
"შეიძლება, საერთოდ არ იყოს საბოტაჟთან საქმე" - ირაკლი კობახიძე დენის გათიშვაზე
"ელექტროენერგიის გათიშვას პირველ ორ შემთხვევაში ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, რასთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ამასთან დაკავშირებით სუს-ში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებით დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას, იმიტომ, რომ რაღაცებს სჭირდება დამატებით ჩაღრმავება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მესამე გათიშვას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი - ეს იყო კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები ენგურჰესზე.
“ჩვენ წინასწარი ინფორმაცია საკმარისზე მეტი გვაქვს. მესამე გათიშვას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი - ეს იყო კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც წარმოებდა ენგურჰესზე. მთლიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი გამოწვევაა, სისტემა არის მდგრადი და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სისტემის მდგრადობა იყოს შენარჩუნებული.
საბოლოო შესწავლა როგორც კი იქნება, მაშინვე წარვუდგენთ საზოგადოებას. უნდა დაველოდოთ ბოლომდე საკითხის შესწავლას, ოფიციალურ ინფორმაციას და ამის შემდეგ საზოგადოებას გავუზიარებთ სრულ ინფორმაციას. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, შეიძლება საერთოდ არ იყოს საბოტაჟთან საქმე, როცა ბოლომდე გაირკვევა ყველაფერი, მაშინ გავუზიარებთ საზოგადოებას ინფორმაციას,”- აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოში ბოლო ორ კვირაში მასშტაბური ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები უკვე მესამედ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა, რის გამოც, გაჩერდა თბილისის მეტრო და საქართველოს რკინიგზა, ხოლო GWP-ის სატუმბო სადგურის გათიშვამ მოსახლეობის ნაწილისთვის წყლის მიწოდების დროებითი შეწყვეტა გამოიწვია. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 6 აგვისტოსაც. სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს გათიშვა ტესტირების პროცესს უკავშირდებოდა, რომლის მიზანიც სწორედ 24-25 ივლისს მომხდარი ავარიული გათიშვების მიზეზების დადგენა იყო. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ავარიის დროს თითქმის ყველა ძირითადი გადამცემი ხაზის მაჩვენებელი „განულებული“ იყო.
24-25 ივლისის ე.წ. ბლექაუთების მიზეზების დადგენაზე ამ დრომდე მუშაობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი შვებულებაში გავიდა, მის მოვალეობას კი დავით ვარდიაშვილი ასრულებს, რომელიც უწყებაში ივლისის გათიშვების შემდეგ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ გადავიდა.
BM.GE
წყარო: bm.ge