მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პრეზიდენტებიდან პოპ-ვარსკვლავებამდე: ყველა დროის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი საგამომცემლო შეთანხმება
პრეზიდენტებიდან პოპ-ვარსკვლავებამდე: ყველა დროის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი საგამომცემლო შეთანხმება

პრეზიდენტებიდან პოპ-ვარსკვლავებამდე: ყველა დროის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი საგამომცემლო შეთანხმება

BM.GE11 ივლისი, 2026, 00:50|bm.ge

წიგნების წერა შესაძლოა სიმდიდრის დაგროვების კარგი საშუალება იყოს - თუმცა არა ყველასთვის. საგამომცემლო კომპანიები, როგორც წესი, რვანიშნა ჰონორარებს ანონიმური, დამწყები მწერლებისთვის არ გასცემენ. ასეთი ავტორისთვის წერა იშვიათად ხდება განსაკუთრებული სიმდიდრისკენ მიმავალი გზა.

თუმცა გლობალური აღიარების უმაღლეს დონეზე, საგამომცემლო ბიზნესი შეიძლება ძალიან მოგებიანი იყოს. თუ ავტორი ყოფილი პრეზიდენტი, სამეფო ოჯახის წევრი, პოპ-ვარსკვლავი, ლეგენდარული კომიკოსი ან ბესტსელერების ავტორია, რომელსაც უკვე ჰყავს ერთგული აუდიტორია, გამომცემლები ხშირად მზად არიან კოლოსალური თანხები გადაიხადონ ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე წიგნის თუნდაც ერთი ეგზემპლარი მოხვდება თაროებზე.

წინასწარი ავანსი არსებითად საზოგადოების ყურადღებაზე დადებული ფსონია. გამომცემელი ავტორს წინასწარ უხდის თანხას, რომელსაც შემდგომში წიგნის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლით ანაზღაურებს. თუ წიგნი საკმარისი რაოდენობით გაიყიდება ავტორი დამატებითი ჰონორარის მიღებასაც იწყებს. თუ არა - გამომცემელი, როგორც წესი, თავად ფარავს ზარალს.

ცნობილი ადამიანების მემუარები ან დიდი მოლოდინის მქონე პოლიტიკური ნაშრომი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ წიგნი - ეს არის მასშტაბური მედიამოვლენა, რომელიც მიზნად ახალი ამბების, თოქ-შოუებისა და სოციალური ქსელების ყურადღების ცენტრში მოქცევას ისახავს.

რომის პაპი იოანე პავლე II - $8,500,000

წიგნი: "იმედის ზღურბლის გადალახვა"

1994 წელს ალფრედ კნოფმა 8.5 მილიონი დოლარის ავანსი გადაიხადა რომის პაპ იოანე პავლე II-ის მიერ დაწერილ წიგნში: "იმედის ზღურბლის გადალახვა". პროექტი იტალიელ ჟურნალისტ ვიტორიო მესორისთან დაგეგმილი სატელევიზიო ინტერვიუს საფუძველზე მომზადდა, რომელიც არ შედგა. ნაცვლად ამისა, პაპმა მესორის შეკითხვებს წერილობით უპასუხა. ეს გამოცემა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგან მოქმედმა პაპმა პირველად მიმართა მსოფლიო საზოგადოებას უშუალოდ წიგნის ფორმატში. როგორც რელიგიურ ლიდერს, პაპს მიღებული შემოსავალი თავისთვის არ დაუტოვებია. ავანსისა და შემდგომი ჰონორარების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა გლობალურ კათოლიკურ საქველმოქმედო ფონდსა და აღდგენით სამუშაოებს მოხმარდა. წიგნი მყისიერად იქცა საერთაშორისო ბესტსელერად და ათეულობით ენაზე ითარგმნა.

ემი შუმერი - $9,000,000

წიგნი: "გოგონა წელზე ტატუთი"

პოპულარობის პიკზე მყოფმა კომიკოსმა და მსახიობმა ემი შუმერმა გამომცემლობა "Gallery Books"-ისგან 9 მილიონი დოლარის ოდენობის ავანსი მიიღო ესეების კრებულისთვის: "გოგონა წელზე ტატუთი". ეს გარიგება ასახავდა 2010-იანი წლების შუა პერიოდში ბაზარზე არსებულ დიდ მოთხოვნას ცნობილი კომიკოსების იუმორისტულ და პირად ესეებზე.

ჯო ბაიდენი - $10,000,000

პროექტი: სავიცეპრეზიდენტო წიგნის შეთანხმება

ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადის დასრულების შემდეგ, ჯო და ჯილ ბაიდენებმა ხელი მრავალწიგნიან შეთანხმებას მოაწერეს, რომელიც 10 მილიონ დოლარად შეფასდა. ამ შეთანხმების ფარგლებში გამოიცა "დამპირდი, მამა" - მემუარები, რომლებიც ფოკუსირებულია მისი ვაჟის, ბო ბაიდენის დაკარგვაზე, ასევე გამოიცა ჯილ ბაიდენის მემუარები: "სადაც სინათლე აღწევს".

ბრიუს სპრინგსტინი - $10,000,000

წიგნი: Born To Run

როკის ლეგენდა ბრიუს სპრინგსტინმა თავისი ავტობიოგრაფიის, "Born to run"-ის, წერაში შვიდი წელი გაატარა, რისთვისაც გამომცემლობა "Simon & Schuster"-ისგან 10 მილიონი დოლარის ოდენობის ავანსი მიიღო. წიგნმა მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც ლიტერატურული ხარისხის, ისე როკვარსკვლავის ცხოვრების, კარიერისა და დეპრესიასთან ბრძოლის გულწრფელი ასახვისთვის და კომერციულ წარმატებად იქცა.

