
„კორუფციაც ჩემთვის „ნაცობაა“... ხელისუფლების ზედა ეშელონები კორუფციისგან გავასუფთავეთ - ირაკლი კობახიძე
„თუკი რაიმე არის პერსონებზე დამოკიდებული, მათ შორის პრემიერ-მინისტრის პერსონაზე დამოკიდებული, ეს არის, პირველ რიგში, კორუფცია. ჩვენ რაც გავაკეთეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ეს იყო ის, რომ გავასუფთავეთ მთლიანად ხელისუფლების ზედა ეშელონები კორუფციისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც საგარეო მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხებოდა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, კორუფციასთან ბრძოლის პროცესში პრინციპული გარდატეხის შეტანას წელიწად-ნახევარი დასჭირდა, თუმცა ამ მიმართულებით მთავარი დამსახურება მაინც ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ კორუფციისგან წმენდის პროცესში ბიძინა ივანიშვილის მკაფიო მინიშნებებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.
„ბუნებრივია, აქაც იყო გუნდი და გუნდის პოლიტიკას, გუნდის ქმედებებს მოჰყვა კონკრეტული შედეგები. ეს არის რეალური სურათი. გუნდის ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი, პირველ რიგში, თუკი ვინმემდე შეიძლება დავიყვანოთ წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა წარმატება არის გუნდის და გუნდურობის შედეგი, იქნება ეს საგარეო სფეროში, ეკონომიკის სფეროში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში.
ჩვენ გავაკეთეთ ეს და აქაც, მთავარი დამსახურება მიუძღვის ამ შემთხვევაშიც ბიძინა ივანიშვილს, რომელიც გამოვიდა პარტიის ყრილობაზე და მკაფიო მინიშნება გააკეთა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ამას სჭირდებოდა აღსრულება და ჩვენ აღვასრულეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება... წელიწადნახევარი დაგვჭირდა პრინციპული გარდატეხის შესატანად და წელსაც გრძელდებოდა ეს პროცესები და წლის ბოლომდე კიდევ რაღაცებს მივიყვანთ ბოლომდე. პრინციპულად გავათავისუფლეთ ხელისუფლების ზედა ეშელონები კორუფციისგან. თუ სადმე შეიძლება ვისაუბროთ ვინმეს პერსონალურ როლზე, ეს არის ზუსტად ის თემა - კორუფციასთან ბრძოლა“, - აღნიშნა კობახიძემ.
ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგ წერილი 6 სექტემბერს გამოაქვეყნა, სადაც საგარეო მიმართულებით საკუთარ მიღწევებზე წერდა და ამჟამინდელი მმართველი გუნდის ლიდერებს მიმართავდა " ტყუილად ნუ წვალობთ! როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისევე შეუძლებელია ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან დაკავშირება!".
BM.GE
წყარო: bm.ge