
მთავრობა ანაკლიის პორტის გენერალური გეგმის - "მასტერპლანის" ალტერნატივებზე მუშაობს - დაიქირავეს კონსულტანტი
საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმის - "მასტრეპლანის" ალტერნატივებზე მუშაობს - ამის შესახებ ირკვევა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიერ PORT CONSULTANT ROTTERDAM-თან გაფორმებული კონტრაქტიდან.
საკონსულტაციო კომპანიასთან ხელშეკრულება 24 აპრილს გაფორმდა და მისი ღირებულება 101,480 ევროს შეადგენს. ხელშეკრულების პირობებიდან ირკვევა, რომ ეკონომიკის სამინისტრო პორტის არსებული გენერალური გეგმის გადახედვასა და ალტერნატივების შესწავლაზე მუშაობს. სწორედ აღნიშნული ალტერნატიული პროექტი უნდა მიაწოდოს PORT CONSULTANT ROTTERDAM-მა სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი განვითარების სააგენტოს, ამასთან განახლებულ მასტერპლანს უნდა ახდეს კაპიტალური დანახარჯების განახლებული ბიუჯეტიც.
გაფორმებული ხელშეკრულება იწყება ტექსტით, რომ პროექტის გენერალური გეგმის ალტერნატივების შეფასება გახდა საჭირო, თუმცა არ არის მითითებული თუ რამ განაპირობა აღნიშნული აუცილებლობა.
ამასთან, კონტრაქტორმა სახელმწიფოს 2050 წლამდე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტვირთნაკადის პროგნოზიც. კიდევ ერთი პუნქტი, რასთან დაკავშირებითაც საკონსულტაციო კომპანიამ საკუთარი პოზიცია უნდა წარადგინოს, შეეხება პორტის მმართველობის მოდელთან დაკავშირებით რეკომენდაციებს.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ამ დრომდე სახელმწიფოსა და 2024 წელს დასრულებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ დასახელებულ ჩინურ კორპორაცია CCCC-ის შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ეფუძნებოდა როგორც ტვირთნაკადის, ასევე პორტის გენერალური გეგმის წინა ვერსიებს. აღნიშნული გენერალური გეგმის და ტვირთნაკადის პროგნოზის, ასევე კაპიტალური დანახარჯების შეფასების განახლება სავარაუდოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ დრომდე მიმდინარე მოლაპარაკებებს კონკრეტული შედეგისთვის, რაც საინვესტიციო ხელშეკრულების ხელმოწერაში უნდა მდგომარეობდეს, ჯერ არ მიუღწევია და ამჟამად პორტის გენერალური გეგმის და ტვირთნაკადის პროგნოზის განახლება გახდა საჭირო.