
პაატა კვიჟინაძე: სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ნანა ყეინიშვილის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენაზე საუბარი არ უნდა იყოს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრის, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ნანა ყეინიშვილის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენაზე საუბარი არასწორია. როგორც მან პარლამენტში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, სანამ სასამართლო განაჩენი არ იარსებებს, ყეინიშვილი უდანაშაულოდ უნდა ჩაითვალოს.
„ეს არაფერს ნიშნავს. ახლავე მინდა ვთქვა, რომ მერე არ მიჭრათ-მოჭრათ: სანამ არ იქნება ქალბატონ ნანასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება, ნურავინ ნუ ისაუბრებთ იმაზე, რომ რამე დააშავა. როცა იქნება, შემდეგ გავაგრძელებთ“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რატომ დაუჭირა პარლამენტმა მხარი ნანა ყეინიშვილის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დანიშვნას. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას საბჭოში წევრთა არასაკმარისი რაოდენობა იყო, რის გამოც პარლამენტს სხვა არჩევანი არ ჰქონდა.
„ხუთი იყო ცხრიდან, ხუთი წევრი იყო მოქმედი და ორი წავიდა. დრო რომ არ გვერჩია, ჩვენ უბრალოდ სხვა არჩევანი არ გვქონდა. [...] კვორუმი არ ექნებოდა, პრეზიდენტი არ იყო და არაფერი“, - განაცხადა კვიჟინაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებს ის ინფორმაციას ყეინიშვილის სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და რატომ ვერ გამოავლინა ეს გარემოებები ეროვნულმა ბანკმა დროულად, კვიჟინაძემ აღნიშნა, რომ ყეინიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ ყოფილა და გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება არ ჰქონია.
პროკურატურა ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრის, ნანა ყეინიშვილის შესაძლო უკანონო სამეწარმეო საქმიანობას იძიებს. გამოძიება შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებებისა და მათ მიერ წარდგენილი აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაიწყო. განმცხადებლების მტკიცებით, ყეინიშვილი უშუალოდ აკონტროლებდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს და ცდილობდა ერთ-ერთი ასეთი საწარმოს წილში შესვლას.
2026 წლის 10 ოქტომბერს ეროვნული ბანკის საბჭომ ყეინიშვილი საბჭოს გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესს დროებით ჩამოაშორა. 17 ოქტომბერს კი მან საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა და მის მიმართ გავრცელებული ბრალდებები კატეგორიულად უარყო.
დღესვე საკითხს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა ყეინიშვილთან დაკავშირებით მიღებული საჩივრები და საეჭვო ფაქტები საკუთარი ინიციატივით, საჯარო გახდომამდე, სამართალდამცავ ორგანოებს გადასცა.
„თუ ამ პროცესში საჭირო იქნება რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდება გამოძიებისთვის ან კითხვებზე პასუხის გაცემა, ნებისმიერი ჩვენგანი, ისევე როგორც ნებისმიერი საჯარო მოხელე, ვალდებულები ვართ ვითანამშრომლოთ და მეც პირადად ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება“, - განაცხადა თურნავამ.
BM.GE
წყარო: bm.ge