
ქართული ღვინო ProWine Shanghai 2026-ზე – როგორია ექსპორტის მაჩვენებლები ჩინეთში?
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, შანხაიში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე ProWine Shanghai 2026 ქართული ღვინის 19 მწარმოებელი კომპანია წარდგა.
უწყების ინფორმაციით, ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, გამოფენაზე კომპანიებმა საკუთარი პროდუქციის წარდგენისა და პოტენციურ პარტნიორებთან საქმიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა მიიღეს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ქართული ღვინის მიმართ ინტერესის გასაზრდელად, ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Meiburg Wine Media-ის ორგანიზებით, დეგუსტაციებიც გაიმართა. სტუმრები გაეცნენ ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციას, მის ისტორიას, კულტურასა და ტექნოლოგიას.
ProWine Shanghai ღვინის ინდუსტრიის ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად 100 ათასამდე ვიზიტორს მასპინძლობს. ღონისძიება მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, შეხვდნენ იმპორტიორებს, მოიძიონ ახალი პარტნიორები და ჩინეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობები გააფართოონ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად რჩება. ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ქვეყანაში მარკეტინგული კამპანია 2013 წლიდან მიმდინარეობს.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ჩინეთში 2.22 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა, რომლის საექსპორტო ღირებულებამ 6.49 მლნ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ჩინეთში 2.18 მლნ ლიტრი ღვინო იყო ექსპორტირებული, ჯამში 6.93 მლნ დოლარის ღირებულებით. ამრიგად, მიმდინარე წლის 9 თვეში ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი რაოდენობრივად 1.9%-ით გაიზარდა, ღირებულებით კი 6.3%-ით შემცირდა. აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 43.2 ათასი ლიტრით გაიზარდა, საექსპორტო შემოსავალი კი 443.8 ათასი დოლარით შემცირდა.
BM.GE
წყარო: bm.ge