მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა რისკებს შეიცავს ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის წესში დაგეგმილი ცვლილებები - შეფასება
რა რისკებს შეიცავს ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის წესში დაგეგმილი ცვლილებები - შეფასება

რა რისკებს შეიცავს ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის წესში დაგეგმილი ცვლილებები - შეფასება

BM.GE14 მაისი, 2026, 00:00|bm.ge

გარემოს დაცვის სპეციალისტების ნაწილი ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის წესში დაგეგმილ ცვლილებაში გარკვეულ რისკებს ხედავს.

საქმე ისაა, რომ „ტყის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იცვლება ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის წესი. კერძოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებებით, თუ დღეისთვის, ტყეების ჭრაზე ცხადდება ტენდერი, მოჭრილი ხე-ტყე საწყობდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადის აუქციონზე, ცვლილებების შემდეგ ტყის მართვის ორგანო ხე-ტყის დამზადების უფლებას პირდაპირ აუქციონზე გაიტანს, რომელშიც გამარჯვებული კომპანია თავად მოჭრის და გაყიდის ხე-ტყეს.

როგორც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ხათუნა გოგალაძე BMG-სთან აცხადებს, ჩნდება კითხვა, რატომ გახდა საჭირო ამ ფუნქციის კერძო სექტორზე გადატანა და რამდენად კეთილსინდისიერად უზრუნველყოფს ამ საქმიანობას ბიზნესი.

მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამგვარი ცვლილებებით უწყებას გარკვეული პასუხისმგებლობების და ფუნქციების კერძო სექტორზე გადატანა სურს.

“რაც შეეხება ხე-ტყის რეალიზებას და აუქციონის წესის შემოღებას, მე პირადად კითხვები მაქვს და განმარტებით ბარათშიც ვერ ვნახე საკმარისი ინფორმაცია, რატომ გახდა საჭირო ეს ცვლილება და რატომ არის უკეთესი. არსებული წესის თანახმად, გამოიყოფა ტყეკაფი და ამ სერვისზე ცხადდება ტენდერი. მონიშნულია იქ ხეები, რაც უნდა მოიჭრას, ვინც ტენდერში გაიმარჯვებდა, იმ კომპანიას გამოჰქონდა ეს მოჭრილი ხე და ასაწყობებდნენ სატყეო სააგენტოს სარგებლობაში არსებულ ე.წ. საქმიან ეზოებში, რომელიც ასევე ამ ბოლო წლებში შეიქმნა, სწორედ იმ მიზნით, რომ იქ უნდა მოხდეს დასაწყობება. შემდეგ საქმიან ეზოში ხდებოდა ამ ხე-ტყის დახარისხება, რომელია სამასალე, რომელია საშეშე, რაში შეიძლება იყოს გამოყენებული და შემდეგ ხდებოდა უკვე სატყეო სააგენტოს მიერ აუქციონის წესით ამ ყველაფრის რეალიზება.

ამ ცვლილებით როგორც მე მივხვდი, ტენდერი აღარ გამოცხადდება ამ გამოყოფილ ტყეკაფზე, პირდაპირ აუქციონის წესით გაიცემა ეს ტყეკაფი და აუქციონში გამარჯვებულს მიეცემა უფლება რომ მოჭრას. ანუ სამინისტრო კი აღარ გადაუხდის ამ სერვისში ფულს [კომპანიას], პირიქით, სამინისტრო მიიღებს ფულს. მან [კომპანიამ] რომ მოჭრას, გაიტანოს და თვითონვე გააკეთოს რეალიზება. მიჩნდება კითხვა, რისთვის იყო ეს საკანონმდებლო ცვლილება? რა გააუმჯობესებს ტყისთვის, სატყეო სააგენტოსთვის, რას გააუმჯობესებს მოსახლეობისთვის და ამის შესახებ არაფერი არ წერია განმარტებით ბარათში. ამიტომ მგონია, რომ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობების კიდევ უფრო გადაცემა [კერძო სექტორზე], გაშვება, ცოტა თავიდან მოშორება.

რისკს ვხედავ იმას, რომ პირობითად თუ ადრე, როდესაც მეწარმე იღებდა თანხას იმაში, რომ შეესრულებინა სახელმწიფოსთვის სერვისი, მოეჭრა, გამოეტანა და დაესაწყობებინა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე საქმიან ეზოებში, ამ სერვისში მან აიღო შესაბამისი ანაზღაურება. რამდენად იქნება იგივე კონტროლი არაკეთილსინდისიერი მეწარმის შემთხვევაში? ერთია, რომ რასაც მოჭრი ეს აუცილებლად სულ უნდა მიიტანო და დაასაწყობო და რაღაც ნაწილს შენ ვერ გაიყოლებ და მეორეა, რომ რასაც მოჭრი, ეს სულ შენ უნდა წაიღო. ხომ არ იქნება სუსტი კონტროლის პირობებში, რომ როგორც ხდებოდა ადრე ლიცენზიანტების პირობებში, რომ იმაზე მეტს ჭრიდნენ იმ ტერიტორიაზე, რაც გამოყოფილი იყო. ჩემი აზრით, კიდევ მეტი კონტროლი იქნება საჭირო სახელმწიფოს მხრიდან ამ შემთხვევაში.

მეორე, როდესაც ხე-ტყის დახარისხება და მისი რეალიზება სახელმწიფოს კი არა მეწარმის ფუნქცია გახდება, რამდენად იქნება მის ინტერესებში რომ მოსახლეობისთვის სამასალე იქნება თუ საშეშე მერქნით უზრუნველყოფის ნაწილი იყოს დაფარული? ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ კერძო სექტორი ცდილობს, რაც შეიძლება მოგებიანი იყოს მისი საქმიანობა და სახელმწიფო უნდა ცდილობდეს რომ რაც შეიძლება გაზარდოს ადამიანების კეთილდღეობა და ტყეზე ზრუნვა”, - განაცხადა ხათუნა გოგალაძემ.

თავად კანონპროექტის ავტორები კი აღნიშნავენ, რომ ცვლილებების შედეგად გამარტივდება მერქნული რესურსის რეალიზაცია. კერძოდ, შესაძლებელი გახდება ბაზრის დივერსიფიკაცია და ტყის მართვის ორგანოები შეძლებენ უფრო მოქნილი მექანიზმებით მოახდინონ რესურსის რეალიზაცია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნიუ-იორკში ქართული "Toné Cafe" NYT-ის 100 საუკეთესო რესტორანს შორის დასახელდა

ნიუ-იორკში ქართული "Toné Cafe" NYT-ის 100 საუკეთესო რესტორანს შორის დასახელდა

BM.GE

OpenAI-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შევიდა

OpenAI-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შევიდა

BM.GE

Alibaba-ს EBITDA 84%-ით შემცირდა

Alibaba-ს EBITDA 84%-ით შემცირდა

BM.GE

მაინერმა $1.5 მილიარდის ბიტკოინი გაყიდა და სტრატეგიულ პრიორიტეტად AI განსაზღვრა

მაინერმა $1.5 მილიარდის ბიტკოინი გაყიდა და სტრატეგიულ პრიორიტეტად AI განსაზღვრა

BM.GE