
მეტმა კომპანიამ უნდა გააცნობიეროს, რომ AI-ში ინვესტირების გარეშე კონკურენცია გაუჭირდება - ირაკლი ქაშიბაძე
Future lab-ის დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე მიიჩნევს, რომ განვითარებისა და კონკურენტუნარიანობისთვის ტექნოლოგიებსა და AI-ში მეტი ინვესტირებაა საჭირო. მან ამის შესახებ "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა, სადაც „გლობალური ინოვაციების ინდექსში" საქართველოს პოზიციონირებასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ირაკლი ქაშიბაძე ხაზს უსვამს საჭიროებას, რომ უფრო მეტმა კომპანიამ გააცნობიეროს შესაბამისი ინვესტიციები როლი.
"კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ჩვენ საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს, პირველ ადგილზე ვართ. ერთის მხრივ, ინსტიტუციური თვალსაზრისით მოწესრიგებული გარემო გვაქვს, მაგრამ მეორეს მხრივ, გვაქვს ინოვაციური პროდუქტების წარმოების ნაწილში პრობლემები. აქ არ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს რაღაც კონკრეტული ეკოსისტემური თუ ინსტიტუციური პრობლემაა. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პირველ რიგში ბიზნესმა. ჯერ კარგად არ არის გაცნობიერებული, რა მოიტანა ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ მთელი მსოფლიოსთვის. ის შეიძლება შევადაროთ ელექტროენერგიის გამოჩენას და უნდა წარმოვადგინოთ, რა იქნება, რომ ნებისმიერი მოქალაქე ან კომპანია ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. დღეს კომპანიები ნაკლებად აკეთებენ ინვესტიციას კვლევებში, განვითარებაში და ძალიან მცირე რაოდენობის კომპანია ფიქრობს და იკვლევს, რა იქნება მომავალში, როგორ უნდა დანერგოს ხელოვნური ინტელექტი, დანერგოს ტექნოლოგიები და ეს პირდაპირ ისახება მათ შედეგებზე. უფრო მეტმა კომპანიამ უნდა გააცნობიეროს, რომ ტექნოლოგიებსა და AI-ში ინვესტირების გარეშე ძალიან გაუჭირდება კონკურენცია. ეს თუ არ გავათვითცნობიერეთ, გვექნება პრობლემა, რომ ჩაგვანაცვლებს საერთაშორისო ან რეგიონალური კომპანია, სადაც დიდი ინვესტიციები იდება.
ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. თუ ჩვენ არ მოვახდინეთ სტარტაპების ხელშეწყობა, განვითარება, ერთ დღეს, რომ წარმოვიდგინოთ, ელექტროენერგიის გამორთვა, იგივე შეიძლება მოუვიდეს კომპანიებსაც, იგივე შეიძლება მოუვიდეს ნებისმიერ ადამიანს, თუ ლოკალურად არ იქნება განვითარებული გარკვეული რესურსები, ხელოვნური ინტელექტის პროექტები და ასე შემდეგ",- ამბობს ირაკლი ქაშიბაძე.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ 2026 წლის „გლობალური ინოვაციების ინდექსი” გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე ინოვაციური ქვეყნების გამოსავლენად 139 ეკონომიკა შეაფასა. საქართველოს შეფასება მკვეთრად ასიმეტრიულია რესურსებსა და რეალურ შედეგებს შორის: რესურსებით ქვეყანა 53-ე ადგილზეა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავარი სიმტკიცე ინსტიტუციურ გარემოსა და ბაზრის მარტივ წესებშია. კერძოდ, ქვეყანა მსოფლიოს ტოპ-15-შია ბიზნესის დაწყების სიმარტივით და მაღალი ქულები აქვს საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქესა და ვაჭრობის გახსნილობაში. ამის საპირისპიროდ, შედეგების მიხედვით საქართველო 69-ე ადგილზეა, რაც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ გამოწვევას - ინოვაციური ეფექტიანობის დეფიციტს ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას შედარებით მაღალი შეფასება აქვს შემოქმედებით პროდუქტებსა და სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაში, საგრძნობლად დაბალია მაჩვენებლები სამეცნიერო პუბლიკაციების ციტირებაში, ადგილობრივ პატენტებში და მაღალტექნოლოგიური წარმოების ექსპორტში, რომლის წილიც მთლიან ექსპორტში 1.5%-ს არ აღემატება.
BM.GE
წყარო: bm.ge