
მთლიანად არის აღმოფხვრილი კორუფცია მაღალ დონეზე. ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე - ირაკლი კობახიძე
"სრულად აღმოფხვრილია კორუფცია მაღალ დონეზე, ბუნებრივია, გაგრძელდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაბალ დონეზე, ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე და ამის შედეგია ის, რომ გაუმჯობესდა საქართველოს პერსპექტივა ნეიტრალურიდან პოზიტიურისკენ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში, საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, პერსპექტივის ცვლილება სტაბილურიდან დადებითისკენ გამოწვეულია იმ ტენდენციებით, რაც არის ჩამოყალიბებული ქართულ ეკონომიკაში.
„პერსპექტივის ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი სტაბილურიდან დადებითისკენ, რაც ბუნებრივია გამოწვეულია იმ ტენდენციებით, რაც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში და ქართულ ეკონომიკაში. წლევანდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ ეტაპზე არის შარშანდელზე მაღალი. შარშან ჩვენ წელიწადი დავხურეთ 7,5%-ით, და პირველი ექვსი თვის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%. ამის მიზეზია ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. მაღალ დონეზე სრულად აღმოფხვრილია კორუფცია, ბუნებრივია, გაგრძელდება ბრძოლა დაბალ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ. რაც შეეხება პოლიტიკურ ეშელონებს, მთლიანად არის აღმოფხვრილი კორუფცია მაღალ დონეზე. ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. საბოლოო ჯამში, ჩვენი ეკონომიკური ტენდენციები აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე და ამის შედეგია ის, რომ გაუმჯობესდა საქართველოს პერსპექტივა ნეიტრალურიდან პოზიტიურისკენ“, - განაცხადა პრემიერმა.
S&P Global-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი გააუმჯობესა
პოლარიზებულ პოლიტიკურ ვითარებას, ევროკავშირსა და აშშ-თან გაციებულ ურთიერთობებს S&P Global-ი მთავარ რისკებად ასახელებს
BM.GE
წყარო: bm.ge