ტომ კლენსი - $14,000,000

წიგნი: "სინანულის გარეშე"

მიუხედავად იმისა, რომ მემუარები ხშირად ყველაზე მაღალი ავანსების კატეგორიაში დომინირებენ, ბესტსელერი მხატვრული ლიტერატურის ავტორებიც ზოგჯერ ანალოგიურ თანხებს იღებენ. 1990-იანი წლების დასაწყისში ტექნო-თრილერების ლეგენდარულმა ავტორმა ტომ კლენსიმ 14 მილიონი დოლარის ავანსი მიიღო თავისი რომანისთვის "სინანულის გარეშე", რაც მისი ჯეკ რაიანის სამყაროს უზარმაზარ კომერციულ ძალას ასახავს.

ჰილარი კლინტონი - $14,000,000

წიგნი: "რთული არჩევანი"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ, ჰილარი კლინტონმა გამომცემლობა "Simon & Schuster"-ისგან 14 მილიონ დოლარამდე ავანსი მიიღო წიგნისთვის: "რთული არჩევანი". ამას წინ უძღოდა მისი წინა წარმატებული მემუარები "ცოცხალი ისტორია" (2003), რისთვისაც მან ასევე მიიღო 8 მილიონი დოლარის ავანსი, რითაც პოლიტიკურ საგამომცემლო სექტორში საკუთარი სტატუსი განამტკიცა.

ბრიტნი სპირსი - $15,000,000

წიგნი: "ქალი ჩემში"

პოპვარსკვლავმა ბრიტნი სპირსმა "Gallery Books"-თან (Simon & Schuster-ის იმპრინტი) ხელი მოაწერა 15 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტს თავისი 2023 წლის მემუარებისთვის: "ქალი ჩემში". მისი 13-წლიანი მეურვეობის ხმაურიანი დასრულების შემდეგ, მემუარებში დეტალურად იყო აღწერილი მისი გზა დიდებისკენ, პირადი სირთულეები და ბრძოლა ავტონომიისთვის, რამაც ფართო კრიტიკული აღიარება და მაღალი გაყიდვები მოიპოვა.

ბილ კლინტონი - $15,000,000

წიგნი: "ჩემი ცხოვრება"

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის საპრეზიდენტო მემუარებმა: "ჩემი ცხოვრება" - გამომცემლობა "Knopf"-ისგან 15 მილიონი დოლარის ოდენობის ავანსი მოიპოვა. 2004 წელს წიგნის გამოცემის მომენტში ამ გარიგებამ რეკორდი დაამყარა პოლიტიკური მემუარების სფეროში. წიგნი მილიონობით ეგზემპლარად გაიყიდა დაპოსტ-საპრეზიდენტო საგამომცემლო გარიგებებისთვის თანამედროვე ეტალონად იქცა.

პრინცი ჰარი - $20,000,000

წიგნი: "სათადარიგო"

პრინცმა ჰარიმ 20 მილიონი დოლარის ოდენობის ავანსი მიიღო თავისი გულახდილი მემუარებისთვის: "სათადარიგო". გამომცემლობა "Penguin Random House"-ის მიერ გამოცემულმა წიგნმა მკითხველს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უპრეცედენტო შიდა სამზარეულო გააცნო. მედიის დიდი ინტერესისა და გლობალური გამოხმაურების ფონზე, მემუარებმა დაამყარა რეკორდები, როგორც საგამომცელო ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა დოკუმენტურმა წიგნმა.

ბარაკ და მიშელ ობამა - $60,000,000

წიგნები: "აღთქმული მიწა" და "როგორ გავხდი ის, ვინც ვარ"

2017 წელს გამომცემლობა "Penguin Random House"-მა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და ყოფილი პირველი ლედის მიშელ ობამას მემუარების გამოცემის ერთობლივი უფლება შეიძინა ისტორიული შეთანხმებით, რომელიც 60 მილიონ დოლარად შეფასდა. ამ ხელშეკრულებამ საფუძველი ჩაუყარა მიშელ ობამას წიგნს "როგორ გავხდი ის, ვინც ვარ” - რომელიც მსოფლიოში 15 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა - და ბარაკ ობამას საპრეზიდენტო მემუარებს "აღთქმული მიწა". ორივე წიგნის კომერციულმა წარმატებამ სრულად გაამართლა გამომცემლობის მიერ ჩადებული უპრეცედენტო წინასწარი ინვესტიცია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ამერიკამ სტეიბლკოინ USDC-ის ემიტენტს საბანკო ლიცენზია მიანიჭა

ამერიკამ სტეიბლკოინ USDC-ის ემიტენტს საბანკო ლიცენზია მიანიჭა

BM.GE

რატომ დატოვა OpenAI-ის ბიზნესისა და პროდუქტებისა მიმართულების ხელმძღვანელმა თანამდებობა?

რატომ დატოვა OpenAI-ის ბიზნესისა და პროდუქტებისა მიმართულების ხელმძღვანელმა თანამდებობა?

BM.GE

Meta-მ აგენტური ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი წარადგინა

Meta-მ აგენტური ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი წარადგინა

BM.GE

Volkswagen-ის გლობალური გაყიდვები მეორე კვარტალში 8.6%-ით შემცირდა

Volkswagen-ის გლობალური გაყიდვები მეორე კვარტალში 8.6%-ით შემცირდა

BM.GE