
ხარისხის სრული ციკლის ერთი უწყების მიერ კონტროლი მომხმარებელთა ინტერესების დაცვას გააუმჯობესებს - ლევან მეხუზლა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა მიიჩნევს, რომ ალკოჰოლიანი სასმლის ხარისხის კონტროლი სეს-იდან ღვინის სააგენტოში გადასვლა მომხმარებელთა ინტერესების დაცვას გააუმჯობესებს. მან ამის შესახებ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.
საქმე ისაა, რომ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება ფართოვდება და 2027 წლის 1 ივნისიდან ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმლის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად ღვინის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. ამას „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.
„ხარისხის კონტროლის სრული ციკლის ერთი უწყების მიერ განხორციელება უზრუნველყოფს ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ალკოჰოლური სასმლის ხარისხის ეფექტიან კონტროლს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. ღვინის მოხმარების კლებასთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების ფონზე, მთავარ პრიორიტეტად რჩება ღვინის ხარისხზე ზრუნვა. ხარისხის კონტროლი იწყება ვენახის გაშენებიდან და გრძელდება წარმოებით და პროდუქტის ბაზარზე განთავსებით, რაც მომავალი წლიდან ერთი უწყების ქვეშ მოექცევა“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
BM.GE
წყარო: bm.ge