
რა ქონებით წავიდა თანამდებობიდან დანიშვნიდან 5 თვის შემდეგ საგამოძიებო სამსახურის უფროსი?
შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად ლევან ხარაბაძე 2026 წლის 1 მაისს დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან მიხეილ მაღლაკელიძე შეცვალა, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა.
ლევან ხარაბაძეს საგამოძიებო სამსახურის უფროსად დანიშვნამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მანამდე ის ქვემო ქართლში, მანამდე კი შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული იყო.
უფრო ადრე ხარაბაძე გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორის, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობდა. ასევე, სხვადასხვა თანამდებობა ეკავა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში.
ლევან ხარაბაძის მიერ 2026 წლის 29 მაისს ჩაბარებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, მის ოჯახს თბილისში, ლვოვის ქუჩაზე 384 კვ.მ მიწის ნაკვეთი აქვს. ქონების 50%-ს მისი მეუღლე ქეთევან ოქროპირიძე ფლობს, ხოლო თანამესაკუთრე ცირა ოქროპირიძეა. აღნიშნული ქონება ქეთევან ოქროპირიძემ 2024 წლის 4 სექტემბერს მემკვიდრეობით მიიღო.
ქეთევან ოქროპირიძის საკუთრებაშია ასევე თბილისში, მარიჯანის ქუჩაზე მდებარე ორი ბინა - ერთი 62.7 კვ.მ ფართობის, მეორე კი 64.2 კვ.მ ფართობის. ორივე ბინა 2022 წლის 25 ოქტომბერს არის შეძენილი. პირველში გადახდილია $44,000, მეორეში კი $45,000.
თავად ლევან ხარაბაძე ფლობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხათწყაროში ორ მიწის ნაკვეთს. ერთი ნაკვეთის ფართობი 599 კვ.მ-ია და ის 2019 წლის 25 დეკემბერს აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით არის მიღებული. მეორე, 600 კვ.მ ფართობის ნაკვეთი, ხარაბაძემ 2018 წლის 16 ივლისს 1,000 ლარად შეიძინა. ამ ნაკვეთზე მითითებულია 316.41 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობა, რომელიც დეკლარაციის შევსების დროს მშენებარე იყო.
მოძრავი ქონებიდან დეკლარაციაში მხოლოდ მისი მეუღლის, ქეთევან ოქროპირიძის ავტომობილია მითითებული. საუბარია 2016 წელს გამოშვებულ Chevrolet Cruze-ზე, რომელიც 2023 წლის 30 ოქტომბერს 25,000 ლარად შეიძინა.
საბანკო ანგარიშებზე ლევან ხარაბაძეს დეკლარაციის შევსებისას „ტერა ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 9,847 ლარი და $14.47 ჰქონდა. მის სხვა მიმდინარე ანგარიშებზე თანხა ნულოვანი იყო. ქეთევან ოქროპირიძის „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 1,043.54 ლარი და $127.69 ირიცხებოდა, ხოლო „თიბისი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 432.01 ევრო ჰქონდა.
2025 წლის განმავლობაში ლევან ხარაბაძემ შემოსავალი რამდენიმე სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობიდან მიიღო. დეკლარაციის მიხედვით, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე 1 იანვრიდან 6 მაისამდე მან 29,384.17 ლარი მიიღო. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე, 6 მაისიდან 4 სექტემბრამდე, მისი შემოსავალი 27,553.52 ლარი იყო, ხოლო სუსის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, 4 სექტემბრიდან წლის ბოლომდე, 55,298.46 ლარი მიიღო.
მისი მეუღლე ქეთევან ოქროპირიძე 2025 წლის 17 თებერვლამდე შპს „ჯეოჰოსპიტალსში“ საოპერაციო სამსახურის მენეჯერად მუშაობდა და ამ პერიოდში 2,442.15 ლარი მიიღო. 17 თებერვლიდან წლის ბოლომდე კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა, საიდანაც 27,365.74 ლარის შემოსავალი ჰქონდა.
დეკლარაციაში ასევე ასახულია ლევან ხარაბაძის ფინანსური ვალდებულებები. მას „ტერა ბანკის“ მიმართ 165,000-ლარიანი იპოთეკური სესხი აქვს, რომლის ხელშეკრულებაც 2019 წელს გაფორმდა და 2035 წლის იანვრამდე მოქმედებს. 2025 წლის განმავლობაში ამ სესხზე გასავალი 21,946.8 ლარი იყო.
გარდა ამისა, ხარაბაძეს აქვს 25,278.3-ლარიანი სამომხმარებლო სესხი, რომელზეც 2025 წელს 5,978.31 ლარის გასავალი ჰქონდა. 2025 წლის ნოემბერში მან კიდევ ერთი, 60,000-ლარიანი სამომხმარებლო სესხი აიღო, რომლის ფარგლებშიც დეკლარაციაში 2,095.03 ლარის გასავალია ასახული.
ამასთან, ლევან ხარაბაძეს 2025 წლის 5 ნოემბერს ბათუმში ბინის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ხელშეკრულების ღირებულება $36,540-ია, ხოლო 2025 წელს ამ ხელშეკრულებით 27,000 ლარის გასავალი ჰქონდა.
დეკლარაციაში ასევე მითითებულია 10,724 ლარის ოდენობის საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა, როგორც 2025 წლის გასავალი.
BM.GE
წყარო: bm.ge