
"მაღაზიაში ცალ-ცალკე გამოიყოფა ადგილი ნატურალური რძის და სხვა ნედლეულით დამზადებული პროდუქტებისთვის" - ასოციაცია
რძის პროდუქტების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. არანატურალური რძისგან, მცენარეული ცხიმებითა და რძის შემცვლელი ნედლეულით დამზადებული პროდუქცია როგორც შეფუთვაზე, ისე მაღაზიების თაროებზე სპეციალური ფერადი ნიშნით გამოეყოფა ნატურალურ რძის პროდუქტებს.
როგორც ყველის ასოციაციის თავმჯდომარემ და ქართული ყველის ისტორიის მკვლევარმა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ BM.GE-ს განუცხადა, ახალი რეგულაცია შეეხება როგორც მწარმოებლებს, ისე სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც ვალდებული იქნებიან ასეთი პროდუქცია მომხმარებლისთვის მკაფიოდ გამიჯნულად განათავსონ.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე მეხუთე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროცესს უწყების წარმომადგენელი ლაშა ვალიანი კურირებდა, ხოლო ბოლო შეხვედრა მინისტრის ინიციატივით შედგა.
მიქაძე-ჩიკვაიძის თქმით, სახელმწიფომ საბოლოოდ გაიზიარა სექტორის არგუმენტები, რომ მომხმარებლებისთვის მხოლოდ პროდუქტზე მცირე შრიფტით დატანილი ინფორმაციის წაკითხვა საკმარისი არ არის და ხშირ შემთხვევაში ადამიანები ვერ არჩევენ, რეალურად რას ყიდულობენ.
„ჩვენ ყოველდღიურად ვმსჯელობთ, რომელი ყველია კარგი, რომელი - არა, მაგრამ ადამიანები ხშირად არ კითხულობენ ეტიკეტზე მითითებულ წვრილ ინფორმაციას. მე თავად ლუპით ან მობილურით ვადიდებ წარწერებს, რათა გავიგო პროდუქტის შემადგენლობა. ეს პრობლემა წლების განმავლობაში იდგა როგორც მომხმარებლების, ისე კეთილსინდისიერი მწარმოებლების წინაშე. საბოლოოდ, ამ მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ შეიქმნას სპეციალური ნიშანი იმ პროდუქციისთვის, რომელიც ნატურალური რძისგან არ არის დამზადებული", - ამბობს ის.
მისივე განმარტებით, საუბარია ყველა იმ პროდუქტზე, რომლის წარმოებაშიც გამოყენებულია მცენარეული ცხიმები, რძის ფხვნილი ან სხვა ალტერნატიული ნედლეული.
„თუ პროდუქტი მცენარეული ცხიმით არის დამზადებული, ბუნებრივია, მას რძის პროდუქტი ვერ დაერქმევა. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ასეთ პროდუქციას ექნება სპეციალური, ფერით გამოკვეთილი ნიშანი. თუმცა, ამ დროისათვის საბოლოო ვიზუალური გადაწყვეტა ჯერ დაზუსტებული არ არის“, – აღნიშნავს მიქაძე-ჩიკვაიძე.
