მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნანა ყეინიშვილის შვილი ფლობს "ვიპ ფეის", რომელიც სებ-ის რეგულირების ქვეშაა
ნანა ყეინიშვილის შვილი ფლობს "ვიპ ფეის", რომელიც სებ-ის რეგულირების ქვეშაა

ნანა ყეინიშვილის შვილი ფლობს "ვიპ ფეის", რომელიც სებ-ის რეგულირების ქვეშაა

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 18:18|bm.ge

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის შვილი, ნათია ლოლაძე, საგადახდო პროვაიდერ შპს „ვიპ ფეისის“ 100%-იან წილს ფლობს. კომპანიის მონაცემებით, რომლებიც ბიზნეს რეესტრშია ასახული, ლოლაძე საწარმოს ერთადერთი პარტნიორია. „ვიპ ფეი“ საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებას ექვემდებარება.

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევამდე, 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის ოქტომბრამდე „ვიპ ფეისის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო. საბჭოში არჩევის შემდეგ მან კომპანიის წილი სხვა პირს გადასცა. 2026 წლის მდგომარეობით, საწარმოს ერთადერთი მფლობელი ნანა ყეინიშვილის შვილი, ნათია ლოლაძეა.

ეს გარემოება მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით არის აღძრული. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი ეროვნული ბანკისთვის შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ წარდგენილი განცხადებები და მათზე დართული აუდიოჩანაწერები გახდა.

განმცხადებლების მტკიცებით, ყეინიშვილი უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრებისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ ყეინიშვილი ერთ-ერთი რეგულირებადი საწარმოს წილში შესვლას ცდილობდა. აღნიშნული გარემოებები გამოძიების ფარგლებში უნდა გადამოწმდეს. პროკურატურას „ვიპ ფეისთან“ დაკავშირებით კონკრეტული ბრალდება გამოძიების დაწყების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში არ წარმოუდგენია.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრსა და მისი ოჯახის წევრებს ეკრძალებათ იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორები. ამასთან, საჯარო მოსამსახურეს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება არ აქვს, რაც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით არის განსაზღვრული.

„ვიპ ფეისის“ 2025 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ გასულ წელს 8.68 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 26.5%-ით აღემატება. კომპანიის წმინდა მოგებამ 5.57 მილიონი ლარი შეადგინა, წლიურად 12%-იანი ზრდით. ამავე პერიოდში საწარმომ მის მფლობელზე, ნათია ლოლაძეზე 3.4 მილიონი ლარის დივიდენდი გაანაწილა.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2025 წლის ბოლოს კომპანიის აქტივები 4.26 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 4.08 მილიონი ლარი ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები იყო. აუდიტორულმა კომპანიამ ფინანსურ ანგარიშგებაზე უმოდიფიცირებული, დადებითი მოსაზრება გასცა.

ნათია ლოლაძე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტიც არის. ამავე ორგანიზაციას 2001-2012 წლებში ნანა ყეინიშვილი ხელმძღვანელობდა, ვიდრე პარლამენტის წევრი გახდებოდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გამოძიების მიმდინარეობისას ნანა ყეინიშვილი საბჭოს სხდომებს დროებით ჩამოშორდება. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"გადახედვა არ იგეგმება, პირიქით, დავხვეწთ" - გიორგი ცაგარეიშვილი უცხოელთა დასაქმების რეგულაციებზე

"გადახედვა არ იგეგმება, პირიქით, დავხვეწთ" - გიორგი ცაგარეიშვილი უცხოელთა დასაქმების რეგულაციებზე

BM.GE

"ეროვნული ბანკის განცხადება დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლოა" - Bitxchange-ის საჯარო მიმართვა

"ეროვნული ბანკის განცხადება დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლოა" - Bitxchange-ის საჯარო მიმართვა

BM.GE

"ამ ეტაპისთვის საფრთხე არ არსებობს" - მინისტრის მოადგილე შავ ჭირზე

"ამ ეტაპისთვის საფრთხე არ არსებობს" - მინისტრის მოადგილე შავ ჭირზე

BM.GE

ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილზე მორიგ განცხადებას ავრცელებს და „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებას განმარტავს

ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილზე მორიგ განცხადებას ავრცელებს და „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებას განმარტავს

BM.GE