
მთავრობამ ბათუმში "მაგნოლიას" რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის ₾2.5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე "მაგნოლიას" საცხოვრებელი კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2.5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა - კონტრაქტი მოიცავს კატეგორიის შესყიდვას, რაც ნიშნავს რომ ტენდერის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ უნდა მოამზადოს რეაბილიტაციის პროექტი, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია უშუალოდ რა სახით განხორციელდება საცხოვრებელი კომპლექსის რეაბილიტაცია. ტერიტორია 15,012 კვადრატული მეტრის ფართობის რეაბილიტაციას მოიცავს. პროექტის მომზადების შემდეგ კი მთავრობა უშუალოდ რეაბილიტაციის ტენდერს გამოაცხადებს.
ობიექტის რეაბილიტაციის დაწყების დაპირება 31 მაისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გასცა.
"ქალაქ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #4-ში, არსებული საცხოვრებელი სახლი (ე.წ. „მაგნოლიის“ შენობა-ნაგებობა) განთავსებულია ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ და ტურისტულად აქტიურ ზონაში, სანაპირო ზოლის მიმდებარედ სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ინფრასტრუქტურულ გამართულობას, ასევე ესთეტიკურ იერსახეს. შენობა-ნაგებობის ამჟამინდელი მდგომარეობა უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებსა და მთლიანად ურბანულ გარემოსა და ტურისტულ მიმზიდველობაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს შენობის ფასადის მდგომარეობა, რომელიც ვიზუალურად არ შეესაბამება თანამედროვე ქალაქის იერსახეს და საჭიროებს სათანადო განახლებასა და რეაბილიტაციას. ქალაქის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად გამოყენების მიზნით, მნიშვნელოვანია განხორციელდეს კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მოიცავს როგორც კონსტრუქციულ გამაგრებას, ასევე, ფასადის მოწესრიგებასა და ესთეტიკურ გაუმჯობესებას.
საპროექტო არეალი მოიცავს მიწის ნაკვეთებს საკადასტრო კოდით ს/კ: 05.24.02.060, 05.24.02.084, 05.24.02.085, 05.24.02.083 და 05.24.02.082 ფართობით - 15 012 კვ.მ-ს,"- წერს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
ტენდერის თანახმად, კომპანიებს წინადადებების წარდგენა 16 ივლისამდე შეეძლებათ.
მაგნოლიას საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა კომპანია "ცენტრ პოინტ აჭარამ" დაიწყო, თუმცა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და ობიექტის მშენებლობა არ დაასრულა, რის შემდგომაც მისი ვალდებულებები გადავიდა კომპანია "დექსუსზე", რომელმაც ობიექტის კარკასის მშენებლობა 2011 წელს დაასრულა, თუმცა ობიექტი მას შემდეგ წლების განმავლობაში თანდათან სავალალო მდგომარეობამდე მივიდა.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, უძრავი ქონება ეკუთვნის 2007 წელს დაფუძნებულ "გეითვეი ჰოლდინგს", (წარსულში ფროფერთი ინვესტის სახელით ოპერირებდა), კომპანიის 100%-ის წილი ეკუთვნის შპს "საინვესტიციო კომპანიას", რომლის 100%-იანი წილიც თავის მხრივ ეკუთვნის შპს "ოქტაგონ კაპიტალს", რომელიც 1996 წელს არის რეგისტრირებული (წარსულში ცენტრ პოინტის სახელით ოპერირებდა). კომპანიის დირექტორის პოსტს მაია რჩეულიშვილი იკავებს. რჩეულიშვილი ცენტრ პოინტის საქმეზე 2016 წელს დააკავეს, 2019 წელს კი მას 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 2021 წლის სექტემბერში მან საპატიმრო საპროცესო შეთანხმებით დატოვა.
ამონაწერის თანახმად, "მაგნოლიას" ობიექტი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებებით და განჩინებებით მრავალჯერადი ყადაღის ქვეშ იმყოფება.
BM.GE
წყარო: bm.ge