
ინფრასტრუქტურის სამინისტრო 312 კმ გზის რეაბილიტაციის პროექტირებაზე ₾15.5 მილიონს დახარჯავს | 5 ტენდერები
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 312 კმ სიგრძის საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე 5 ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების სავარაუდო ჯამური ღირებულება 15.52 მილიონი ლარია.
ხუთი ტენდერი ჯამში 32 საგზაო მონაკვეთს მოიცავს. ყველაზე დიდი შესყიდვაა NAT260020518, რომლის სავარაუდო ღირებულება 4.12 მილიონი ლარია და პროექტირება 83.5 კმ გზაზე უნდა განხორციელდეს. ამ პაკეტში შედის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს, ხობი-ახალსოფელი-რკინიგზის ბაქნის, მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს, ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს, სენაკი-ფოთი-სარფისა და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზების მონაკვეთები.
ტენდერი სავარაუდო ღირებულება დასაპროექტებელი გზები NAT260020518 4.12 მლნ ლარი 83.5 კმ NAT260020517 3.75 მლნ ლარი 75.7 კმ NAT260020515 2.75 მლნ ლარი 54.6 კმ NAT260020511 2.42 მლნ ლარი 48.7 კმ NAT260020509 2.48 მლნ ლარი 49.5 კმ ჯამი 15.52 მლნ ლარი 312 კმ
NAT260020517-ის ფარგლებში დეპარტამენტი 75.7 კმ გზის პროექტირებას გეგმავს. 3.75 მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვა მოიცავს დიდი დმანისი-დმანისი-გომარეთი-ბედიანის გზის სამ მონაკვეთს, იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს მიმართულებას და სამშვილდესთან მდებარე ორ მისასვლელ გზას.
NAT260020515-ის ღირებულება 2.75 მილიონი ლარია. ამ ტენდერით საპროექტო დოკუმენტაცია 54.6 კმ გზისთვის უნდა მომზადდეს, მათ შორის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის, ლენტეხი-ბავარის, ვანი-სულორის, ხონი-მათხოჯი-მარტვილის, ძეძილეთი-გელავერისა და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზების მონაკვეთებისთვის.
კიდევ ორი ტენდერი აღმოსავლეთ საქართველოს გზებს მოიცავს. NAT260020511-ის ფარგლებში 2.42 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულებით 48.7 კმ გზის პროექტირება იგეგმება, მათ შორის ახალციხე-ღრელი-საფარის მონასტრის, ილიაწმინდა-ბოდბე-გამარჯვების, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინოგორისა და სიღნაღის მიმართულებებზე. NAT260020509 კი 2.48 მილიონი ლარის ღირებულებით 49.5 კმ გზას მოიცავს, მათ შორის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის, გლდანი-თიანეთის, თბილისის შემოსავლელის, დუშეთი-მჭადიჯვარი-ოძისისა და ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოსავლელის მონაკვეთებს.
ტენდერების პირობებით, პირველი ორი შესყიდვის ფარგლებში მომსახურების შესრულების ვადა არაუმეტეს 12 თვეა, ხოლო დანარჩენ სამში — 10 თვე. მოთხოვნების მიხედვით, პრეტენდენტს შესაბამის პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის მომსახურება არანაკლებ 4.96 მილიონი ლარის ღირებულებით, მათ შორის ერთ კალენდარულ წელს — არანაკლებ 1.24 მილიონი ლარის საპროექტო მომსახურება.
BM.GE
წყარო: bm.ge