ორიგინალი
ქარიშხალ ისაიასის გამო, მექსიკის ყურის გარშემო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
BM.GE·13:09

ქარიშხალ ისაიასის გამო, მექსიკის ყურის გარშემო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

10 ოქტომბერი, 2026 · 13:09

შაბათს დილით, ალაბამასა და ფლორიდის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქარიშხალი "ისაიასი" აშშ-ის მექსიკის ყურის სანაპიროს სახიფათო ქარიშხლის სახით დაატყდა თავს, რის შემდეგაც ხმელეთის სიღრმეში გადაინაცვლა და გზების დატბორვა გამოიწვია.

სტიქია ხმელეთზე პარასკევს, მე-2 კატეგორიის ქარიშხლის სახით შევიდა, შემდეგ კი სწრაფად დაიძრა ჩრდილოეთით, ალაბამას გავლით, რა დროსაც ქარის სიჩქარემ მკვეთრად იკლო. თუმცა ფლორიდის ზოგიერთ რაიონში კვლავ რჩებოდა სიცოცხლისთვის საშიში შტორმული ტალღების საფრთხე, შაბათ-კვირას კი სამხრეთ-აღმოსავლეთის დიდ ნაწილში გადაუღებელი წვიმები და წყალდიდობებია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსები ასევე აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ამინდმა შესაძლოა ტორნადოები გამოიწვიოს ფლორიდის ჩრდილო-დასავლეთში, ასევე ჯორჯიისა და კაროლინების შტატებში.

"ქარიშხალი უკვე აქ არის. ახლა გამაგრების დროა. გზებზე ნუ გამოხვალთ", - განაცხადა ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დესტინში გზები დაიტბორა, მეზობელ პენსაკოლაში კი პოლიციამ მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლისგან თავის შეკავება ურჩია ნამსხვრევებისა და დაბრკოლებების გამო. ზარალის ზუსტი მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივებმა ინტერნეტში წაქცეული ხეებისა და დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების ფოტოები გაავრცელეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ახადა ქარმა სახურავი პენსაკოლაში მდებარე სასტუმროს.

სახიფათო პირობების გამო, ფლორიდის რამდენიმე ოლქში პარასკევს ღამით საგანგებო სამსახურების მუშაობა დროებით შეჩერდა.

დაიტბორა ალაბამას სამხრეთი ნაწილიც. ქალაქ მობილში ოფიციალურმა პირებმა წაქცეული ხეებისა და გაწყვეტილი ელექტროხაზების შესახებ განაცხადეს. ჰიუსტონის ოლქში, რომელიც შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს, გზები გადაიკეტა.

პორტალ "poweroutage.com"-ის მონაცემებით, შაბათს დილით ფლორიდასა და ალაბამაში 726 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.

მიუხედავად შესუსტებისა, სტიქიის სიღრმეში გადაადგილებასთან ერთად ძლიერი წვიმაა ნავარაუდევი: შაბათ-კვირის განმავლობაში სამხრეთ ალაბამაში, ფლორიდასა და სამხრეთ-დასავლეთ ჯორჯიაში 10-დან 20 სანტიმეტრამდე ან მეტი ნალექია მოსალოდნელი.

"ისაიასი" არის პირველი ქარიშხალი, რომელმაც აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილს დაარტყა მას შემდეგ, რაც 2024 წელს ფლორიდის სანაპირო ქარიშხალმა "მილტონმა" გაანადგურა. მოსალოდნელია, რომ ის უხვ ნალექსა და შესაძლო წყალდიდობებს მოიტანს სამხრეთ-აღმოსავლეთში, ორშაბათისთვის კი შუა დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონებში გადაინაცვლებს.

სტიქიამ პარასკევს რამდენიმე აეროპორტში ფრენების უმეტესობა შეაჩერა, მათ შორის ყველა რეისი გაუქმდა დესტინ-ფორტ-უოლტონ-ბიჩის აეროპორტში. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი გააუქმა გეგმა, დასწრებოდა შაბათის საფეხბურთო მატჩს ტუსკალუსაში ჯორჯიის უნივერსიტეტსა და ალაბამას უნივერსიტეტს შორის. მან განმარტა, რომ არ სურდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამუშაოებისთვის ხელი შეეშალა.

ამავდროულად, წყნარ ოკეანეში ქარიშხალი "საიმონი" მე-4 კატეგორიამდე გაძლიერდა და მექსიკის სანაპიროს უახლოვდება.

ტროპიკული შტორმი "რეიჩელი" კი, სავარაუდოდ, ძლიერ ქარსა და წვიმას მოიტანს ჩრდილოეთ მექსიკასა და სამხრეთ კალიფორნიაში შაბათ-კვირის განმავლობაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქარიშხალ ისაიასის გამო, მექსიკის ყურის გარშემო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·19:52

აშშ-ის სასამართლომ Huawei თაღლითობასა და კომერციული საიდუმლოების მოპარვაში დამნაშავედ ცნო

აშშ-ის სასამართლომ Huawei თაღლითობასა და კომერციული საიდუმლოების მოპარვაში დამნაშავედ ცნო
BM.GE·19:42

ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს

ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს
BM.GE·19:31

გამოუყენებელი მეორადი აპარატურა და შეუსრულებელი სამუშაოები – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა "სამედიცინო ჰოლდინგში"

გამოუყენებელი მეორადი აპარატურა და შეუსრულებელი სამუშაოები – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა "სამედიცინო ჰოლდინგში"
BM.GE·19:22

„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო

„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.