
მოლოდინი გვაქვს, რომ მიკრობანკებისთვის დაკრედიტების სტრუქტურაზე დაწესებული ზღვარი შემსუბუქდება - MBC
მიკრობანკები მარეგულირებელი ჩარჩოს მოთხოვნების შემსუბუქების მოლოდინში არიან.
როგორც მიკრობანკ MBC-ში აცხადებენ, საფინანსო სექტორის ამ სეგმენტისთვის დაწესებული მოთხოვნები პრაქტიკულად კომერციული ბანკების მსგავსია, რაც დარგს მეტად განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს.
როგორც MBC-ის დირექტორმა, გია პეტრიაშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, სექტორს აქვს ინფორმაცია, რომ ეროვნული ბანკი მიკრობანკებისთვის დაკრედიტების სტრუქტურაზე დაწესებული რეგულაციის შემსუბუქებას გეგმავს. თუმცა მისი თქმით, აუცილებელია, რომ რეგულაციები კომპლექსურად გადაიხედოს
“როდესაც კანონი შემოვიდა, ჩაიწერა, რომ მიკრობანკების პორტფელში 70% უნდა იყოს ბიზნესსესხები, არავითარი მსგავსი მოთხოვნა კომერციულ ბანკებს არ გააჩნიათ. დღეს ვიცით, რომ ეროვნულ ბანკში უკვე არის ეს ინიციატივა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე პარლამენტი მიიღებს ცვლილებას და ეს 70%-იანი ზღვარი ჩამოიწევს და გახდება 50%, რაც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე იქნება ადეკვატური მოთხოვნა მიკრობანკებისთვის.
თუ კარგად დააკვირდებით მიკრობანკების რეგულაციას, დაინახავთ, რომ უფლებების მხრივ არის გარკვეული შეზღუდვები ბანკებთან შედარებით. მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს უფლება, 100 000 ლარზე მეტი ოდენობით დეპოზიტი მივიღოთ. ეს შეზღუდვა კომერციულ ბანკებს არ აქვთ. ჩვენ ასევე გვაქვს შეზღუდვა, რომ 1 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის სესხი არ გავცეთ.
ანუ უფლებების მხრივ ჩვენ ვართ შეზღუდულები, ხოლო ვალდებულებების მხრივ ვართ გათანაბრებულები კომერციულ ბანკებთან. ეს არის ის, რაც იწვევს გარკვეულ შეშფოთებას ჩვენი მხრიდან. ჩვენ იმას კი არ ვაპროტესტებთ, რომ უფლებები იყოს საწყის ეტაპზე შეზღუდული, ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ ვალდებულებებიც ამისი ადეკვატური იყოს”, - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფინანსო ბაზარზე ამ ეტაპზე 2 მიკრობანკია, MBC და "კრისტალი". მიკრობანკებმა 2026 წლის წლის პირველი ნახევარი მოგებით დახურეს. ეროვნულ ბანკში წარდგენილი მონაცემებით მიკრობანკების ჯამური წმინდა მოგება 10.5 მლნ ლარამდე იყო.
BM.GE
წყარო: bm.ge