მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "კითხვა, საშინაო დავალება ბავშვმა დაწერა თუ AI-მ, აქტუალური აღარ არის" - განათლების ექსპერტი
"კითხვა, საშინაო დავალება ბავშვმა დაწერა თუ AI-მ, აქტუალური აღარ არის" - განათლების ექსპერტი

"კითხვა, საშინაო დავალება ბავშვმა დაწერა თუ AI-მ, აქტუალური აღარ არის" - განათლების ექსპერტი

BM.GE4 ოქტომბერი, 2026, 19:17|bm.ge

"სკოლებში ხელოვნური ინტელექტის აკრძალვის მცდელობა ან იმის დეტექცია, დავალება მოსწავლემ შეასრულა თუ ალგორითმმა, აზრს მოკლებულია", - ამის შესახებ განათლების ტრანსფორმაციის ექსპერტი და ასოცირებული პროფესორი თამარ კერძაია საუბრობს და აღნიშნავს, რომ გამოსავალი არა კონტროლში, არამედ საშინაო დავალებებისა და შეფასების სისტემის ფუნდამენტურ გარდაქმნაშია.

როგორც თამარ კერძაიამ BMG-ის გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მოსწავლეებისთვის უკვე მოცემულობაა და არა არჩევანი.

მისი თქმით, მასწავლებლების მთავარი შეკითხვა - "როგორ გავარკვიოთ, საშინაო დავალება AI-ის დაწერილია თუ არა?" - რეალობას აცდენილია, რადგან ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, გენერირებულ ტექსტს სრულად ადამიანური სახე მიეცეს.

"გამოიყენონ თუ არა ბავშვებმა ხელოვნური ინტელექტი - დღეს არჩევანი არ არის. ეს არის მოცემულობა. ბავშვები იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს დღეის მდგომარეობით, იმ წუთამდე, სადაც სამყარო შეთანხმდება რაღაც რეგულაციაზე. საკითხი დგას იმაში, სწორად იყენებენ თუ არა ბავშვები ხელოვნურ ინტელექტს, მათ შორის საშინაო დავალების შესრულებისას.

ეს კითხვა – როგორ უნდა გავიგოთ, მოსწავლის მიერ არის თუ არა საშინაო დავალება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესრულებული – უკვე აღარ არის აქტუალური. არსებობს მეთოდები, რომლითაც თეორიულად შეიძლება დადგენა, თუმცა არსებობს ინსტრუმენტებიც, რომლითაც AI-ის ნამუშევარი შეგვიძლია ისე გარდავქმნათ ადამიანის ნამუშევრად, რომ ვერავინ მიხვდება. მოსწავლეებმა ეს ყველაზე კარგად იციან. გამოსავალი არის არა ის, ვეძებოთ ადამიანმა დაწერა თუ ხელოვნურმა ინტელექტმა, არამედ მთლიანად შეიცვალოს საშინაო დავალების სტრუქტურა", - აცხადებს კერძაია.

ექსპერტის შეფასებით, დავალება ისე უნდა იყოს ფორმულირებული, რომ მოსწავლემ ხელოვნური ინტელექტი არა მზა პასუხის მისაღებად, არამედ კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზისთვის გამოიყენოს. მაგალითად მას ისტორიის გაკვეთილი მოჰყავს.

"თუ ჩვენ ვთხოვთ ბავშვს, დაგვიწეროს ესსე დავით აღმაშენებელზე, გადასარევად გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს, მერე ჩააგდებს შესაბამის აპლიკაციაში, მისცემს ადამიანურ ფორმას და კაციშვილი ვეღარ გაიგებს, ვისი დაწერილია. ამის კვლევას თავი უნდა დავანებოთ და მივცეთ სხვა ტიპის დავალება: მაგალითად, აიღოს დავით აღმაშენებლის რომელიმე გადაწყვეტილება, მოიფიქროს ალტერნატივა, იმსჯელოს, როგორ შეიცვლებოდა ისტორია, სთხოვოს AI-ს აზრი, ეჭვი შეიტანოს მის პასუხში და გადაამოწმოს წყარო", - განმარტავს თამარ კერძაია.

კერძაიას ხედვით, სკოლებმა ვერ მოასწრეს ტექნოლოგიურ ნახტომთან ადაპტირება, რის გამოც დღეს ტრადიციული საგაკვეთილო ფორმატი აზრს კარგავს. მისი თქმით, საკლასო ოთახი ცოდნის პრაქტიკული დემონსტრირების სივრცედ უნდა იქცეს.

"საკლასო სივრცე უნდა დარჩეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეძლოს ბავშვმა თავისი ცოდნის გამოვლენა: საჯაროდ გამოსვლა, კრიტიკული აზროვნება, დებატებში ჩართვა და არგუმენტირებული მსჯელობა. ჩვენი შეფასების სისტემა თავიდან ბოლომდე ყველა საგანში არის გარდასაქმნელი. დროის ხარჯვა იმაზე, ხელოვნურმა ინტელექტმა დაწერა თუ არა დავალება, დღეს აქტუალური აღარ არის", - აღნიშნა განათლების ექსპერტმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სომხეთში რეგიონებისთვის სასკოლო ავტობუსების ახალ სერვისი ამოქმედდება

სომხეთში რეგიონებისთვის სასკოლო ავტობუსების ახალ სერვისი ამოქმედდება

BM.GE

"₾11.5 მილიონით დამაჯარიმეს..." - ვალერი გელაშვილი ხაშურში ბიზნესს ყიდის

"₾11.5 მილიონით დამაჯარიმეს..." - ვალერი გელაშვილი ხაშურში ბიზნესს ყიდის

BM.GE

აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვაში ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს 2026 წლის ბოლომდე აამოქმედებენ

აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვაში ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს 2026 წლის ბოლომდე აამოქმედებენ

BM.GE

"ყაზბეგის ტურებს ფაქტობრივად ვეღარ ვყიდი" - ODA DMC გამოწვევებზე

"ყაზბეგის ტურებს ფაქტობრივად ვეღარ ვყიდი" - ODA DMC გამოწვევებზე

BM.GE