
"ლენდლორდის" მოდელი ადეკვატურ მმართველობაში ცუდი არაა... "ოცნების" პირობებში გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები - მელაშვილი
ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილი აცხადებს, რომ ადეკვატური მმართველობის პირობებში „ლენდლორდის“ მოდელი ანაკლიის პორტისთვის ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი, თუმცა მოქმედი ხელისუფლების პირობებში არ ელის, რომ პორტი აშენდება.
ის ასევე ყურადღებას ამახვილებს ჩინეთის ჩართულობაზეც და აღნიშნავს, რომ ჩინეთის ერთადერთი ინტერესი საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაა. თუმცა, მისივე თქმით, დასავლეთისგან იზოლაციის პირობებში საქართველო შესაძლოა ჩიხად იქცეს, რაც ტრანზიტის იდეას აზრს დაუკარგავს.
"ადეკვატური მმართველობის პირობებში, „ლენდლორდის“ მოდელი ნამდვილად არ არის ცუდი ასეთი უზარმაზარი პროექტის განსახორციელებლად, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ვერ მოახერხა ვერც ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ნორმალურად აშენება. „ქართული ოცნებისადმი“ ნდობა მსხვილი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, სამწუხაროდ, არის მინიმალური და შესაბამისად იმის მოლოდინები, რომ ისინი თავს გაართმევენ ისეთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტის განხორციელებას, როგორიც ანაკლიის პორტია სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნის დასმის საშუალებას იძლევა.
რაც შეეხება ჩინეთის ჩართულობას, თავიდანვე სრულიად გასაგები იყო, რომ ჩინეთის ერთადერთი ინტერესი საქართველოსთან მიმართებით არის ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია. „ქართული ოცნების“ არაადეკვატური საგარეო პოლიტიკის შედეგად, ჩვენ მივიღეთ იზოლაცია დასავლეთისგან და როგორც ვიცით, ტრანზიტს სჭირდება ორი წერტილი - დასაწყისი და დასასრული. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გახდება ჩიხი, არც ჩინეთის ინტერესი იქნება, არც ბუნებრივია დასავლეთის და არც რომელიმე სხვა რეგიონალური თუ გლობალური მოთამაშეების, გარდა რუსეთის ფედერაციისა, რომელსაც საერთოდ სხვა ტიპის იმპერიალისტური ინტერესები ამოძრავებს ჩვენს რეგიონში", - აცხადებს მელაშვილი.
ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 6 ივლისს განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს. ბრიფინგზე ქვრივიშვილმა განმარტა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ნავსადგური მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული, ე.წ. ლენდლორდის (Landlord) მოდელით ააშენოს.
ამ მოდელის არსი შემდეგში მდგომარეობს:
• სახელმწიფო რჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ. • სახელმწიფო თავად უზრუნველყოფს პორტის განვითარებასა და მართვას.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული მოდელი ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ კონკრეტულ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც მისი შეფასებით, საუკეთესო პირობებს შექმნის პორტში ტვირთების მოზიდვისა და მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.
BM.GE
წყარო: bm.ge