მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა გავლენა აქვს დაუსრულებელ საგზაო პროექტებს ქვეყნის ეკონომიკაზე? | TCRC-ის 5 ასპექტი
რა გავლენა აქვს დაუსრულებელ საგზაო პროექტებს ქვეყნის ეკონომიკაზე? | TCRC-ის 5 ასპექტი

რა გავლენა აქვს დაუსრულებელ საგზაო პროექტებს ქვეყნის ეკონომიკაზე? | TCRC-ის 5 ასპექტი

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 22:57|bm.ge

დაუსრულებელი საგზაო პროექტების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე - ამ სათაურით ვრცელ ანალიზს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აქვეყნებს, სადაც მიმოხილულია როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის პროექტის გამოწვევები, ისე მენეჯმენტსა და შესრულებაში არსებული სირთულეები და სისუსტეები. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი ჩამორჩება მაგალითისთვის აზერბაიჯანსა და თურქმენეთში პროექტების შესრულების ტემპს და აღნიშნავენ, რომ 20-წლიანი მოდერნიზაციის შემდეგაც სატრანზიტო დერეფნის დაუსრულებლობა სახელმწიფოს არათანმიმდევრულობით არის განპირობებული.

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის გაჭიანურება, მათი შეფასებით, 5 მთავარი ასპექტზე ახდენს გავლენას. ესენია: ქვეყნის მდგრადი განვითარების სინქრონიზაციის დარღვევა; დონორი ორგანიზაციების მხრიდან შემდგომი პროექტების დაფინანსების სტრატეგიის ცვლილება; ქვეყნის სამრეწველო სიმძლავრეების განვითარების შეფერხება; სამშენებლო ღირებულების ზრდა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება.

BM.GE სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ანალიზს სრულად გთავაზობთ:

"სადღეისოდ, საქართველოს აღმოსავლეთ - დასავლეთის დერეფნის განვითარება ხასიათდება არა მხოლოდ მშენებლობის დაბალი საშუალო ტემპით, არამედ „ვიწრო ადგილების“ პერმანენტული და ხანგრძლივი არსებობით, რაც განსაკუთრებით პრობლემურია საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნისთვის - რადგანაც დაუმთავრებელი ან დაბალი გამტარუნარიანობის მონაკვეთები ამცირებენ მთლიან მარშრუტზე გადაადგილების სიჩქარეს, ზრდიან სატვირთო გადაზიდვების საოპერაციო ხარჯებს და გაურკვეველს ხდის სატრანზიტო დროის პროგნოზირებადობას.

იკვეთება დასკვნა, რომ 2006 - 2026 წლებში მიმდინარე E60 / E70 საერთაშორისო მარშრუტის მშენებლობამ საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, თუმცა თითქმის 20-წლიანი მოდერნიზაციის შემდეგაც სატრანზიტო დერეფნის სრულად და უწყვეტად ფუნქციონირება ჯერ კიდევ დაუსრულებულ და გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა.

2026 წლის სექტემბრის მონაცემებით, E60 / E70 ქსელების საერთო სიგრძე საქართველოში 428.35 კმ-ია, საიდანაც 324.75 (75.8%) კმ უკვე გახსნილია მოძრაობისთვის და ექსპლუატაციაშია შეყვანილი. ავტომაგისტრალის სრული დასრულების ოფიციალურ ვადად 2032 წელი სახელდება.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთ - დასავლეთის E60 / E70 ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ტემპი განვლილ წლებში სხვადასხვა დინამიკით ხასიათდებოდა:

2007 – 2012 წწ. აშენდა 68.15 კმ, საშუალოდ წელიწადში 11.4 კმ;

2013 – 2020 წწ. აშენდა 198 კმ, საშუალოდ წელიწადში 24.8 კმ;

2021 – 2026 წწ. აშენდა 58.6 კმ, საშუალოდ წელიწადში 11.72 კმ;

2006 - 2026 წწ. მშენებლობის საშუალო წლიური ტემპი - 16.2 კმ შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ექვსი წლის ტემპი ორჯერ ნაკლებია 2013 - 2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე.

შედარებისათვის, მეზობელ აზერბაიჯანში, სადაც 503 კმ E60 მაგისტრალის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდა, საქართველოსთან შედარებით 40%-ით უფრო სწრაფად საშუალოდ, წლიურად 22.9 კმ შენდებოდა.

