
მთავრობა ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის - ხელშეკრულება უკვე გაფორმდა
ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის. მიხეილ სარჯველაძის ცნობით, ხელშეკრულება პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია „ვერტექს ფარმასიუტიკალსთან“ უკვე გაფორმებულია.
სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტი ავტორიზებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ორი წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება დამტკიცებულ ჩვენებებს.
„პრეპარატი უშუალოდ მოქმედებს დაავადების გენეტიკურ მიზეზზე, უზრუნველყოფს ფილტვის ფუნქციური მაჩვენებლების მკვეთრ გაუმჯობესებასა და პროგრესირებადი დაზიანების შეჩერებას. შედეგად, არსებითად მცირდება ინფექციური გართულებების რისკი, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და ფილტვის ტრანსპლანტაციის აუცილებლობა“, - თქვა სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„ტრიკაფტა“ 2025 წლის სექტემბერში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი მედიკამენტების ნუსხაში (WHO Essential Medicines List) შევიდა, რაც ცისტური ფიბროზის თანამედროვე მკურნალობაში მის საკვანძო როლს ადასტურებს.
უწყებაში კი განმარტავენ, რომ მედიკამენტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნუტრიციულ სტატუსსა და ცხოვრების ხარისხს, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს, იცხოვრონ უფრო აქტიური, ხანგრძლივი და სრულფასოვანი ცხოვრებით.
ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ბავშვობის ასაკში ვლინდება და ძირითადად აზიანებს ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას.
დაავადებისთვის ხშირია სასუნთქი გზების ინფექციები, დროთა განმავლობაში კი მნიშვნელოვნად უარესდება ფილტვების ფუნქცია და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა. მუდმივი მკურნალობის აუცილებლობა და დაავადებით გამოწვეული შეზღუდვები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებასა და განვითარებაზე, რის გამოც თანამედროვე თერაპიის ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
BM.GE
წყარო: bm.ge