
მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან გიორგი ზურაბაშვილის თანამოსაუბრე მიხეილ გალუზინი იქნება|რუსეთის საგარეო
მოსკოვმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის ახალ სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი დაამყარა. ამის შესახებ on.ge რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
გიორგი ზურაბაშვილის რუსი ვიზავი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის მხრიდან გიორგი ზურაბაშვილის თანამოსაუბრე მიხეილ გალუზინი იქნება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცემა "იზვესტიას" განუცხადეს.
"გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი დამყარებულია. მისი რუსი ვიზავი განსაზღვრულია - ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი, რომელიც სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს. რუსეთი უცვლელად ემხრობა საქართველოსთან პრაგმატული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას", - განაცხადეს უწყებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაამატეს, რომ მოლაპარაკებების მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ ვაჭრობის გაფართოებაზე, ტურიზმის, სატრანსპორტო კავშირებისა და კულტურული გაცვლის განვითარებაზე. უწყებაში ახალი ფორმატი 2012 წელს დაწყებული და თითქმის ათი წლის განმავლობაში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგის ფაქტობრივ განახლებად შეაფასეს.
საქართველოს ხელისუფლებამ ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ოქტომბრის ბოლოს დანიშნა.
ნოემბრის დასაწყისში საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზურაბაშვილის დანიშვნას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ თბილისი რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში საკომუნიკაციო არხების გაძლიერებას აპირებს. ამასთან, კობახიძემ მანამდე აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ხელს უშლის რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
BM.GE
წყარო: bm.ge