E60 მაგისტრალის მშენებლობის 3-ჯერ უფრო მაღალი ტემპი ფიქსირდება თურქმენეთში, სადაც საშუალოდ წლიურად 50 კმ სიგრძის 8 -ზოლიან 32 მ სიგანის მაგისტრალს აშენებენ.

20-წლიანი მოდერნიზაციის შემდეგაც სატრანზიტო დერეფნის დაუსრულებლობა განპირობებულია, სახელმწიფოს მხრიდან არათანმიმდევრულობით, რაც საბოლოოდ ერთიანი მაგისტრალის პროექტის განხორციელებაში სინქრონიზაციის დარღვევას იწვევს, ეს ყოველივე გამოიხატება იმაში, რომ მინისტრთა ერთი კაბინეტის მეორე კაბინეტით ჩანაცვლების შედეგად, წინა კაბინეტის მიერ დაანონსებული პროექტების განხორციელების ვადებზე მიღებული გადაწყვეტილებები, ხშირ შემთხვევებში, უგულებელყოფილი და დარღვეული იყო, რაც უარყოფითად აისახებოდა - ქვეყნის მდგრად განვითარებაზე.

• რა განაპირობებს მაგისტრალის პროექტის მშენებლობის გაჭიანურებას?

ამ ყოველივეს თავის მიზეზები გააჩნია - პირველ რიგში, ქვეყნის რთული რელიეფი, განსაკუთრებით რიკოთის მონაკვეთზე, დიდი რაოდენობით ხელოვნური ნაგებობები - ხიდები და გვირაბები, კონტრაქტების შეუსრულებლობა და გადავადებები, მიწის გამოსყიდვის და განსახლების საკითხები, დაფინანსებისა და სატენდერო პირობებში ეტაპობრივი ცვლილებები, ცალკეული კონტრაქტორების მხრიდან შესრულების პრობლემები, გზის მშენებლობის პარალელურად არსებული გზით სატრანსპორტო მოძრაობის შენარჩუნების აუცილებლობა, არაკომპეტენტური ან ფინანსურად სუსტი კონტრაქტორები, დაბალი ფასის დემპინგი - კომპანიები ტენდერის მოსაგებად არარეალურად დაბალ ფასს აფიქსირებენ, შემდეგ კი თანხა აღარ ჰყოფნიდათ - ამ ყოველივეს ემატება სახელმწიფოს მხრიდან სუსტი მენეჯმენტი და ქვეკონტრაქტორებთან კორუფციული გარიგებები.

• ავტომაგისტრალის სამი „კრიტიკული კვანძი“, რაც პროექტის განხორციელებას აფერხებს

გაჭიანურებული მშენებლობის პირობებში გამოსაყოფია ის მონაკვეთები და გასაანალიზირებელია მიზეზები, თუ რომელ მონაკვეთებზე დაიკარგა ყველაზე მეტი დრო და როგორ აისახა ეს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე.

გაჭიანურების თვალსაზრისით, ყველაზე მკაფიოდ სამი „კრიტიკული კვანძი“ იკვეთება:

სამტრედია - გრიგოლეთი, გრიგოლეთი - ქობულეთი და რიკოთის რთული მონაკვეთი, ამასთან, მეოთხე ბათუმი - სარფის მშენებლობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

ამას ემატება რუსთავი - წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც ფაქტობრივად ჯერ არ არის აქტიური სამშენებლო ფაზაში შესული - პროექტი კვლავ ტენდერის/შესყიდვის ეტაპზეა.

ცალკე გამოსაყოფია სამტრედია - გრიგოლეთის მონაკვეთი, სადაც აშკარად ყველაზე ხანგრძლივი შეფერხება ფიქსირდება. პროექტი 2014 წელს დაიწყო და 2016 წელს უნდა დასრულებულიყო - კონტრაქტორების პრობლემებმა, კონტრაქტების შეწყვეტამ, ხელახალმა ტენდერებმა და ტექნიკურმა პრობლემებმა პროექტი 11 წლით გადაავადა და დღესაც დაუსრულებელია.

ასეთ პირობებში, მაგისტრალის უწყვეტი ფუნქციონირების მიმართ ასეთი მიდგომა ვერ ჩაითვლება, მხოლოდ „მშენებლობის შეფერხებად“, საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნისთვის ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი დასავლეთ საქართველოს მონაკვეთი წლების განმავლობაში ვერ მუშაობდა სრულფასოვან ოთხზოლიან რეჟიმში.

