
Meta-ს პლატფორმებზე პოლიტიკურ რეკლამებში სამ თვეში $346 000 დაიხარჯა – პარტიების ბიუჯეტის 84% "ოცნებაზე" მოდის | ISFED
2026 წლის მეორე კვარტალში (1 აპრილი – 29 ივნისი) საქართველოში Meta-ს პლატფორმებზე (Facebook, Instagram, Messenger) პოლიტიკური და სოციალური შინაარსის რეკლამებში $346,411 დაიხარჯა. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) კვლევის მიხედვით, ჯამური სარეკლამო დანახარჯი წინა კვარტალთან (1 იანვარი – 31 მარტი) შედარებით 5.9%-ით გაიზარდა.
ციფრულ სივრცეში დახარჯული თანხის აბსოლუტურ უმრავლესობას მმართველი პარტია "ქართული ოცნება", მისი წარმომადგენლები, სატელიტური ძალები და სახელმწიფო/სამთავრობო უწყებები განკარგავდნენ.
ISFED-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა იმ სუბიექტების რაოდენობა, რომლებიც Meta-ს პლატფორმებზე პოლიტიკურ რეკლამას ათავსებდნენ.
ინდიკატორი 2026 წლის I კვარტალი 2026 წლის II კვარტალი ცვლილება აქტიური გვერდების/ანგარიშების რაოდენობა 489 580 +18.61% გამოქვეყნებული რეკლამების რაოდენობა 8,967 8,947 -0.22% მთლიანი სარეკლამო ბიუჯეტი ($) $327,165 $346,411 +5.88%
ხარჯების გადანაწილება სექტორებისა და ჯგუფების მიხედვით
ISFED-ის მონიტორინგის მიხედვით, სარეკლამო ბიუჯეტების გადანაწილებაში მკვეთრი დისბალანსი ფიქსირდება:
"ქართულმა ოცნებამ" და მისმა წევრებმა 1 729 რეკლამაში მთლიანი თანხის 43%, $150 000-მდე დახარჯეს. წინა კვარტალთან შედარებით მათი დანახარჯი 47%-ით გაიზარდა.
სამთავრობო და საჯარო უწყებებზე მთლიანი ბიუჯეტის 38% მოდის: 2 782 რეკლამა - ყველაზე მეტი რაოდენობა კატეგორიებს შორის. მათი ხარჯები წინა კვარტალთან შედარებით 34%-ით გაიზარდა.
"ქართული ოცნების" სატელიტი პარტიების, "ხალხის ძალის", "ერთიანი ნეიტრალური საქართველოსა" და "ევროპელი სოციალისტების" ჯამურმა ხარჯებმა $15,893 შეადგინა (387 რეკლამა), რაც პირველი კვარტალის მაჩვენებელზე 3.7-ჯერ მეტია.
"ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული მედიასაშუალებების სარეკლამო ხარჯები 87%-ით შემცირდა (რეკლამების რაოდენობა 3.6-ჯერ შემცირდა), რაც დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.
ყველაზე მსხვილი სარეკლამო ბიუჯეტების მქონე გვერდები
მონიტორინგის მიხედვით, სარეკლამო დანახარჯებით ლიდერმა 15-მა გვერდმა მთლიანი ხარჯების 71% გაიღო.
ტოპ 3 ყველაზე მსხვილი დამკვეთი სარეკლამო ბიუჯეტის მიხედვით:
• "ქართული ოცნება" (ოფიციალური გვერდი) – $70,444 (ზრდა +66%); • საქართველოს მთავრობა (ოფიციალური გვერდი) – $49,621; • ირაკლი კობახიძე (ოფიციალური გვერდი) – $36,696.
ამასთან, რეკლამების რაოდენობით ყველაზე აქტიური საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი იყო, სადაც დღეში საშუალოდ 10 ახალი დასპონსორებული პოსტი თავსდებოდა.
ბრიტანული სანქციების გავლენა პროსახელისუფლებო მედიაზე
დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ სარეკლამო აქტივობა Meta-ს პლატფორმებზე სრულად შეწყდა. მეორე დასანქცირებული ტელევიზიის, „პოს ტვ“-ის, სახელით რეკლამები აღარ გამოქვეყნებულა, თუმცა ტელეკომპანიის ერთ-ერთი გადაცემის ფეისბუქგვერდზე რეკლამები შეზღუდული ოდენობით მაინც განთავსდა;
პოლიტიკური პარტიების სარეკლამო კამპანია
პოლიტიკურ პარტიებს შორის Meta-ზე დახარჯული თანხების მიხედვით "ქართულ ოცნებას" აბსოლუტური უპირატესობა აქვს. პარტიულ სეგმენტში გაწეული ხარჯების გადანაწილება ასე გამოიყურება:
• "ქართული ოცნება" და წევრები: $150,000-მდე (პარტიების ჯამური ხარჯების 84%-ზე მეტი). • "ხალხის ძალა" და "ერთიანი ნეიტრალური საქართველო": II კვარტალში სარეკლამო ხარჯებით II და III ადგილებზე გადავიდნენ - ჯამში $15,893 (387 რეკლამა). • ოპოზიციური პარტიები: ოპოზიციური სპექტრის სარეკლამო დანახარჯები საგრძნობლად დაბალი იყო. მაგალითად, გაერთიანება "ძლიერი საქართველო" ოფიციალურ გვერდზე სარეკლამო ხარჯები წინა კვარტალთან შედარებით 66%-ით შემცირდა.
კვლევა სრულად: https://isfed.ge/რეკლამები
BM.GE
წყარო: bm.ge