მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ ინფრასტრუქტურულ ტენდერებზე ფასთა ინდექსაციის წესი შეცვალა - რა იცვლება კომპანიებისთვის?
მთავრობამ ინფრასტრუქტურულ ტენდერებზე ფასთა ინდექსაციის წესი შეცვალა - რა იცვლება კომპანიებისთვის?

მთავრობამ ინფრასტრუქტურულ ტენდერებზე ფასთა ინდექსაციის წესი შეცვალა - რა იცვლება კომპანიებისთვის?

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 18:00|bm.ge

საქართველოს მთავრობამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფასთა ინდექსაციის გამოყენების წესში ცვლილებები შეიტანა. დადგენილებაში წერია, რომ ცვლილება მიზნად ისახავს სამშენებლო მასალებისა და სამუშაოების გაძვირებისგან გამოწვეული ფინანსური წნეხის შემსუბუქებას, თუმცა ამავდროულად აწესებს მკაცრ ვადებსა და სანქციებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პროცედურებს დაარღვევენ. ახალი რეგულაცია გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და ვრცელდება 2026 წლის 4 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ახალი რეგულაციით დეტალურად განისაზღვრა, თუ როდის, რა ვადებში და რა პირობებით აქვს კერძო კომპანიას (მიმწოდებელს) უფლება მოითხოვოს მშენებლობის გაძვირებული ხარჯების ანაზღაურება, და რა მკაცრი სანქციები ელის მას ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში.

ინდექსაციის მოთხოვნა კომპანიის ვალდებულებიდან ექსკლუზიურ უფლებად და ვადაში შეზღუდულ პროცესად იქცა. თუკი აქამდე მოქმედი წესით ინდექსაცია ავტომატურად ვრცელდებოდა იმ პროექტებზე, სადაც სატენდერო პირობებით ყოველთვიური გეგმა-გრაფიკი იყო გათვალისწინებული, ახალი რედაქციით ეს უკვე კომპანიის (მიმწოდებლის) ნებაყოფლობითი უფლებამოსილებაა.

თუმცა, ამ უფლებას მთავრობამ მკაცრი ვადა დაუწესა: კომპანიამ ინდექსაციის გამოყენების მოთხოვნით შემსყიდველს უნდა მიმართოს სამუშაოების დასრულების ვადის მე-12 თვის დასრულებამდე. თუ კომპანიამ ამ ვადას გადააცილა , იგი ინდექსაციის მოთხოვნის უფლებას საბოლოოდ კარგავს და განაცხადი აღარ მიიღება.

წინა რედაქციით, საგზაო პროექტების დროებითი წესის ფარგლებში, საწვავის (დიზელის) ხვედრითი წილის დაანგარიშებასა და დადასტურებაში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მონაწილეობდა.

ახალი ცვლილებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო პროცესიდან სრულად ამოიღეს. ამიერიდან ერთადერთ კომპეტენტურ ორგანოდ რჩება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი). კომპანიას უფლება აქვს საქსტატის მიერ გაცემული დასკვნები შემსყიდველს წარუდგინოს ყოველთვიურად ან სამუშაოების დასრულებამდე მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს.

რაც შეეხება სანქცირების ნაწილს, თუ კომპანია მოითხოვს ფასთა ინდექსაციას, იგი ვალდებულია სამუშაოების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველს წარუდგინოს საქსტატის შესაბამისი დასკვნები.

თუ კომპანიამ ეს დასკვნები დადგენილ 15 დღეში ვერ წარადგინა, შემსყიდველს ეძლევა უფლება, სრულად ჩამოართვას (აამოქმედოს) ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია. იმ შემთხვევაში, თუ საბანკო გარანტია არ არსებობს, შემსყიდველს შეუძლია დააკისროს პირგასამტეხლო ან საერთოდ ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, გარდამავალი დროებითი წესის გავრცელების მიზნით, კომპანიებისთვის განაცხადის შეტანის ვადა 60 დღიდან 150 კალენდარულ დღემდე გაიზარდა (ხოლო ახალი ტენდერების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღემდე). ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში კომპანია დროებითი წესით გათვალისწინებული შეღავათებით ვეღარ ისარგებლებს.

დადგენილებას ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა. იგი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა, თუმცა გავრცელდა 2026 წლის 4 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე (ანუ უკუქცევითი ძალა მიენიჭა წინა დადგენილების ამოქმედების მომენტიდან).

ძირითადი (სტანდარტული) ინდექსაციის წესი კი სრული მასშტაბით 2027 წლის 1 იანვრიდან გამოცხადებულ ტენდერებზე გავრცელდება

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • ALDE საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების დასანქცირებას​ ითხოვს - "ქართული ოცნება" ალიანსს უსაფუძვლო კრიტიკასა და ზეწოლაში ადანაშაულებსრუსთავი 2
  • საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდაიმედი
  • ღარიბაშვილი: ჩემი მთავრობის მუშაობის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?ფორმულა
  • "ვითხოვთ ხელისუფლების ჩართულობას" - „სფერო ჰოლდინგის“ დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართესტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი უცხოურ კომპანიებს 300%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა

ტრამპი უცხოურ კომპანიებს 300%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა

BM.GE

„კრიპტოინვესტიციით“ მითვისებული ₾90,500 - პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა

„კრიპტოინვესტიციით“ მითვისებული ₾90,500 - პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა

BM.GE

სემეკი განიხილავს ე.წ. მუხიანის აგარაკებისთვის გაზის გამანაწილებელი კომპანიის ლიცენზიის გაუქმებას

სემეკი განიხილავს ე.წ. მუხიანის აგარაკებისთვის გაზის გამანაწილებელი კომპანიის ლიცენზიის გაუქმებას

BM.GE

"ქანიე უესთის" კონცერტამდე, "სთარინგ ჯორჯიამ" ბიუჯეტიდან 42 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო

"ქანიე უესთის" კონცერტამდე, "სთარინგ ჯორჯიამ" ბიუჯეტიდან 42 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო

BM.GE