
კრწანისში წინანაურის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - პროექტის ბიუჯეტი ₾2 მილიონია
კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც BMG-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, პროექტის ბიუჯეტი 2 მილიონ ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის პარალელურად, სრულად განახლდება ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციებიც.
„ყველგან, სადაც რეაბილიტაციის მიზნით შევდივართ, პირველ რიგში, მიწის ქვემოთ არსებულ ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი. ასევე მოწესრიგდება საფეხმავლო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა გარე განათების ქსელი და გრუნტის დამჭერი მონოლითური კედლები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი ინფორმაციით, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, რის შემდეგაც უშუალოდ საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყება.
BM.GE
წყარო: bm.ge