• რა გავლენა იქონია დაუსრულებელმა, მრავალჯერ გადავადებულმა ინფრასტრუქტურულმა საგზაო პროექტებმა ქვეყნის ეკონომიკაზე?

რამდენიმე ასპექტი იკვეთება:

ქვეყნის მდგრადი განვითარების სინქრონიზაციის დარღვევა – ამა თუ იმ მინისტრთა კაბინეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების დასრულების დაანონსებულ ვადებში – ნათლად ჩანს, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, რაც საბოლოოდ იწვევდა ერთიანი მაგისტრალის პროექტის განხორციელებაში სინქრონიზაციის დარღვევას, რაც გამოიხატება იმაში, რომ მინისტრთა ერთი კაბინეტის მეორე კაბინეტით ჩანაცვლების შედეგად, წინა კაბინეტის მიერ დაანონსებული პროექტების განხორციელების ვადებზე მიღებული გადაწყვეტილებები, ხშირ შემთხვევებში, უგულებელყოფილი და დარღვეული იყო, რაც უარყოფითად აისახებოდა - ქვეყნის მდგრად განვითარებაზე.

დონორი ორგანიზაციების მხრიდან შემდგომი პროექტების დაფინანსების სტრატეგიის ცვლილება - თანხების დაბალი ათვისების გამო, დროში გაწელილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები დონორების მხრიდან იწვევდა - სესხის პროცენტის გაზრდას და ქვეყნისთვის გამოყოფილი სხვა პროექტებისათვის დაფინანსების მოცულობის ეტაპობრივად შემცირებას.

ქვეყნის სამრეწველო სიმძლავრეების განვითარების შეფერხება - დაუსრულებელი და დროში გაჭიანურებული საგზაო პროექტები მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ამყოფებდა ადგილობრივ და უცხოურ ინვესტორებს, რომლებიც სათანადო საავტომობილო გზების არ ქონის და, შედეგად, ინვესტიციების დაბალი ფინანსური უკუგების გამო, თავს იკავებენ საგზაო ინფრასტრუქტურის მომიჯნავედ, სამრეწველო და ლოგისტიკური სასაწყობე / სამაცივრე საწარმოების განსავითარებაზე.

სამშენებლო ღირებულების ზრდა – დროში გადავადებული სამშენებლო პროექტები იწვევდა მშენებლობის ღირებულების ზრდას. ასე მაგალითად 2018 წელს პრემიერ გ. კვირიკაშვილის მიერ დაანონსებული, კახეთის რეგიონში გზების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება ერთ მილიარდ ლარს შეადგენდა, სადღეისოდ მრავალჯერ გადავადების შედეგად, იმავე კახეთის გზების რეაბილიტაციისათვის თითქმის სამჯერ მეტი თანხაა აუცილებელი.

ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება - ემპირიული გათვლებით, დაანონსებული და გაჭიანურებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის ყოველწლიური ეკონომიკური ზრდის ტემპს 0.8 - 1.0 %-მდე ანელებდა".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მკვლევრების თქმით ტუტანხამონის სამარხის მიღმა შესაძლოა ნეფერტიტის საფლავი იმალებოდეს

მკვლევრების თქმით ტუტანხამონის სამარხის მიღმა შესაძლოა ნეფერტიტის საფლავი იმალებოდეს

BM.GE

8 თვეში დაცულ ტერიტორიებს 900 ათასამდე ვიზიტორი ეწვია, მათგან 500 ათასზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორია - სამინისტრო

8 თვეში დაცულ ტერიტორიებს 900 ათასამდე ვიზიტორი ეწვია, მათგან 500 ათასზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორია - სამინისტრო

BM.GE

საქართველოში ფრინველის გრიპის გავრცელების შეტყობინება არ შესულა - სურსათის სააგენტო

საქართველოში ფრინველის გრიპის გავრცელების შეტყობინება არ შესულა - სურსათის სააგენტო

BM.GE

მერია თბილისი-რუსთავის მაგისტრალთან 121,000 კვადრატულ მეტრს ₾22.1 მილიონად ყიდის

მერია თბილისი-რუსთავის მაგისტრალთან 121,000 კვადრატულ მეტრს ₾22.1 მილიონად ყიდის

BM.GE