
ქობულეთში ახალი სტადიონის მშენებლობისთვის ₾5-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
ქობულეთში ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება. პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 5.03 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის მიხედვით, პროექტი ქობულეთში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. სტადიონი ხელოვნურსაფარიანი იქნება და 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას მოიცავს.
პროექტის ფარგლებში ასევე უნდა მოეწყოს სპორტსმენებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, მათ შორის გასახდელები, სველი წერტილები, დაცვის ჯიხური და სხვა დამხმარე სივრცეები.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5,036,942 ლარია. ტენდერი 7 აგვისტოს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 26 აგვისტოს დაიწყება და 31 აგვისტოს 15:00 საათზე დასრულდება.
გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების დასასრულებლად 10 კალენდარული თვე ექნება. ობიექტზე შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ორი წლით განისაზღვრება.
ტენდერის პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მიწოდებული ტიპური პროექტის საფუძველზე ქობულეთის კონკრეტულ ტერიტორიაზე მორგებული საპროექტო დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა უნდა მოამზადოს. კომპანიას ასევე დაეკისრება პროექტის ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მოპოვების ვალდებულება.
მონაწილე კომპანიას ბოლო წლების განმავლობაში შესაბამისი სამშენებლო გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს. კერძოდ, 2021 წლის 1 იანვრიდან ტენდერისთვის წინადადებების მიღების დასრულებამდე პერიოდში მას არაუმეტეს ერთი დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში მინიმუმ 4.03 მილიონი ლარის ღირებულების შენობის ან ნაგებობის მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა ჰქონდეს შესრულებული.
მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, ქობულეთის პროექტი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი თანამედროვე ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობის უფრო ფართო პროგრამის ნაწილია. ფონდის შეფასებით, პროექტების მიზანი ახალგაზრდებისთვის სპორტული შესაძლებლობების განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
BM.GE
წყარო: bm.ge