამში 45 ლარით გაგვეზარდა პენსია 70 წელს მიუღწეველი პენსიონერებისათვის და ეს აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში, დამატებით პროექტში გათვალისწინებული იქნება 128 მილიონი ლარი, საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა, პენსიის ზრდა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.
ჩვენ არ უნდა გადავაჭარბოთ დასაშვებ ზღვარს, რაღაც ზღვრის შემდეგ სოციალური ხარჯები უკვე პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდის შენელებაზე, და ინფლაციური პროცესების დაჩქარებაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ოქროს შუალედი გვიკავია ახლა იმ მოცემულობით, რომელიც ბიუჯეტშია ასახული. 45-ლარიანი მატებითაც ვრჩებით იმ არსებულ ზღვარში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, ვზრუნავთ მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, პენსიონერებისთვის პენსიის გაზრდაზე და მეორე მხრივ, ხელს ვუწყობთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. ეს ოქროს შუალედი მომავალშიც უნდა იყოს დაცული", - განაცხადა კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ 2027 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტით, საპენსიო უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი ჯამური ხარჯი 555 მილიონი ლარით გაიზარდა და 5 570 მილიონ ლარს მიაღწია, საიდანაც კანონმდებლობით დადგენილი მინიმუმ 5,1%-იანი ინფლაციის ფონზე პენსიების 5,41%-იანი მატება იყო გათვალისწინებული. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარით უნდა გაზრდილიყო და ბარში 390, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 468 ლარი იქნებოდა, 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის კი 12,12%-იანი (60-ლარიანი) ზრდით ბარში 555 ლარს, ხოლო მაღალმთიანში 665 ლარს გაუტოლდებოდა.
BM.GE
წყარო: bm.ge