
რა ასაკში ყიდულობენ ევროპელები პირველ სახლს?
2025 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ოჯახების უმეტესობა (68.5%) საკუთარ სახლში ცხოვრობს, თუმცა ეს მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან განსხვავდება - მაგალითად, გერმანიაში მხოლოდ 47.2%-ს აქვს საკუთარი სახლი, ხოლო სლოვაკეთში - 93.8%-ს.
საინტერესოა, რომელ ასაკში ახერხებენ ევროპელები პირველი სახლის ყიდვას და რა უშლით ან უწყობთ ხელს ამაში?
RE/MAX European Housing Trend Report 2025-ის 23 ევროპული ქვეყნის გამოკითხვის თანახმად, ევროპაში პირველი სახლის მყიდველის საშუალო ასაკი 31.3 წელია. ყველაზე ახალგაზრდები (28 წლისები) მალტელები არიან, ხოლო ყველაზე გვიან (თითქმის 35 წლის ასაკში) სახლს შვეიცარიელები და ბერძნები ყიდულობენ.
ექსპერტების თქმით, სახლის ყიდვის ასაკზე მხოლოდ ფული არ მოქმედებს. ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის დახმარება და ისიც, თუ რამდენად არის მიღებული ქვეყანაში სახლის ქირაობა.
ბრიტანელები სახლს გერმანელებზე 5 წლით ადრე ყიდულობენ
დიდ ეკონომიკებს შორის ბრიტანეთი ლიდერობს - აქ ხალხი სახლს საშუალოდ 28.4 წლის ასაკში ყიდულობს. რატომ? იმიტომ, რომ ახალგაზრდების ნახევარზე მეტს ოჯახი ფინანსურად ეხმარება - ფულს ჩუქნის ან მემკვიდრეობას უტოვებს.
გერმანიაში კი საშუალო ასაკი 33.6 წელია. გერმანელები არ ჩქარობენ სახლის ყიდვას, რადგან იქ ქირაობა ძალიან ჩვეულებრივი და დაცული პროცესია. ახალგაზრდების 69% ქირით ცხოვრობს, მაშინ როცა ევროპის სხვა ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 38%-ია.
რატომ აგვიანებენ იტალიელები და ესპანელები?
ესპანეთსა და იტალიაში ახალგაზრდები ხშირად 26 წლამდე მშობლებთან ცხოვრობენ (რაც ევროპულ საშუალოზე 3 წლით მეტია). მართალია, ეს მათ ფულის შეგროვებაში ეხმარება, მაგრამ საბოლოო ჯამში, საკუთარი სახლის ყიდვას მაინც აგვიანებს.
საფრანგეთში ახალგაზრდები სახლიდან ადრე (23 წლისები) მიდიან, მაგრამ მშობლები მათ სახლის ყიდვაში იშვიათად ეხმარებიან (მხოლოდ 33%-ს, ევროპის საშუალო 48%-იან მაჩვენებელთან შედარებით), ამიტომ მათაც უჭირთ უძრავი ქონების ბაზარზე ფეხის მოკიდება.
რა ასაკში ყიდულობენ ევროპელები პირველ სახლს? - 23 ქვეყნის მონაცემები
• შვეიცარია - 34.7 • საბერძნეთი - 34.7 • თურქეთი - 34.1 • გერმანია - 33.6 • ჩეხეთი - 33.2 • იტალია - 32.8 • პოლონეთი - 32.7 • ბულგარეთი - 32.5 • საფრანგეთი - 32.5 • სლოვენია - 32.2 • ხორვატია - 32.1 • საშუალო - 31.3 • ესპანეთი - 30.9 • ირლანდია - 30.8 • ლიეტუვა - 30.6 • რუმინეთი - 30.5 • ფინეთი - 29.9 • პორტუგალია - 29.8 • ავსტრია - 29.1 • ნიდერლანდები - 28.8 • უნგრეთი - 28.5 • ლუქსემბურგი - 28.4 • დიდი ბრიტანეთი - 28.4 • მალტა - 28.0
BM.GE
წყარო: bm.ge