
"მოთხოვნა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი მიწოდების შესაძლებლობა" - ვირის რძის მწარმოებელი "ვირლანდია"
სახედრის რძეზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა მწარმოებელი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. როგორც BM.GE-სთან ინტერვიუში სახედრების ფერმა „ვირლანდიას“ დამფუძნებელმა, თორნიკე ტეფნაძემ განაცხადა, გაყიდვების ზრდას არა მოთხოვნის ნაკლებობა, არამედ წარმოების შეზღუდული მოცულობა აფერხებს.
მისი თქმით, სახედრის რძეზე მოთხოვნა განსაკუთრებით 2022 წლიდან გაიზარდა და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება.
"წინა წელთან შედარებით ზრდა გვაქვს. ზოგადად, ყოველწლიურად მოთხოვნა მატულობს, განსაკუთრებით კი ეს 2022 წლიდან გამოიკვეთა. გაყიდვების თვალსაზრისით ზრდა ისეთი არ არის, როგორიც მოთხოვნის კუთხით, რადგან მოთხოვნა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი მიწოდების შესაძლებლობა. ხშირად დეფიციტი გვაქვს და ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთთვიანი რიგიც კი გვქონია", - ამბობს თორნიკე ტეფნაძე.
მისივე განმარტებით, ფერმა ამჟამად დღეში 20-30 ლიტრ სახედრის რძეს აწარმოებს, რაც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლადაც კი არასაკმარისია. სწორედ ამიტომ კომპანია ექსპორტზე გასვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.
"ექსპორტზე ჯერ ვერ გავდივართ, რადგან ამისთვის გაცილებით დიდი მოცულობის წარმოებაა საჭირო. დღეში 20-30 ლიტრს ვაწარმოებთ, მაშინ როდესაც ექსპორტზე საუბრისთვის, სავარაუდოდ, მინიმუმ 100 ლიტრი ყოველდღიური წარმოებაა საჭირო. დღეს რაც გვაქვს, ისიც სრულად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება და მოთხოვნას მაინც ვერ ვაკმაყოფილებთ", – აღნიშნავს ტეფნაძე.
მისი ინფორმაციით, „ვირლანდიას“ ამჟამად დაახლოებით 140 სახედარი ჰყავს. კომპანიის გეგმაში კი ცხოველების რაოდენობის ეტაპობრივი გაზრდაა, რაც წარმოების გაფართოებისა და მოთხოვნის უკეთ დაკმაყოფილების შესაძლებლობას შექმნის.
"დღეს, დაახლოებით 140 სული ვირი გვყავს. ყოველწლიურად ახალი ცხოველების შეძენას ვგეგმავთ, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი რძის ყოველდღიური წარმოების გაზრდაა. ამის მიღწევა კი შეუძლებელია, თუ ცხოველების რაოდენობას არ გავზრდით. ვირებს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ", – აცხადებს თორნიკე ტეფნაძე.