
"მნიშვნელოვნად გაზრდილები ვართ ორივე კულტურაში"- რა შედეგები აქვს წელს ნუშის/კაკლის სექტორს?
საქართველოში ნუშისა და კაკლის მოსავლიანობა იზრდება. დარგობრივი ასოციაციის ინფორმაციით, თუ გასულ წელს საქართველოში კომერციული ბაღებიდან დაახლოებით 3,000 ტონა ნუში და 3,500 ტონა კაკლის მოსავალი მიიღეს, წელს ეს მაჩვენებელი ნუშის შემთხვევაში 4 000 ტონას, კაკლის შემთხვევაში კი 5 000 ტონას მიაღწევს.
ნუშისა და კაკლის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ნიკო ნიკოლაძის განცხადებით, ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის შედეგად მოლოდინია, რომ მომავალ წელს ნუშის სექტორში მოსავლიანობა 70%-ით გაიზრდება.
"წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილები ვართ ორივე კულტურაში. წელს საპროგნოზო მონაცემებით, ველოდებით 4,000 ტონა გაუტეხელ ნუშს, ხოლო კაკალში ველოდებით 5,000 ტონას, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა.
ამასთან, ნუშში მომავალ წელს ველოდებით დიდ ნახტომს, სადღაც 70%-იან ზრდას. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბაღები, სადაც სწორი აგროინჟინერიით მოხდა ნუშის გაშენება, ისინი უკვე შევლენ მსხმოიარობაში, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ზოგადად კულტურის ჯამურ შედეგებში. აგრეთვე მნიშვნელოვნად იზრდება ფერმერების პროფესიონალიზმი, რაც პროდუქტიულობაზე აისახება.
კაკალშიც ზრდაა. რაც ძალიან სასიხარულოა, არის ის, რომ გვაქვს ხარისხის ზრდა, რაც პირდაპირ უკავშირდება პროფესიონალიზმს. მიუხედავად იმისა, რომ რთული წელი იყო მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, მოსავლიანობა გაზრდილია”,-აცხადებს ნიკოლაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge