
ხელისუფლება ქმნის პირობებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თუმცა თავად ეკონომიკას ქმნით ბიზნესმენები | პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ეკონომიკის გაძლიერებისთვის პირობებს ქმნის, თუმცა თავად ეკონომიკას ქმნის ბიზნესი - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიალოგს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის. ხელისუფლება არის ის, ვინც ქმნის პირობებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თუმცა თავად ეკონომიკას ქმნით თქვენ, ბიზნესმენები, აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, გვქონდეს მუდმივი დიალოგი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და თითოეულ ბიზნესმენსა და მეწარმეს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მადლობა გადაუხადა.
„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრებების რეკომენდაციების მოსმენა ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, ბიზნესის კიდევ უფრო უკეთესი პირობების შექმნასთან დაკავშირებით შესაბამისად, მომავალშიც გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ განვაგრძოთ საქმიანი დიალოგი თქვენთან ერთად. სწორედ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ არის ურთულესი გლობალური გამოწვევები, არის საკმაოდ უარყოფითი გლობალური ტენდენციები ჩვენ სწორედ ერთობლივი ძალისხმევით და ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ვახერხებთ სწრაფი ეკონომიკური განვითარების ტემპის შენარჩუნებას. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ბიზნესმენს, მეწარმეს თქვენი წვლილისთვის, იმ წვლილისთვის, რაც თქვენ შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge